პოლონელი სტუდენტების სტაჟირება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

26 სექტემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩამოვიდა პოლონეთის მარია კიური-სკლოდოვსკაიას სახელობის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული კვლევების მიმართულების სტუდენტების ჯგუფი.

კავკასიითა და საქართველოთი დაინტერესებული 9 პოლონელი სტუდენტი ცენტრში 1 თვის განმავლობაში გაივლის სტაჟირებას.

სტაჟიორთა ჯგუფი იმუშავებს ორი მიმართულებით: საარქივო მასალითა და ხელნაწერებით დაინტერესებული სტუდენტები დაამუშავებენ ცენტრის პოლონურენოვან ხელნაწერებს, ასევე წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისა და ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი ოფიცრის, ვანო ნანუაშვილის არქივში დაცულ პოლონურენოვან მასალას, ხოლო მეორე ჯგუფი, რომელთა ინტერესის სფეროა საგამოფენო საქმე საარქივო დოკუმენტებსა და პოლონურენოვან ხელნაწერებზე დაყრდნობით მოამზადებს საგამოფენო პროექტს ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ.

სტაჟირების პერიოდში პოლონელ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ლექციები საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, კავკასიაში ჩვენი ქვეყნის როლსა და ქართულ-პოლონურ ურთიერთობებზე. სტაჟირების პერიოდი მოიცავს ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო საექსკურსიო პროგრამას.