ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა

2 აპრილს, 17 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში პროექტის “ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა” პრეზენტაცია და ისტორიული საბუთების გამოფენა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ისტორიული საბუთების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის ჩვენება.

პროექტი “ისტორიული საბუთების დედნების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა” ფარგლებში მოხდა 5000 ისტორიული საბუთის გადატანა ციფრულ ფორმატში და შეიქმნა მონაცემთა ბაზა.

მონაცემთა ბაზისთვის შეიქმნა საგანგებო პროგრამა. მისი მეშვეობით შესაძლებელია მოვიძიოთ დოკუმენტებში მოხსენიებული ისტორიული პირები, გეოგრაფიული სახელები, ვინ იყო საბუთის დამწერი, დამამტკიცებელი. ამასთან, მონაცემთა ბაზის სხვადასხვა ველებში განსაზღვრულია დოკუმენტის სახეობა, მისი დაწერის თარიღი, ზომა, მასალა, მელანი, ჭვირნიშანი და ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური თავისებურებანი.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ჩვენამდე მოღწეული უძველესი საისტორიო დოკუმენტის დედნები. საისტორიო საბუთები მოიცავს შუა საუკუნეების საქართველოს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მეფის ბრძანებებიდან დაწყებული, პირადი წერილებითა თუ საყოფაცხოვრებო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტებით დამთავრებული. ისტორიული საბუთების დედნები შესრულებულია ეტრატზე ან ძველი წარმოების ქაღალდზე.

პროექტი დაფინასებულია შოთა რუსთაველის ერონული სამეცნიერო ფონდის მიერ.