პროექტის „ისტორიული საბუთების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა“ შუ

2 აპრილს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროექტის „ისტორიული საბუთების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზა“ შუალედური პრეზენტაცია. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 40 ათასზე მეტი ისტორიული საბუთი, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი დედანია. მათი სახით საქმე გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელ დანატოვართან შინაარსით, ფიზიკური მხარით, მასალით, ფორმით, დაწერილობით, შესრულების ტექნიკით, შინაარსით, დოკუმენტურობით და სხვა. ისტორიული საბუთების დედნები შესრულებულია ეტრატზე ან ძველი წარმოების ქაღალდზე. ორივე ეს მასალა, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ან შეხების დროს, ექვემდებარება სხვადასხვა ტიპის დაზიანებას: ცვეთას, გამოშრობას, დატენიანებას, სკდომას და სხვ. რადგან დედნებზე, როგორც პირველად წყაროებზე, მკვლევართა მოთხოვნა ძალზე მაღალია, აუცილებელი ხდება მათი საცავებიდან ხშირად გამოტანა, რაც ცხადია, ზრდის დაზიანების რისკს. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს ისტორიული საბუთების დედნების საიმედოდ დაცვისათვის აუცილებელი კომპონენტების შესრულებას: 1. გადატანას ციფრულ ფორმატში და 2. დედნების ფიზიკური, არქეოგრაფიული და შინაარსობრივი მახასიათებლების მონაცემთა ბაზაში შეტანას. პროექტის განხორციელებით სპეციალისტებს და ყველა დაინტერესებულ პირს სრული წარმოდგენა შეექმნება საბუთებში დაცულ ინფორმაციაზე.