„ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლები (გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიური ვებ-რუკა)“
პროექტის დასახელება: „ტაო–კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლები (გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიური ვებ–რუკა)“
დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, საქართველოს ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია; მონაცემთა ბაზები, მონაცემთა ბაზების
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ბუბა კუდავა
პროექტის შემსრულებლები: გოჩა საითიძე ზურა ბატიაშვილი ირმა ბერიძე ნესტან ბაგაური ნიკოლოზ ჟღენტი გიორგი გოცაძე ნათია ხიზანიშვილი
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:
XXI საუკუნე ინფორმაციის საუკუნეა. ინფორმაციული კრიზისის თავიდან აცილების მიზნით საჭირო გახდა მისი რაციონალური გამოყენება, რასაც, შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიები დასჭირდა. კაცობრიობამ ერთ-ერთი გამოსავალი მონაცემთა სივრცითი ანალიზის ტექნოლოგიებში გეოინფორმაციულ სისტემებში გამონახა, რომელიც დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. დღეისათვის ქართულ საისტორიო მეცნიერებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი მეტნაკლები წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ამ მხრივ ჯერ კიდევ ძალზე ბევრი რამ არის გასაკეთებელი. გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (გის) არის კომპიუტერულ რუკებსა და გეომონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული საინფორმაციო სისტემა, რომელიც გამოიყენება სივრცეში განთავსებული მონაცემების შენახვის, მართვისა და ანალიზისათვის (გეომონაცემთა ბაზები ისეთ მონაცემებს აერთიანებს, რომელთაც გეოგრაფიული სივრცე აქვს). გეოინფორმაციულ სისტემებს დიდი ენთუზიაზმით იყენებენ სხვადასხვა დარგის მეცნიერულ კვლევებსა თუ სასწავლო პროცესებში. გის-ის ტექნოლოგიები საისტორიო მეცნიერებაშიც კარგა ხანია გამოიყენება არაერთ ქვეყანაში. რამდენადაც ისტორიული მოვლენა, პროცესი თუ ობიექტი მჭიდრო კავშირშია გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცესთან, ამდენად, მათი ინტეგრირება გეომონაცემთა ბაზებთან სრულიად ლოგიკური მოთხოვნაა თანამედროვე საისტორიო კვლევებში. თუმცა საქართველოში ერთიანი ისტორიული გეოგრაფიის გეომონაცემთა ბაზის შექმნა პრაქტიკულად სიახლეა, როგორც საისტორიო მეცნიერებაში, ისე გეოსაინფორმაციო სისტემებში.
პროექტის მიზანია ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლების (ეკლესია, მონასტერი, ციხე, სასახლე, ქალაქი, ნაქალაქარი, სოფელი, ნასახლარი, ხიდი, ისტორიული ადგილი…) შესახებ ინფორმაცია აღინიშნოს ციფრულ რუკაზე. აღნიშნული მონაცემები გის-ის პროგრამაში მიებმება კონკრეტულ გეოგრაფიულ ობიექტს. ინფორმაცია იქნება ზოგადი ხასიათის, მაგალითად: ძეგლის დასახელება, თარიღი, მდებარეობა, GPS-ის მონაცემები, მდგომარეობა, ფუნქცია, კომპლექსის შემადგენლობა, სტილი, ძეგლთან დაკავშირებული მოვლენები, ისტორიულ-გეოგრაფიული კუთვნილება, შესწავლის ისტორია, წყაროები და ლიტერატურა, აგრეთვე სხვადასხვა სახის დეტალები – ეპიგრაფიკა, მხატვრობა (ინფორმაცია არსებობის შესახებ), ძეგლთან დაკავშირებული სიძველეები (ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები, ხატები, ჯვრები…) და სხვ. ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-კულტურული პუნქტების შესახებ ინფორმაციის გის-ის პროგრამაში დატანა მკვლევრებს საშუალებას მისცემს ოპერატიულად მიიღონ წერილობით წყაროებსა თუ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული ცნობები მათთვის სასურველ საძიებო რეჟიმში. ამა თუ იმ ქვეყანაში გის-ის დანერგვის ერთ-ერთ საწყის ეტაპს ნებისმიერ დარგში უკვე არსებული ტექსტური, ცხრილური, გრაფიკული თუ კარტოგრაფიული მასალის გეომონაცემთა ბაზებში განთავსება წარმოადგენს. ესაა პირველადი ამოცანა, რომელიც ქმნის თემატურ მონაცემთა ბანკებს შემდგომი გამოყენებისათვის. სამწუხაროდ, დღეისათვის ქართულ საისტორიო მეცნიერებაში ამ მიმართულებით თითქმის არაფერია გაკეთებული. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და ტაო-კლარჯეთის მიმართ ინტერესის ზრდის ფონზე, უკვე დიდი ხანია არსებობს ტაო-კლარჯეთის ერთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული გეომონაცემთა ბაზის შექმნის აუცილებლობა.
ტაო-კლარჯეთის რეგიონის ძეგლებისა და პუნქტების შესახებ დიდძალი მასალაა საისტორიო წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში. პროექტის დიდი ნაწილი სწორედ ასეთი მასალების დამუშავებას გულისხმობს. უმეტეს შემთხვევაში პუნქტების ლოკალიზება უკვე მომხდარია, რიგ შემთხვევებში კი ჩატარდება სპეციალური კვლევა წყაროებისა და ლიტერატურის ურთიერშეჯერების საფუძველზე. ისეთ ისტორიულ პუნქტებზე, რომლებიც ჯერ არ არის ლოკალიზებული, ყურადღება გამახვილდება აგრეთვე ექსპედიციებისას.
ამჟამად მიმდინარეობს ბაზაში დამუშავებული და ექსპედციაში მოპოვებული მასალების შეყვანა.
ეტაპის შედეგები
- წყაროების დამუშავება (ფარსადან გორგიჯანიძე, პარიზის ქრონიკა, გეორგიკას (ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ) 8 ტომი, კორიდეთის საბუთები) – ელექტრონული ვერსიის მომზადება;
- ექსპედიციების დღიურების აუდიოფაილების გაშიფრვა (3 ექსპედიციის დღიური) – ელექტრონულივერსიის მოზადება;
- ექსპედიციების შედეგად შესწავლილი ძეგლების კოორდინატების ელექტრონული ცხრილის მომზადება და რუკაზე დატანა.