აფხაზეთი

 

  1. „აფხაზეთი“ განვითარებული შუა საუკუნეების საბუთებში

 

საისტორიო დოკუმენტებში ,,აფხაზეთი“ უძველესი საბუთებიდანვე ფიქსირდება (XI ს.). ისტორიულად ტერმინ „აფხაზეთის“ მნიშვნელობა იცვლებოდა და აღნიშნავდა საკუთრივ აფხაზეთს, ხოლო შემდეგ დასავლეთ საქართველოს და ერთხანს მთელ საქართველოს. დასავლეთ საქართველოს მნიშვნელობით, ძირითადად, ჩანს მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა ტიტულატურაში. ერთიანი საქართველოს მეფეებს ეწოდებოდათ „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“ ან მოკლედ _  „მეფე აფხაზთა“. დასავლეთ საქართველოს სულიერ მწყემსმთავარს ეწოდებოდა „აფხაზეთის კათალიკოსი“. მაშასადამე, მეფეთა  და კათალიკოსთა ტიტულატურაში ტერმინი „აფხაზთა“ დასავლეთ საქართველოს მფლობელობის დამადასტურებელია და ამ შინაარსით ერთიანი საქართველოს ყველა მონარქის მიერ გაცემულ საბუთში დასტურდება, ხოლო კათალიკოსთა ტიტულატურაში XVIII საუკუნის ბოლომდე ჩანს.

თავდაპირველად, ,,აფხაზეთი“ და ,,აფხაზი“ საკუთრივ ,,აფხაზეთს“ და მის მკვიდრს ნიშნავდა. ,,აფხაზთა“ სამეფოს შექმნის შემდეგ ფართოვდება ცნება აფხაზეთისა და აფხაზის მნიშვნელობა. ამ დროიდან ,,აფხაზეთი“ მთელ დასავლეთ საქართველოს, ხოლო ,,აფხაზი“ დასავლელ ქართველს აღნიშნავდა.  

ერთიანი საქართველოს არსებობის პერიოდში (X-XV სს.) გაცემულ საბუთებში ტერმინი „აფხაზი“ დასავლეთ საქართველოს მკვიდრს ნიშნავს. 1195-1196 წწ. გაცემული საბუთის თანახმად შიომღვიმის მონასტრის სანახებში უცხოვრია ორ კომლ აფხაზს, რომელიც მეფის პირადი კუთვნილება ყოფილა. ანტონ ჭყონდიდელს თამარ მეფისთვის ამ ორი კომლის მონასტრისთვის შეწირვა უთხოვია (Ad-81). შიომღვიმის მონასტრის საძმოს წევრი ყოფილა ვინმე მიქაელ აფხაზი,  რომელიც 1200 წ. ახლოს შედგენილი დოკუმენტის მოწმეთა შორის იხსენიება (Ad-4).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1. აფხაზეთის საკათალიკოსო

 

აფხაზეთის ხელნაწერ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უკავია აფხაზეთის საკათალიკოსო საბუთებს (XV-XVII სს.). მართალია, ეს დოკუმენტები დიდწილად მთელ დასავლეთ საქართველოს ეხება, ვინაიდან აფხაზეთის საკათალიკოსო სრულად მოიცავდა დასავლეთ საქართველოს, მაგრამ მათში სხვა სამეფო-სამთავროებთან ერთად, აფხაზეთის რეგიონზეც, როგორც საკათალიკოსოს შემადგენელ ნაწილზე, არის საუბარი.

დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი იწოდებოდა აფხაზთა კათალიკოსად და ის იყო მწყემსმთავარი „ყოველთა ქრისტიანეთა, ლიხთამერისა, ოდიშისა, გურიისა და აფხაზეთისა“. საგულისხმოა, რომ გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც კათალიკოსის ტიტულატურაში ტომობრივ-ეთნიკური კუთვნილების აღმნიშვნელი ტერმინები შევიდა, აფხაზეთის კათალიკოსები დასავლეთ საქათველოს ყველა კუთხეს და მის მკვიდრთ მოიხსენიებენ თავიანთ ტიტულში, მათ შორის აფხაზებსაც. მაგალითად, ბესარიონ კათალიკოსი (1742-1769) საკუთარ თავს იხსენიებს როგორც „ლიხთ-ამერთ, ოდიშართა, სვანთა, ოვსთა, დუალთ, პონტ, აფხაზ, გურიათა, რაჭა-ლეჩხუმთ საჭეთმპყრობელი“. ტერმინი „აფხაზეთი“, როგორც გაქვავებული ფორმა, საისტორიო წყაროებში გვხვდება მთელი დასავლეთ საქართველოს და ასევე, კონკრეტულად აფხაზეთის რეგიონის აღსანიშნავად.

