ახალი ,,ვეფხისტყაოსნის” ალბომის პრეზენტაცია
27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში, გაიმართა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ალბომი–კატალოგის პრეზენტაცია. გამოცემა განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ეძღვნება „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავს. ალბომში შესულია „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების შევსებული და რედაქტირებული სრული კატალოგი, რომელსაც ერთვის ტექსტის ილუსტრაცია ყველა ხელნაწერიდან. აღსანიშნავია, რომ კატალოგის გამოცემამდე ცალკეული ხელნაწერების მხატვრობა სრულად ან საერთოდ არ გამოქვეყნებულა. გამოცემა აერთიანებს, როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ნუსხებს, ასევე სრულად მოიცავს მის ფარგლებს გარეთ – საქართველოსა და უცხოეთში – არსებულ ხელნაწერებს. ალბომი საინტერესო და სასარგებლოა როგორც მკვლევარებისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის. 27 ნოემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში გამოფენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ვეფხისტყაოსნები, რომლის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ხოლო, მოსაწავლეებისა და სტუდენტებისთვის გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამა.