ოსები დოკუმენტურ წყაროებში

 

  1. ოსების საქართველოში მიგრაციის მიზეზები

 

ალან-ოსები საქართველოს ჩრდილოეთით სახლობდნენ და ქართველებს მათთან კავშირი უკვე ანტიკური ხანიდან ჰქონდათ. ეს ურთიერთობები მეტწილად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, ქართველი მეფეები ქირაობდნენ ოს მოლაშქრეებს, იყო დინასტიური ქორწინებები, თუმცა პერიოდულად საომარი დაპირისპირებებიც.

მონღოლებისა და თემურ-ლენგის შემოსევებით დასუსტებული, შემდეგ კი ყაბარდოელებისაგან შევიწროებული ოსები  XIV საუკუნეში ტოვებენ ჩრდილოეთ კავკასიის ნაყოფიერ ველებს და კავკასიონის ხეობებში იხიზნებიან. მთის მკაცრი და მწირი ბუნება მათ ახალი საარსებო გარემოს ძიებისკენ უბიძგებდა. ოსებმა ნარ-მამისონის ქვაბულში მოახდინეს, ერთ-ერთი ქართული ეთნოგრაფიული ჯგუფის, დვალების ასიმილირება და XVII–XVIII სს. კავკასიონის სამხრეთ კალთებზე (ძირითადად, ქართლის სამეფოში) დაეშვნენ. მათ ორი მიზანი ამოძრავებდათ: 1. მარბიელი ლაშქრობების მოწყობა ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვა ე.წ. „ოსიანობა“; 2. მთის მწირნიადაგიანი მასივებიდან ბარის მოსავლიან ადგილებში „მშვიდობიანი“ ჩასახლება. პირველ შემთხვევაში, მოთარეშე ოსები ინარჩუნებდნენ ცხოვრების გვაროვნულ წესს, ხოლო მეორე შემთხვევაში – ერწყმოდნენ ადგილობრივ ფეოდალურ საზოგადოებას და  ბატონყმურ ურთიერთობებში ერთვებოდნენ. ისინი ხიზან გლეხებად სხდებოდნენ ქართველი მემამულეების მიწებზე და, შესაბამისად, მათ სასარგებლოდ  დაკისრებულ გადასახადებს იხდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფეოდალურ ურთიერთობებში ჩაბმული ხიზანი ოსი გლეხები ოსთა მოთარეშე ბანდებისაგან თავადაც ზარალდებოდნენ, მათი ადაპტირება ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში უმტკივნეულოდ არ მომხდარა. მათ უჭირდათ მთის გვაროვნული თემებისთვის დამახასიათებელი იერსახის დათმობა და ამა თუ იმ ფეოდალის ყმობაში შესულნი უარს ამბობდნენ ფეოდალური ვალდებულებების შესრულებაზე.

 

 

 

  1. ოსების პირველი დასახლებები

 

შიდა ქართლის მთიანეთში ოსთა მიგრაციის შესახებ დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნემდე არ მოგვეპოვება. მხოლოდ მოცემული პერიოდის საბუთებშია ასახული ოსთა როგორც  მარბიელი შემოსევები, ასევე ქართველ მემამულეთა მიწებზე ყმა-გლეხებად დასხდომის ფაქტები.

ოსების დასახლებები თავდაპირველად დიდი ლიახვის სათავეებში გაჩნდა. შიდა ქართლის მთიანეთში გადმოსახლებული ოსები განცალკევებით ცხოვრობდნენ ტყეებში, არ ჰქონდათ სასოფლო ტიპის დასახლებები, არ მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მხოლოდ თარეშობდნენ და ნადირობას მისდევდნენ. მათი მიგრაცია საწყის ეტაპზე აგრესიულობით ხასიათდებოდა. ოსები ბრძოლით იკავებდნენ შიდა ქართლის მიწებს. ქართულ საბუთებში ასახულია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც დიდი ლიახვის სათავეებში ოსთა შემოსევების შედეგად შეიქმნა.

