ხელნაწერთა ცენტრს ისტორიკოს აკაკი სურგულაძის არქივი შეემატა
3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ისტორიკოს აკაკი სურგულაძის პირადი არქივის ცენტრისთვის გადაცემის ცერემონიალი და საარქივო დოკუმენტების გამოფენა.
მეცნიერის ოჯახის წევრებმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცეს ისტორიკოსის პირადი არქივი: ხელნაწერები, წიგნები, საგაზეთო პუბლიკაციები და სხვა. ცენტრში მოხდება არქივის დამუშავება და კატალოგიზაცია, რაც მეცნიერებითა და ისტორიით დაინტერესებულ პირებს აკაკი სურგულაძის არქივზე მუშაობას გაუადვილებს.
აკაკი სურგულაძე არაერთი ისტორიული წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია: “ქართული კულტურის ისტორიის ნარკვევები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა“, „ქართული საზოგადოებრივი აზრი XIX საუკუნის მეორე ნახევარში“, „ქართული დემოკრატიული ინტელიგენცია რუსეთის სამ რევოლუციაში“, „ნარკვევები ქართული ინტელიგენციის ისტორიიდან“, „ექვთიმე თაყაიშვილი“, „ივანე ჯავახიშვილი“ და სხვა.
ისტორიკოს აკაკი სურგულაძის ძირითად სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორია, საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია და რუსეთის იმპერიის ისტორია.
ისტორკოსი აკაკი სურგულაძე იყო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივეერსიტის პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო და სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემიების ლაურიატი.