ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის (შიდა ქართლის) ფეოდალური საგვარეულოები

 

ცხინვალის რეგიონში გაბატონებული ფეოდალური საგვარეულოები იყვნენ: მაჩაბლები, ქსნის ერისთავები, ფალავანდისშვილები, ავალიშვილები, ფავლენისშვილები, ამირეჯიბები და ა.შ. ისინი ორგანულად იყვნენ ჩართულნი ქართლის სამეფოს ცხოვრებაში, მტკიცე კავშირი ჰქონდათ სამეფო და საეკლესიო ხელისუფლებასთან, ასევე სხვა სათავადოებთან. ცხინვალის რეგიონში, ისევე, როგორც მთელ სამეფოში, მამულებისა და ყმების გადანაწილება მეფის კომპეტენცია იყო, ამიტომ ფეოდალური საგვარეულოების ურთიერთობა სამეფო კართან ყმა-მამულის წყალობის საბუთებში აისახა. ფეოდალებს მეფის გარდა ყმა-მამულის წყალობას აძლევდნენ სამეფო ოჯახის წევრებიც, კერძოდ, ბატონიშვილები. სამეფო ხელისუფლება აწესრიგებდა ფეოდალებსა და ყმა-გლეხებს შორის ურთიერთობას, აწესებდა სამართლებრივ ნორმებს. დღეს ოკუპირებული რეგიონის ფეოდალები სხვადასხვა სახელოს ფლობდნენ, როგორც სამეფოს ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ მმართველობაში. მეფე აწესრიგებდა თავადებს შორის სასისხლო, სამამულო და ქონებრივ დავებსაც. შუა საუკუნეების საქართველოში ფეოდალური საგვარეულოების წარმომადგენლებს შორის ქორწინებას ვინაიდან პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, ამ საკითხში მეფეც ერეოდა ხოლმე. 

დღეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს მეფის მიერ დამტკიცებული ადგილობრივი თავადები მართავდნენ სამეფოში დაკანონებული წესითა და რიგით.