XIV საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე” 2019

ღონისძიებები

7 მაისი

7 მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „კალიგრამა – მუსიკად ქცეული ანბანი“. გამოფენა გაიმართა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, „აღდგომიდან ამაღლებამდე“, ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, ცნობილი ქართველი სოპრანი იანო ალიბეგაშვილი, იტალიელი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი, ფესტივალის ორგანიზატორები მანანა ხვედელიძე, ირინე სახამბერიძე და სხვანი. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირქტორმა. მნახველს საშუალება ჰქონდა ენახა ახალგაზრდა კალიგრაფის, ალექსანდრე მამუკაშვილის მიერ შესრულებული ნამუშევრები და უნიკალური ხელნაწერები. თანამედროვე ხელოვანმა, რომელიც ქართულ ანბანს კალიგრაფიული ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის „კალიგრამის“ საშუალებით აცოცხლებს ღონისძიების მსვლელობისას კიდევ ერთი შედევრი შექმნა. პროცესი კი გააფორმა მუსიკალური სკოლის “ჩვენი სკოლას” მოსწავლემ თამარ მაღლაკელიძემ.

9 მაისი

გამოფენა „კალიგრამა – მუსიკად ქცეული ანბანი“ 9 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ალექსანდრე შავერზაშვილის კამერული მუსიკის საღამოზე მოწვეული აუდიტორიის წინაშე წარდგა. ახალგაზრდა კალიგრაფის, ალექსანდრე მამუკაშვილის მიერ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების გამონათქვამების მიხედვით შექმნილი კალიგრამებით მუსიკალურმა საზოგადოებამ ქართული ანბანისა და მუსიკის შერწყმის უნიკალური შედეგი იხილა.

გამოფენა გაიმართა ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში.

21 მაისი

ახალგაზრდა კალიგრაფის, ალექსანდრე მამუკაშვილის გამოფენა „კალიგრამა – მუსიკად ქცეული ანბანი“  ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და ფესტივალმა „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 21 მაისს წარადგინეს რუსთაველის თეატრში. ალექსანდრე მამუკაშვილმა საგანგებოდ ამ ფესტივალისათვის შექმნა კალიგრამები, რომლებიც შთაგონებულია ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების გამონათქვამებით – აქ ანბანის მუსიკა ქმნის გამოსახულებას, რომელიც გამოხატავს ტექსტის შინაარსს. მოცარტი, ვერდი, ვაგნერი, ბიძინა კვერნაძე, ვაჟა აზარაშვილი, ინოლა გურგულია – ეს არასრული ჩამონათვალია იმ კომპოზიტორებისა და მუსიკოსებისა, რომელთა გამონათქვამები  ახალგაზრდა კალიგრაფმა ქართული ანბანის მეშვეობით გამოსახულებად და მუსიკად აქცია.

გამოფენა გაიმართა ჩრდილების სახელმწიფო თეატრის საპრემიერო დადგმის „მათეს ვნებანი“ ფარგლებში.

1 ივნისი

გამოფენა ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში

1 ივნისს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კალიგრაფ ალექსანდრე მამუკაშვილის გამოფენა „კალიგრამა – მუსიკად ქცეული ანბანი“ გაიმართა. გამოფენა კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტის ფარგლებში წარდგა აუდიტორიის წინაშე.
ნიშანდობლივია კონცერტის მონაწილეთა შემადგენლობა: საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტი: იანო ალიბეგაშვილი (მთავარი ქორმაისტერი: არჩილ უშვერიძე); რუსთავის ახალგაზრდული გუნდი “თუთარჩელა” (ხელმძღვანელი: თამარ ბუაძე); ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კამერული გუნდი (ხელმძღვანელი: ირინე ლომინაძე); აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა (ხელმძღვანელი: ზვიად ბოლქვაძე); გორის ქალთა კამერული გუნდი (სამხატვრო ხელმძღვანელი: თეონა ცირამუა); თბილისის ბავშვთა კაპელა (სამხატვრო ხელძღვანელი და მთავარი დირიჟორი: გელა ფარჩუკიძე). ამ რანგისა და მასშტაბის მუსიკალურ ზეიმს სათანადო აუდიტორია ჰყავს და სწორედ ამ საზოგადოებაში ალექსანდრე მამუკაშვილის გამოფენამ გამორჩეული ინტერესი გამოიწვია – მათ გამოფენა ახალ სიტყვად შეაფასეს ქართულ მხატვრულ აზროვნებაში. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უნიკალური, ოქროთი შემკული “გელათის სახარების” (XII ს.) მიხედვით შექმნილი გამოცემა და დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერთა ფოტორეპროდუქციები გადასცა საჩუქრად კონცერტზე წარმოდგენილ ექვს გუნდს, ხოლო ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრს – სანოტო ნიშნების შემცველი უნიკალური ქართული ხელნაწერის “მიქაელ მოდრეკილის იადგარის” (X ს.) ფოტორეპროდუქცია გადასცა საჩუქრად.

4 ივნისი

4 ივნისს ალექსანდრე მამუკაშვილის კალიგრამების გამოფენა ქ. თელავის საზოგადოების წინაშე წარდგა.
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში საფორტეპიანო მუსიკის საღამო გაიმართა (სოლისტი: ალექსანდრე კორსანტია).
ალექსანდრე მამუკაშვილის კალიგრამებით განსაკუთრებით დაინტერესდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი. გამოფენის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა კახეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ აუდიტორიას: ახმეტა, ლაგოდეხი, ყვარელი, სიღნაღი.

6 ივნისი

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფინალურ კონცერტზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოადგინა ახალგაზრდა კალიგრაფის, ალექსანდრე მამუკაშვილის კალიგრაფიული ქმნილებები: გამოფენა „კალიგრამა – მუსიკად ქცეული ანბანი“ – ამ ექსპოზიციისთვის შექმნილი კალიგრამები ცნობილი მუსიკოსებისა და კომპოზიტორების გაოცებას იწვევდა. მოცარტი, ვაგნერი, ბიძინა კვერნაძე თუ ვაჟა აზარაშვილი – მათი გამონათქვამები ქცეული ანაბის მუსიკად, შეფასდა როგორც სიახლე და საოცარი მიგნება ქართულ მხატვრულ აზროვნებაში.
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ფესტივალის ხელმძღვანელს, გენიალურ სოპრანოს იანო ალიბეგაშვილსა და საპატიო მრჩეველს, მსოფლიოში ცნობილ პიანისტს, ალექსანდრე კორსანტიას უსახსოვრა მეფე გიორგი XI-ისათვის შემქნილი ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსნის“ ფოტოტიპური გამოცემა, ხოლო კალიგრაფმა ალექსანდრე მამუკაშვილმა – ჯუზეპე ვერდისა და რიჰარდ ვაგნერის გამონათქვამების მიხედვით შექმნილი კალიგრამები.