„ქართული ლიტურგიკული გრაგნილების მხატვრული გაფორმება“ პრეზენტაცია

5 ნოემბერს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კ. კეკელიძის დარბაზში შედგა პროექტის „ქართული ლიტურგიკული გრაგნილების მხატვრული გაფორმება“ პრეზენტაცია. იგი განხორციელდა 2012-2013 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდა მეცნიერთათვის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში.

ქართული მოხატული ლიტურგიკული გრაგნილების ქრონოლოგიური საზღვრები XII-XVIII საუკუნეებში ექცევა, უმრავლესი მათგანი XV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება. ნიმუშების უმეტესობა წარმოადგენს წმ.იოანე ოქროპირის და წმ. ბასილი დიდის ჟამისწირვებს. სამეცნიერო ლიტერატურაში მათგან მხოლოდ ადრეული (XII და XIII სს.)ნიმუშები იყო განხილული.

ჩატარებულმა კვლევამ მოიცვა სრული მასალა, მოხდა ნიმუშთა სისტემატიზაცია, აღწერა, დიგიტალიზაცია. ამასთანავე, გამოვლინდა სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობი ჟამისწირვა. მხატვრულ-სტილისტური და იკონოგრაფიული ანალიზის საფუძველზე მოხდა ზოგიერთი მათგანის გადათარიღება.

ლიტურგიკული გრაგნილების მხატვრობა ინდივიდუალური ნიშან-თვისებებით თვალსაჩინო ადგილს იკავებს ქართული მინიატურის ისტორიაში. მიუხედავად, მათი მცირერიცხოვნობისა, მასალა საგულისხმო ცოდნას იძლევა შუა საუკუნეების ქართული წიგნის მხატვრობისა და ასევე, მთლიანად სახვით ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებისა და ეპოქალურ ტენდენციათა შესახებ.