ირაკლი ბაგრატიონის წერილების გადმოცემის ღონისძიება
24 აპრილს, 15:00 საათზე შატო მუხრანში ირაკლი ბაგრატიონის წერილების ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის გადმოცემის ცერემონია გაიმართა.
კომპანია “შატო მუხრანმა” ირაკლი ბაგრატიონის პირადი წერილები კერძო მფლობელისგან შეიძინა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა.
ირაკლი ბაგრატიონი იყო ბაგრატიონთა მუხრანელი შტოს წარმომადგენელი. ირაკლი იყო მეფე ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ირაკლი ბაგრატიონი უცხოეთში გაემგზავრა. 1942 წელს ბერლინში შედგა „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ დამფუძნებელი კრება, რომელზეც ირაკლი ბაგრატიონი მეფედ აირჩიეს. II მსოფლიო ომის დროს, ირაკლი ბაგრატიონს საქართველოს მეფედ გერმანული საზოგადოების გარკვეული ნაწილიც მოიაზრებდა.
ირაკლი ბატონიშვილს, რომელსაც სამშობლოში ჩამოსვლა არ შეეძლო, მიმოწერა ჰქონდა ქართველ საზოგადოებასთან. ის ყველა მოვლენის შესახებ იღებდა ინფორმაციას და თავის მოსაზრებას უზიარებდა თანამემამულეებს. დისადმი, მარიამ ბაგრატიონისადმი მიწერილი პირადი წერილები საკმაოდ მრავალფეროვანსა და საინტერესო მასალას შეიცავს იმ დროინდელი საქართველოს მოვლენების შესახებ.
24 აპრილიდან ირაკლი ბაგრატიონის პირადმა არქივმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში დაიდო ბინა.