მბავი ერთი ხელნაწერისა (ქართულ–ბერძნული ილუსტრირებული ხელნაწერი)
1 აპრილს, 18:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა ქართულ–ბერძნული ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემისა და ალბომის გამოფენა–პრეზენტაცია. ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II – ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. XV საუკუნეში შექმნილი ქართულ–ბერძნული ხელნაწერი თავისი შინარსით და გაფორმებით უნიკალურია. ორენოვანი ხელნაწერი სხვადასხვა ლიტურგიკულ ტექსტებსა და მინიატურების დამოუკიდებელ ციკლებს შეიცავს. მეცნიერთა აზრით, ხელნაწერი წარმოადგენს ერთადერთ კრებულს, სადაც ჩართულია ისეთი მინიატურები, რომლებიც მანამდე თავმოყრილი სახით არ გვხვდება. ხელნაწერს არ ახლავს ანდერძი, ამიტომ მისი გადაწერის ადგილისა და დროის შესახებ ზუსტად ცნობები არ მოგვეპოვება. თუმცა, მეცნიერების მიერ გამოთქმულია ვარაუდი, რომ ხელნაწერი შეიქმნა ათონის მთაზე. ამჟამად ხელნაწერი დაცულია სანქტ–პეტერბურგში.