“ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის” II ტომის პრეზენტაცია

2013 წლის 28 დეკემბერს, 12:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ახალი წიგნის “ქართული ისტორიულისაბუთების კორპუსის” II ტომის პრეზენტაცია.

წიგნი საგამომცემლოდ მომზადდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს ეროვნული არქივის თანამონაწილეობით და გამოიცა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების თანადგომით.

“ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის” II ტომი ქრონოლოგიურად აგრძელებს ამავე სერიის I ტომს, რომელიც 1984 წელს გამოიცა. მასში სრულადაა თავმოყრილი ის ისტორიული საბუთები, რომლებიც დედნებისა თუ პირის სახით შემორჩენილია XIV საუკუნიდან ვიდრე XV საუკუნის შუახანებამდე.

წიგნში თავმოყრილი საისტორიო მასალა უდიდესი წყაროთმცოდნეობითი ღირებულებისაა, რადგან მათი უდიდესი ნაწილი ერთადერთი წყაროა მოცემული პერიოდის საქართველოს ისტორიისათვის.

გამოცემაში წარმოდგენილი ისტორიულ საბუთების კრიტიკულად დადგენილი ტექსტები, სამეცნიერო აპარატი და დედნების ფოტოასლები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საქართველოს ისტორიის, ქართული პალეოგრაფიისა და დიპლომატიკის მკვლევართ.

წინამდებარე ტომი დასაბეჭდად მზად იყო ჯერ კიდევ 1993 წელს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო მისი დაბეჭდვა ხანგრძლივი დროით შეფერხდა.