ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2 აგვისტოს, 14:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ენის მოდელირების ასოციაციასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.

მართალია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ენის მოდელირების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2 აგვისტოს გაფორმდა, მაგრამ ამ ორგანიზაციების ურთიერთობა უფრო ადრე დაიწყო. რამდენიმე წელია, რაც ენის მოდელირების ასოციაცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იმ სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რომლებიც ჰუმანიტარულ მეცნიერებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ენის მოდელირების ასოციაციის მხარდაჭერით შეიქმნა ისტორიული საბუთების და პალეოგრაფიული ალბომის ელექტრონული ბაზები.

მემორანდუმის გაფორმებით ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ და ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს ხელნაწერი მემკვიდრეობის ელექტრონული კატალოგიზაციის, სისტემატიზაციის, აღრიცხვის, მონაცემთა ელექტრონული ბაზების შექმნისა და განვითარების მიზნით.

ახალი პროექტი, რომელზეც ერთობლივი მუშაობა იწყება, არის საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერების მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და ბილაინის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის მიზანია ხელნაწერი მემკვიდრეობის მონაცემთა სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში განთავსება, სისტემატიზაცია და მრავალპარამეტრიანი საძიებო სისტემის შექმნა.