‘სასწავლო–კვლევითი ჰონორარი ახალგაზრდებისთვის” – პრეზენტაცია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს. მიზანი სამხედრო საქმესთან დაკავშირებული თემატიკის კვლევაა. სხვადასხვა დაწესებულებაში უამრავი საარქივო მასალაა დაცული. თუმცა, სამხედრო თემატიკა საფუძვლიანად დღემდე არ არის გამოკვლეული. საქართველოს სამხედრო ისტორიით დაინტერესებული მაგისტრანტები და დოქტორანტები კვლევის პროცესში თავდაცვის სამინისტროსგან ერთი წლის განმავლობაში ჰონორარს მიიღებენ.

9 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამხედრო ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. „დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. თავდაცვის სამინისტრომ ჰონორარი იმ ახალგაზრდა მკვლევარებისთვის გამოყო, რომლებიც ჩვენი ძალიან მდიდარი წარსულის საბრძოლო გამოცდილებას სრულფასოვნად შეისწავლიან. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ პროცესში და საზოგადოებაში კარგად გახდეს ცნობილი, თუ რამხელა მიღწევები გვქონდა სამხედრო აზროვნებისა და სამხედრო ტაქტიკის განვითარების კუთხით ისტორიული ბრძოლების განმავლობაში შეძენილი. ასევე, მთელი ჩვენი ისტორია იყო თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. დღესაც ჩვენს საზოგადოებაში საბრძოლო სული რომ გამყარდეს, წინააღმდეგობის გაწევის ნება რომ გაიზარდოს – სწორედ ასეთი პროექტები უნდა დაფინანსდეს. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ ერთობლივ პროექტებზე მომავალშიც მუშაობას“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ახალგაზრდა მკვლევარებს პროექტის მიზნები და მიმართულებები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ გააცნო. მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს სიტყვით მიმართა ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ხელოვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები, მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსები, ასევე საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრანტები და დოქტორანტები დაესწრნენ.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი მასალა ინახება: ხელნაწერი წიგნები, საისტორიო დოკუმენტები, სამხედრო ტრაქტატები, მინიატურები, საარქივო მასალა, ფოტოდოკუმენტები. ახალგაზრდა მეცნიერებს ქართული და უცხოური ნარატიული წყაროებით, ხელნაწერი მემკვიდრეობის ნიმუშებით, საარქივო დოკუმენტებით, არქეოლოგიური მასალებით, ფრესკული მხატვრობით, ეპიგრაფიკითა და ჭედურობით ქართული სამხედრო ტერმინოლოგიის, აღჭურვილობის, საბრძოლო წყობისა და მასალების შესწავლის საშუალება აქვთ.