სამხედრო ისტორიის კვლევითი ჰონორარის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს. პროექტის მიზანი სამხედრო საქმესთან დაკავშირებული თემატიკის კვლევაა, რომელიც საფუძვლიანად დღემდე არ არის გამოკვლეული.

2 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროექტში გამარჯვებული ახალგაზრდა მკვლევარები გამოავლინა. მინდია ჯანელიძემ ლანა გაბრიაძესა და დიმიტრი სილაქაძეს პროექტში გამარჯვება მიულოცა,
შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა და სამხედრო კვლევაში წარმატებები უსურვა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გამარჯვებულებსა და პროექტის დანარჩენ 11 მონაწილეს საჩუქრად გენერალ კვინიტაძის 1917-1921 წლების „ჩემი მოგონებების“ ორტომეულიც გადასცა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა. მან პროექტის მიზანსა და იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულები შეირჩნენ. პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თსუ-ს პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა მიხეილ ბახტაძემ.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოწვეულ სტუმრებს პროექტის გამარჯვებულებმა მათი კვლევის სტრატეგიის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტი ლანა გაბრიაძე შუასაუკუნეების საბრძოლო აღჭურვილობის სამეცნიერო კვლევას 3D ვიზუალიზაციითა და მაკეტირებით გეგმავს. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი დიმიტრი სილაქაძის კვლევა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შესწავლას შეეხება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საარქივო მასალა დაათვალიერა და საქართველოს სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან მასალას გაეცნო. მინდია ჯანელიძემ საცავში მიღებული შთაბეჭდილებები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სტუმართა წიგნში ჩაწერა.