 

  1. ოსების ურთიერთობა სამეფო ხელისუფლებასთან

 

ოსების საქართველოში ჩამოსახლება, თავდაპირველად, ქაოსურად ხდებოდა. მისი კალაპოტში ჩაყენება და თავის სასარგებლოდ გამოყენება სამეფო ხელისუფლებამ და ფეოდალებმა სცადეს. შიდა ქართლის მთასა და მთისწინეთში შექმნილი დემოგრაფიული კრიზისის გამო, ოსების სახით ახალი მწარმოებელი ძალის გაჩენა ხელსაყრელი იყო როგორც ცენტრალური ხელისუფლებისათვის, ასევე ადგილობრივი მმართველებისთვის. ოსების  გადმოსახლება შიდა ქართლის მთიანეთში ქართლის სამეფო ხელისუფლებისა და ფეოდალთა ხელშეწყობით ხდებოდა. სამეფო ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი იყო მტრის შემოსევების დროს ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაცლილი ტერიტორიების ათვისება, რის გამოც სხვადასხვა კუთხეში ასახლებდნენ უცხოტომელებს, მათ შორის ოსებსაც, ძირითადად, მოსახლეობისაგან დაცლილ შიდა ქართლის მთიანეთში. ამასთან, ყმა-გლეხთა რაოდენობის ზრდაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება.

შიდა ქართლის მთიანეთში გადმოსახლებული ოსების ნაწილი სახასო ყმებად იქცნენ. გადმოსახლებული ოსები თავად სთხოვდნენ ერეკლე II-ს (1744-1798) სახასო გლეხებად გახდომას: ,,თუ არ გვიყმობთ და არ მოგვეპატრონებით, არც ჩვენი იქ დგომა იქნებაო“ (Hd – 2210).

ოსების გადმოსახლებით დაინტერესებული იყო ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII (1798-1800). ცნობილია მისი ბრძანება გაცემული 1799 წელს, რომლის ძალითაც თაგაურელ ოსებს შიდა ქართლის მთიანეთში  ასახლებს. იგი საგანგებოდ აღნიშნავდა: „როგორცა სანატრელი ჴელმწიფე მამა ჩვენი მწყალობელი იყო თქვენი, ჩვენ კიდევ უფრო მწყალობელიც ვიქნებით… ჩვენ სახასო ყმად იქნებით, რომ სხვას ვისმე თქვენთან საქმე არა ვის რა ექნებათ“.

 

Ad-1569, Ad -2045, Qd  1617,  Hd – 2210, Qd 9205-ა,  Qd 9276  Qd 9871  Hd – 2210.

 

 

 

  1. ოსების ურთიერთობა ადგილობრივ ფეოდალებთან

 

შიდა ქართლის მთიანეთში გადმოსახლებული ოსები ადგილობრივი ფეოდალების – მაჩაბლების, ქსნის ერისთავების, ფალავანდიშვილების თუ სხვათა  ყმები ხდებოდნენ.

ქართლის სამეფოში გადმოსახლებული ოსები, მხოლოდ მეფის ნებართვით გადადიოდნენ ფეოდალის მფლობელობაში. ცხადია, კონკრეტული თავადის მამულში დასახლებული ხიზანი ოსები მის იურისდიქციაში ექცეოდნენ.

1765 წელს ზაზა მაჩაბელმა თხოვნით მიმართა ერეკლე მეფეს: „რადგან თქვენის ბძანებით ოსი ქართლში ესახლება, ამთენი თქვენი წყალობა იყოს, რომ ჩემს მამულზედ ხელი აიღოს, რომ ვინც მინდა ის დავასახლო“ (Qd-8703). საბუთს ახლავს მინაწერი, რომლის ძალითაც ერეკლე მეფე აკმაყოფილებს ზაზა მაჩაბლის თხოვნას, რასაც ბეჭდით ადასტურებს.

