ექსლიბრისების უნიკალური კოლექციის გადმოცემის ღონისძიება
ექსლიბრისების უნიკალური კოლექციის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის გადაცემის ღონისძიება 17 დეკემბერს, 12:00 საათზე პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისში (ალ. ყაზბეგის 21) გაიმართა.
პროკრედიტ ბანკმა ექსლიბრისების უნიკალური კოლექციის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის გადაცემის ღონისძიებას უმასპინძლა.
პროექტი პროკრედიტ ბანკისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ბანკმა ექსლიბრისების უნიკალური კოლექცია საბერძნეთის ქალაქ თესალონკში მცხოვრები კერძო პირისგან შეიძინა.
ექსლიბრისებზე გამოსახული გრაფიკული ნამუშევრების დიდი ნაწილი ქართველი მხატვრების მიერ არის შესრულებული, შესაბამისად ამ კოლექციის შემატება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობისათვის.
თითოეული გრაფიკული თუ კუთვინილებითი ექსლიბრისი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მატარებელია.
პროკრედიტ ბანკის მიერ შეძენილი კოლექცია, ქართველი მხატვრებისა და საზოგადო მოღვაწეების ექსლიბრისებს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი კი ელენე ახვლედიანის საკუთრებაა.
(ექსლიბრისი წიგნის მფლობელის ვინაობის აღმნიშვნელი ერთგვარი ნიშანია, რომელიც წიგნის შიდა ყდაზე ცნობილი მხატვრის ნახატის, გერბის ან რაიმე მოვლენის ამსახველი გამოსახულების სახით დაჰქონდათ, და მასზე წიგნის მფლობელის სახელი და გვარი იყო მითითებული.)