სტატისტიკური ნუსხები
სტატისტიკური ნუსხები, ძირითადად, მოსახლეობის აღწერის დავთრებითაა წარმოდგენილი. ფეოდალური სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია, გადასახადების გადამხდელთა და მოლაშქრეთა რაოდენობის დადგენა იყო. მოსახლეობის აღწერის დავთრები ზედმიწევნით ზუსტად გვიხასიათებს ეთნოდემოგრაფიულ პროცესებს, რეგიონის ონომასტიკას (პირსახელი, გვარსახელი, ტოპონიმია), სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ა.შ.
კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცული აღწერის დავთრები ქრონოლოგიურად XVIII-XIX სს. მოიცავს. წარმოდგენილია, როგორც მასშტაბური ნუსხები, რომლებშიც თავმოყრილია მსხვილი რეგიონის აღწერა („ქართლის აღწერის დავთარი“, „შიდა ქართლის სოფლების კომლთა ნუსხა“, „ქსნისა და ლიახვის ოსების საკომლო მამულების ნუსხა“ და ა.შ.), ასევე კონკრეტული სოფლის მონაცემები („სოფ. ღვერთეთის ყმა-გლეხთა სია“, „ნუსხა სახელოსა და სხვა გამოსაღებისა სოფ. წირქუალიდან“ და ა.შ.); ფეოდალთა ბრძანების წიგნები ამა თუ იმ სოფლიდან გადასახადების აკრეფის შესახებ („ბრძანება თორნიკე ქსნის ერისთავისა იასაულისადმი გადასახადის აღების შესახებ“; „ნუსხა თორნიკე ქსნის ერისთავის ყმების მახტისა და კულუხისა ახალგორს“ და ა.შ.), სტატისტიკურ ნუსხებში ერთიანდება სხვადასხვა მოხელის წილის ნუსხა („ცხრაზმის ყულარაღაზის წილი“).
XIX ს-ში სტატისტიკურ ნუსხებს ემატება მეტრიკული წიგნები – საეკლესიო მრევლის დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების აღწერის დავთრები, ასევე აღსარების მთქმელთა სიები, რომლებშიც დეტალურადაა წარმოდგენილი კონკრეტულ რეგიონში მოსახლე ოჯახები და მის წევრთა ვინაობა.