 

 

 

  1. აფხაზეთის საკათალიკოსო ცენტრი – ბიჭვინთა და საკათალიკოსო მამულები აფხაზეთში

აფხაზთის საკათალიკოსო კათედრა XVI საუკუნის შუა წლებამდე ბიჭვინთაში მდებარეობდა და მეფე-მთავართა შეწირულებები მას მიემართებოდა. იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ (1510-1565) ბიჭვინთის საყდრის მოხელეებსა და ყმებს სასისხლო პრივილეგიები მიანიჭა. „ბიჭვინტის საყდარში“ კონკრეტულად ბიჭვინთის ეკლესია  და კათალიკოსის აპარატი იგულისხმება. რიგით საკათალიკოსო ყმებთან შედარებით, პრივილეგირებულნი იყვნენ ბიჭვინთის საყდრის გარშემო სოფლებში მოსახლე გლეხები. ვინც მათ („და ვინცა ბიჭვინტისა გარეშემო სოფელი და გლეხნი“) დაარბევდა ან ნახირს მოპარავდა, ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით დიდ ჯარიმას იხდიდა (600 000 ძველი კორმანეული თეთრი საყდრისთვის და 3 000 დაზარალებული ყმებისთვის). კათალიკოსის ნებართვის გარეშე, მის კუთვნილ წყლებში თევზაობა 20 000 თეთრის ჯარიმით ისჯებოდა. 

აფხაზეთის საკათალიკოსო მამულებს ფლობდა მთელი დასავლეთ საქართველოში. უშუალოდ აფხაზეთში ეკუთვნოდა: რაბიწა (ახლანდ. რაფიწა, ლიძავას თემში, გაგრის მუნიც.), ნაჟანეო/ნაჟანეული (დღევანდელი ოტობაია, გალის მუნიც.), წამხარი (დღევანდელი თაგილონი, გალის მუნიც.), ხოირი (თაგილონთან, გალის მუნიც.), სუბეში (აჩიგვარა, გალის მუნიც.), მუხური (სუბეშსა და აჩიგვარასთან, გალის მუნიც.), ტყაურუ (მდ. კოდორთან, ნავსადგური ისკურია), მარმარისკარი (მარმარ-აბაა, აძუბჟას თემი, ოჩამჩირის მუნიც.), არუხა და აითარნე (ბიჭვინთასთან ახლოს).

 

  1. საკათალიკოსო ყმების მდგომარეობა აფხაზეთში XVII- XVIII სს. მიჯნაზე

 

XVII საუკუნის 70-იანი წლებიდან საეკლესიო საბუთების შინაარსი იცვლება და ძირითადად, კათალიკოსთა ძალისხმევა მიმართულია არა აფხაზეთში მოსახლე საკათალაკოსო ყმა-მამულის გამრავლებაზე, არამედ შენარჩუნებაზე. კათალიკოსები ყოველმხრივ ცდილობდნენ, რომ ადგილობრივი მთავრებისაგან საკათალიკოსო ყმების დაცვისა და გაუყიდაობის გარანტია მიეღოთ. აფხაზეთში რელიგიური და პოლიტიკური ვითარების ცვლილება უკავშირდება ე.წ. „მთის ჩამოწოლას“, როდესაც დაბალი სოციალური განვითარების საფეხურზე მყოფი მთიელები ბარში მკვიდრდებიან. მთიელების ინფილტრაციის პროცესი ყოველთვის მიმდინარეობდა სახელმწიფოში, თუმცა გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ერთიანი სამეფო დაშლილი იყო, აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ ვერ შეძლო მთის ჩამოწოლის სათანადო სოციალურ-რელიგიური ათვისება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთური ელემენტის ქართულ ფეოდალურ საზოგადოებასთან შერწყმა ვერ შეძლო. პირიქით, აფხაზეთის მმართველი შარვაშიძეები ცდილობდნენ კავკასიელი მთიელების გამოყენებას ოდიშის სამთავროს წინააღმდეგ ბრძოლაში მათი სამფლობელოების გაზრდის მიზნით. კავკასიელი მთიელების ინფილტრაციამ აფხაზეთში ეთნო-პოლიტიკური და კულტურული ვითარება ამ მხარეში მთლიანად შეცვალა. აფხაზეთის კათალიკოსი, რომლის კათედრაც ბიჭვინთაში იყო, იძულებული გახდა XVI საუკუნის შუა წლებში რეზიდენცია გელათში გადაეტანა.