ოსების საშუალებით ყმა-გლეხები ემატებოდათ შიდა ქართლის ფეოდალებს და, ბუნებრივია, დაინტერესებული იყვნენ მათი საკუთარ მამულში დასახლებით. ქსნის საერისთავოს მამულების შესახებ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შანშე ერისთავმა (1718-1753) 80 წელია რაც თავის მამულში დააყენა ოსები და სოფელი ააშენა, ხოლო დავით ერისთავმა (1753-1774) 40 წლის წინ ტყე გააკაფინა, მეორე სოფელი ააშენა და ოსები დააყენა (Qd-8820, Qd-8864).  თუმცა ოსებს არ გაუმართლებიათ ქსნის ერისთავების იმედები. თორნიკე ქსნის ერისთავი ხელისუფლებისაგან ითხოვდა, რომ მისი მამულით სარგებლობის გამო ძეგლევში მცხოვრები ოსებისთვის ფული გადაეხდევინებინათ  (Qd-8902). სხვა საბუთში, გადასახადის გადაუხდელობის გამო, იგი ოსების აყრას ითხოვს (Qd-8903, Qd-8919).

ზოგჯერ მოთარეშე ოსები ყმურ დამოკიდებულებაში შედიოდნენ ქართველ ფეოდალებთან. ჩიბირასშვილი ჩობა და მისი ძმა აფა, ჩადენილი დანაშაულისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, თავიანთი ნებით,  გიორგი ფალავანდიშვილს ეყმნენ (Hd-647).

 

 

 

 

  1. ქართლში გადმოსახლებული ოსები და კრიმინალური ვითარება

 

შიდა ქართლის მთიანეთში გადმოსახლებული ოსები ადგილობრივი მოსახლეობის აკლებას არ ერიდებოდნენ. სოფლებზე თავდასხმები და ხალხის ძარცვა იმდენად გახშირებულა, რომ წესრიგის დასამყარებლად სამეფო ხელისუფლება ჩარეულა. 1771 წლის 2 მაისს ერეკლე მეფემ საგანგებო დავალება მისცა გიორგი ყულარაღასს, რომ ოსების მიერ გახშირებული ქურდობა აღეკვეთა (Qd-6961). ოსების მხრიდან ძარცვა-რბევისა და ქურდობის ფაქტების აღმოფხვრას ისახავდა მიზნად ასევე გიორგი XII-ის რამდენიმე ბრძანება (Qd-8691, Qd-8685).

ოსების თვითნებობის ალაგმვას ცდილობდნენ ადგილობრივი ფეოდალები. 1806 წელს ლუარსაბ მაჩაბლისა და მისი ბიძის ზაზას ყმები – ჯავის ხეობის ოსები, მძევლებს აძლევენ მათ ჭვირივის ხეობის ოსებთან ერთად  იმის გარანტად, რომ აღარ იქურდებდნენ (Qd-9062). იმავე წელს დიდი ლიახვის ხეობის მცხოვრებნი პირობას დებენ, რომ ავკაცობისა და ქურდობის ჩამდენს არ შეიფარებენ, არც თავის სოფელზე გაატარებენ და არც ივაჭრებენ მასთან. ამ შემთხვევაშიც ფიცის დასამტკიცებლად მძევლების მიცემა გამხდარა საჭირო (Qd-9036).

სამეფო ხელისუფლება ოსი დამნაშავეების შემორიგებას ცდილობდა და თავად უზრუნველყოფდა ჩამორთმეული ოსი მძევლების გამოკვებას (Hd-13256, Hd-12720, Hd-13206).

სამეფო ხელისუფლება ცდილობდა ქართველები და ოსები მოერიგებინა, ამისთვის პირობას ადებინებდა მათ აუკლებლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.

