საერთაშორისო საზაფხულო სკოლა “ქართული ხელნაწერი” 16.07.14
2014 წლის 14-23 ივლისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სახელწოდებით „ქართული ხელნაწერი“ ჩატარდა.
სკოლაში მონაწილეობას იღებდა 14 მსმენელი (პოლონეთიდან (2), რუმინეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან (3), ლიტვიდან, ბელგიიდან (2), გერმანიიდან, თურქეთიდან (2) და სომხეთიდან).
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის აქცენტირება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის – საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.
სკოლის პროგრამა განკუთვნილია ქართული ისტორიითა და კულტურით, განსაკუთრებით, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებულ უცხოელთათვის.
საზაფხულო სკოლის სასწავლო გეგმა მოიცავს აკადემიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს. აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს სალექციო კურსებს და პრაქტიკულ სამუშაოებსა. აკადემიურ სასწავლო კურსს წარუძღვებიან ქართველოლოგიის სფეროს ქართველი მეცნიერები. კულტურულ-საგანმანათლერბლო პროგრამა მოიცავს საზაფხულო სკოლის თემასთან დაკავშირებულ გამოფენასა და ექსკურსიებს.
პროგრამის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა დისკუსიები. ასევე სკოლის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია-მოხსენებები საკუთარი სამეცნიერო კვლევის შესახებ. 23 ივლისს, დახურვის ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე რომელმაც მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ლექციები ძირითადად ჩატარდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ასევე, თემატიკიდან გამომდინარე ექსკურსიების ფარგლებში.