დასავლეთ საქართველოს კათალიკოსები ცდილობდნენ საკათალიკოსო ყმები გადაერჩინათ. ამ მიზნით მღვდელმთავრები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ადგილობრივ მმართველებთან. კათალიკოს დავით ნემსაძეს (1673-1696) სორეხ შარვაშიძისაგან დაუხსნია საკათალიკოსო ყმა ბიბია ბოლქვაძე, რომელიც აფხაზს ცოლ-შვილიანად წაეყვანა. დახსნილი ბიბია ბოლქვაძე ოჯახთან ერთად კათალიკოსს ნოჯიხევში (ოდიში) დაუსახლებია. დავით კათალიკოსს მუშაბათში (დღევანდელი უშაფათი, სენაკის მუნიციპალიტეტი) დაუსახლებია ხუცეს გაბრიელ შუშანიას მამა, რომელიც ენგურსგაღმა ესახლა და აფხაზთაგან „ქვემო ქვეყნის“ წახდენის გამო ოდიშის სამთავროში გადმოუყვანია (Qd-11912).

დავით ნემსაძის მწყემსმთავრობისას სოფელი ნაჟანევი, სადაც 60 საკათალიკოსო ყმა-გლეხი ცხოვრობდა, აფხაზებს აეყარათ. აფხაზთა მთავარს, ყვაპუ შარვაშიძეს (1680-1704), რომელიც მდინარეებს ღალიძგასა და ენგურს შორის ტერიტორიას  განაგებდა, საკათალიკოსო ყმები გაეყიდა და მხოლოდ 6 კაცი დარჩენილიყო (Hd-4150). ყმების გადარჩენისა და დაცვის მიზნით, კათალიკოსი დავით ნემსაძე ყვაპუ შარვაშიძეს შეხვდა. ყვაპუმ და მისმა ძმამ ქერექიმმა „ფიცის წიგნი“ (Hd-11206) მისცეს კათალიკოსს.  მათ დავით ნემსაძეს აღუთქვეს, რომ საკათალიკოსო ყმებს არ გაყიდდნენ, არც მღვდელმთავრის ხლებას და სამსახურს, და საკათალიკოსო ბეგარის გადახდას დაუშლიდნენ, და როდესაც კათალიკოსი აფხაზეთში ჩაბრძანდებოდა, ყმებს ისე ამსახურებდნენ, როგორც წინამორბედ კათალიკოსებს ემსახურებოდნენ.

ერთგულების პირობის საბუთი მისცეს ყვაპუ შარვაშიძემ და მისმა ვაჟმა ავთანდილმა აფხაზეთის ახალ კათალიკოსს გრიგოლ ლორთქიფანიძეს (1696-1742). საეკლესიო ყმების ტყვეებად გაყიდვისა და აწიოკების გამო, გრიგოლ კათალიკოსიც იძლებული იყო აფხაზეთიდან ყმები ოდიშის სამთავროში ჩაესახლებინა (Hd-4150; Ad-2251 #3).

 

5.

დადიანები და აფხაზეთი

XV საუკუნის მეორე ნახევარში ერთიანი საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ფეოდალური ანარქიის ფონზე აფხაზეთისა და ოდიშის სამთავროებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. XVII საუკუნის შუა ხანებში ოდიშსა და აფხაზეთს შორის საზღვარმა მდ. კოდორზე გადაინაცვლა, საუკუნის მიწურულს კი ყვაპუ შარვაშიძე გაბატონდა მდინარეებს ღალიძგასა და ენგურს შორის ტერიტორიაზე. 1702 წელს გიორგი ლიპარტიან-დადიანმა ენგურსა და ღალიძგას შორის ტერიტორიაზე ოდიშის მთავრის იურისდიქცია აღადგინა, თუმცა ამ მხარის გამგებლებად აფხაზეთის სამთავრო სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენლები დარჩნენ.