 

 

  1. ოსები საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ

 

1801 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შემდეგ უკვე სხვა  ქართული სამეფო-სამთავროები. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამ და ანექსიამ რუსეთის იმპერიის მიერ, კოლონიური რეჟიმის დამყარებამ, დიდი მღელვარება გამოიწვია მოსახლეობაში.  მოეწყო ანტირუსული აჯანყებები, რომელშიც ქართველებთან ერთად  ოსებიც მონაწილეობდნენ. შიდა ქართლის მთიანეთში მცხოვრები ოსები არ ცნობდნენ ცარიზმის ხელისუფლებას და აჯანყებული ქართველი უფლისწულების დროშის ქვეშ რუსული კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.  თუმცა, ეს გამოსვლები რუსეთის ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო.

პოლიტიკური ვითარების დარეგულირების შემდეგ რუსული ხელისუფლება  კრიმინალური ვითარების გამოსწორებას და ქართულ სოფლებზე ოსების თავდასხმების აღკვეთას შეეცადა.  ერთ-ერთ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ,,ეს ქვეყნები ოსებს შეუწუხებიათ და ისეთი ყოფა აქუსთ, რომ დაღისტნის ჯარსაც არ უქნია ამ მხარეზედ“. მისი თქმით, ,,მთელი ოსეთის ჯარი იყრება და თვით ცხინვალზედ მოვლენ და თუ ამაზედ არ მოვიდნენ  სხვას სოფელს მაინც წაახდენენ… არა თუ საქართველოს ოვსნი არიან ამის მოქმედნი, სულ მთელი ოსეთი და უმეტეს იმერეთის ოვსნი არიან მხოცველნი კაცისა და ტყვის მომტაცებელნი საქართველოდამ“ (Hd-9053 ბ); (Hd-4210, Hd-14239).

რუსული ადმინისტრაცია კომპლექსური ღონისძიებებით ცდილობდა შიდა ქართლის მთიანეთში გადმოსახლებული ოსების დამორჩილებას: სამხედრო ექსპედიციებით, მტკიცე საპოლიციო ზედამხედველობის დამყარებით, ადმინისტრაციულ-საპოლიციო საქმიანობაში მათი ჩაბმით, გაქრისტიანებით და მათში განათლების გავრცელებით. საბოლოოდ, ამ კომპლექსურმა ღონისძიებებმა განაპირობა ის, რომ XIX საუკუნის შუა ხანებში რუსეთის ხელისუფლებამ შიდა ქართლის მთიანეთში მცხოვრები ოსები სამხედრო-ადმინისტრაციულ მმართველობას დაუმორჩილა (Hd-13968, Hd-7638, (Hd-600 (2).

 

 

  1. ოსების რელიგიური აღმსარებლობა

                                                                                       

საქართველოში გადმოსახლების პერიოდში ოსები წარმართები იყვნენ. სხვადასხვა სარწმუნოებრივი აღმსარებლობა ხელს უშლიდა ქართველებსა და ოსებს ყოფით ურთიერთობებში, მათ შორის ქორწინებაში (Qd-8706). XIX საუკუნეში საქართველოში დამკვიდრებული რუსული ხელისუფლება ოსების გაქრისტიანებას აქტიურად ცდილობდა; იდეოლოგიური ზემოქმედების გზით ცდილობდა გაენეტრალებინა კრიმინალური ვითარება (Sd-2127). გაქრისტიანებული ოსებისთვის დაიწყო ეკლესიების მშენებლობა (Sd-310). საქართველოს ეგზარქოსები ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე ოსების გაქრისტიანებასაც ცდილობდნენ (Sd-2826).

ხელისუფლება ხელს უწყობდა იოანე იალღუზისძის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას და მხარს უჭერდა კავკასიის ოსთა შორის ქრისტიანობის გასავრცელებლად (Hd-7000). იოანე იალღუზისძემ 1820 წელს ქართული ანბანის საფუძველზე შექმნა ოსური ანბანი; მანვე დაწერა ოსური ენის სახელმძღვანელო ქართული ანბანით; ქართულიდან ოსურად თარგმნა “სახარება”, “ლოცვანი”, “კურთხევანი” და სხვ.

 

Qd-8706, Sd-2127, Sd-310, Sd-2826,  Qd 3862, Qd 3868,  Hd-7000