ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისათვის
2014 წლის 17 ოქტომბერს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამოქალაქო და კულტურის განათლების ქვეპროგრამის ფარგლებში გაიხსნა ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისათვის.
ბანაკის სამუშაო პროგრამა მოიცავს ხუთი სასწავლო მოდულის ფარგლებში ლექციებს, ინტერაქტიულ პროგრამებს, ოთხ ‘’ვორქშოპს’’ და (კალიგრაფიის, ქაღალდის შექმნის, რესტავრაციის, საგამოფენო საქმის), აფხაზეთის თემატიკაზე გამოფენის მოწყობას.
ბანაკში მონაწილეობას იღებენ: სსიპ ვ.ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 და სსიპ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ბანაკის პროგრამა ითვალისწინებს „სწავლა კეთებით“ მეთოდის გამოყენებით მოზარდების მიერ აფხაზეთის თემატიკაზე საგამოფენო პროექტის მომზადებას რაც მოიცავს მასალის მოძიებას, მის გადაქცევას ისტორიულ წყაროდ, საარქივო დოკუმენტის ერთეულად, აღრიცხვას, შენახვას, გამოფენის კონცეფციის შემუშავებას, მასალის შერჩევა-დამუშავებას, გამოფენის ინსტალაციასა და ვიზიტორთათვის წარდგენა-ინტერპრეტაციას.
მოსწავლეების მიერ მომზადებული გამოფენა ბანაკის დასასრულს, 26 ოქტომბერს გაიმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.