დადიანებს ყოველთვის ჰქონდათ პრეტენზია აფხაზების მიერ მიტაცებულ მიწებზე და თვით აფხაზეთზეც. 1803 წელს, ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი რუსეთის ხელმწიფისადმი გაგზავნილ „სათხოვარ პუნქტებში“ თავს ოდიშისა და აფხაზეთის მთავრად წარმოაჩენდა. 1805 წელს, როდესაც ლევან V დადიანმა ოდიშის სამთავრო ტახტზე ასვლისას რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი დადო, სამურზაყანოს მფლობელი მანუჩარ და ლევან შარვაშიძეები ამ ფიცს შეუერთდნენ და თავი რუსეთის იმპერატორისა და ოდიშის მთავრის ყმებად აღიარეს. ლევან V დადიანის ტიტულში ხაზგასმულია, რომ  იგი „სრულიად მენგრელიის და აფხაზეთის სხვათა ნაწილებთა მფლობელი“ იყო (Hd-1389-ა). იგი თავის დამსახურებად თვლიდა რუსეთის ქვეშევრდომობაში 1810 წელს აფხაზეთის სამთავროს შესვლას, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას მდ. ღალიძგიდან ჯიქეთის საზღვრებამდე (Ad-1508). სამურზაყანო (მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის ტერიტორია)  ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა, რასაც აფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძეც (1810-1821) აღიარებდა (Hd-10597).

 

  1. შარვაშიძეები – აფხაზეთის მმართველები

 

შარვაშიძეები XII საუკუნიდან განაგებდნენ აფხაზეთის ტერიტორიას, ჯერ ერისთავების, შემდეგ კი მთავრების სტატუსით. ისინი ქართულ პოლიტიკურ-კულტურულ სივრცეს ეკუთვნოდნენ. მათი საკანცელარიო და საკომუნიკაციო ენა ქართული იყო. ქართულად წერდნენ დოკუმენტებს და ქართულად ტოვებდნენ მინაწერებს ხელნაწერებზე.

აფხაზთა მთავრის სოლომონ შარვაშიძის დაკვეთით მოიჭედა ბიჭვინტის სახარების ყდა, რომლის შესახებაც მოგვითხრობს ყდაზე შესრულებული წარწერა. ხელნაწერის ფურცლებზე დატანილია საუსტან შარვაშიძის (1650-1670 წწ.) შეწირულების აქტი, რომლის თანახმადაც მას ბიჭვინთისათვის ყმები  შეუწირავს  (H-2120).

შარვაშიძეები აღიარებდნენ გელათში (იმერეთი) მჯდომი აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსის უზენაესობას და მას ერთგულებისა და ფიცის საბუთებს აძლევდნენ. ყვაპუმ და მისმა ძმამ – ქერექიმმა პირობის საბუთი მისცეს კათალიკოს დავით ნემსაძეს, ხოლო ყვაპუმ და მისმა ძემ ავთანდილმა – კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძეს. რუხში გარდაცვლილ ყვაპუ შრვაშიძეს გრიგოლ კათალიკოსმა უწირა და „თავი ნიშანი“ აიღო (Ad-2251). შარვაშიძეები ისევე იხდიდნენ კათალიკოსის სასარგებლოდ „თავი ნიშანის“ გადასახადს, როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა მთავრები.   მათი დოკუმენტები მტკიცდებოდა ქართულ ენაზე შესრულებული ბეჭდით (Qd-981ა).

აფხაზეთის მთავრები და სამთავრო სახლის წევრები – შარვაშიძეები პირად წერილებსაც ქართულად წერდნენ. მაგ. ალექსანდრე შარვაშიძის წერილი ლევან V დადიანისადმი (Qd-6819), აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის წერილი უცნობი პირისადმი (Sd-1841) და სხვ.

აფხაზეთის საისტორიო საბუთები, გარდა იმისა, რომ ქართულად იწერებოდა, მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით, სტრუქტურულად გამართულია ქართულ დიპლომატიკაში მიღებული სტანდარტის მიხედვით. აქტებში ასახულია ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც საქართველოს სამეფო-სამთავროებში მოქმედებდა; აფხაზეთში მოსახლე საკათალიკოსო ყმების ვალდებულება სიუზერენის მიმართ იგივე იყო, რაც საქართველოს სხვა კუთხეებში მოსახლე ყმებისა; მოქმედებდა ერთიანი საგადასახადო სისტემა, რომელიც აფხაზეთის მთავრებსაც და გლეხებსაც ერთნაირად ეხებოდა; როგორც მთელ საქართველოში, აფხაზეთის სამთავროშიც ვახტანგ VI-ის სამართალი მოქმედებდა.