ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება

ქრისტიანული წიგნის გაფორმების შესწავლის გაზრდილმა ინტერესმა თანამედროვე ხელოვნებათმცოდნეობით მეცნიერებაში თავიდანვე დააყენა ქართული ხელნაწერი წიგნის ხელოვნების კვლევის საკითხი. ქართული წიგნის ხელოვნება (უმდიდრესი მასალის მიუხედავად) დღესდღეობით ქართული ხელოვნების ყველაზე ნაკლებად შესწავლილი სფეროა. ამდენად, კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების დაარსება 2010 წელს ამ ნაკლის გამოსწორების ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა.

უპირველეს ამოცანად გვესახება ხელნაწერებში ჩართულ მინიატურათა კორპუსის შედგენა და მისი გამოსაცემად მომზადება.

განყოფილების თანამშრომელთა ამოცანაა მხატვრულ და პალეოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, ქრონოლოგიურ ჭრილში სხვადასხვა სკრიპტორიუმების საქმიანობის გამოკლვევა, მათი მხატვრული თავისებურებებისა და კავშირების შესწავლა. ხელნაწერთა მინიატურები უნდა შევისწავლოთ მხატვრული ფორმის ევოლუციის კონტექსტში, მხატვრული პრინციპების გათვალისწინებით; განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექსტისა და გაფორმების კომპოზიციური ურთიერთმიმართების საკითხზე, მხატვრისა და გადამწერის ურთიერთანამშრომლობაზე, სტილის განვითარების საერთო ხაზსა და მხატვრული ტრადიციის მდგრადობაზე.

აუცილებელია მჭიდრო კავშირის დამყარება იმ სამეცნიერო ცენტრებთან რომლებიც ქართულ დასურათებულ ხელნაწერებს ფლობენ; ასევე საჭიროა მუდმივი კონტაქტი იმ უცხოელ მეცნიერებთან, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. სავალდებულოა მათი ახალი ნაშრომების მოძიება და კვლევებში გათვალისწინება; ასევე მჭიდრო ურთიერთობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვა დეპარტა¬მენტებთან.

თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აუცილებელია მოკლევადიან გრანტებსა და უცხოურ საკვლევ პროექტებში მონაწილეობაც.

 

ამდენად, გამოვყოფთ დეპარტამენტის მუშაობის ძირითად ასპექტებს და მიმართულებებს:

1)       შუა  საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნის  მხატვრული შემკულობისა და ქართული დამწერლობის საკითხები:

2)       ორნამენტული მორთულობისა  და მინიატიურული მხატვრობის შესწავლა ბიზანტიური და ირანული წიგნის ხელოვნებასთნ ურთიერთმიმართებაში ნაციონალური თავისებურებების გამოვლენით.

3)     ქართული ანბანის  გრაფიკული განვითარება ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტებისა და ეპიგრაფიკული ძეგლების მიხედვით.

4)     ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლების კვლევა ფინიკიურ,ბერძნულ და სომხურ გრაფიკულ სისტემებთან შედარებთი ანალიზის საფუძველზე

5)     XV-XIX საუკუნეების ქართული ისტორიული დოკუმენტების მხატვრული გაფორმების კვლევა. მისი, როგორც მხატვრულ–კულტურული ფენომენის შესწავლა ქართული კულტურისა და აღმოსავლური, დასავლური სახვითი ხელოვნების კონტექსტში;

6)     მხატვრულად გაფორმებული საერო და სასულიერო ქართული ხელნაწერების და თანადროული  ქართული სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ურთიერთიმართების საკითხების კვლევა.

7)     საკულტო დანიშნულების  ქართულ ხელნაწერთა მხატვრული გაფორმების შესწავლა (IX-XIX სს); ძირითადი მიმართულება: XVI-XIX საუკუნეების საკულტო მინიატურა და მისი მიმართება სპარსულ მინიატურასთან, ასევე პოსტბიზანტიურ და დასავლეთევროპულ მხატვრულ-გამომსახველობით ტრადიციებთან, ამ პერიოდის ქართულ მინიატურაში უცხოური ხელოვნების გავლენების ფორმა და ტრანსფორმაცია თანადროული  მხატვრულ-კულტურული და ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით. ასევე, სხვადასხვა დროის ქართული ხელნაწერი წიგნის და თანადროული ქართული სახვითი ხელოვნების სხვა დარგების ურთიერთიმართების საკითხები.

8)     მონაცემთა ბაზების შედგენა და ციფრული ჰუმანიტარიის განვითარება.