“საქართველო-იტალია კულტურული დიალოგი”

21 ოქტომბერს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხადაჭერით ევროპის სახლში პროექტის „საქართველო–იტალია კულტურული დიალოგი“ პრეზენტაცია გაიმართა.

გამოფენა 21 ოქტომბერს გაიხსნა და 25 ოქტომბერს დაიხურება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „ვითიბი“ ბანკი, „თოდინი“, კომპანია „ვისოლი“, ღვინის კომპანია „ბადაგონი’’, შ.პ.ს. ‘’ბეტა“, „ჯი.ბი. კონსალტინგი’’, “ოვს”, ‘’ფრანკე“.

პროექტის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული იტალიურენოვანი მასალა. წარმოაჩინოს ემიგრანტ მიხეილ თამარაშვილის ისტორია და ის ძალისხმევა, რომელსაც იგი არ იშურებდა იტალიის სხვადასხვა არქივში საქარველოს შესახებ გაფანტული მასალების მოსაძიებლად. განსაკუთრებით საინტერესოა მისი იტალიურენოვანი ეპისტოლარული მემკვიდრეობა – ათას ხუთასამდე წერილი, რომელთა უმეტესობა შეუსწავლელი და უცნობიასაზოგადოებისთვის. წერილები მოიცავს მიმოწერას თამარაშვილსა და ცნობილ კარდინალებს, ეპისკოპოსებს, პროფესორებსა და ფოტოგრაფებს შორის.

პროექტის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ხელნაწერები, ლექსიკონები (ხელნაწერი/ნაბეჭდი) და 1629 წელს დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, რომლითაც იწყება ქართული ნაბეჭდი წიგნის ისტორია. ექსპოზიცია თემატურად გადანაწილდება: თამარაშვილის ცხოვრების ამსახველი მასალა, თამარაშვილის მიმოწერა, მისიონერთა რელაციები, ქრისტეფორე კასტელის კუთხე, იტალიურ-ქართული ხელნაწერები, იტალიურ-ქართული ნაბეჭდი წიგნები და ისტორიული დოკუმენტები.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

ღონისძიების გახსნას დაესწრნენ: საქართველოში იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრები, III საერთაშორისო კონფერენცია “ტაო–კლარჯეთი”–ის უცხოელი მონაწილეები და სხვა საპატიო სტუმრები.