ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლა „ქართული ხელნაწერი“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ქართველოლოგიური კვლევევების, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის მდიდარი  გამოცდილება აქვს. საერთაშორისო საზაფხულო/სეზონური სკოლები ცენტრში აკუმულირებული ცოდნისა და გამოცდილების ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი მკვლევარებისათვის  გაზიარების  შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით  განხორციელდა ქართველოლოგიის ექვსი საერთაშორისო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ (2011 – 2016წწ.).

 

სკოლა გათვალისწინებულია ქართული ისტორიისა და კულტურის, განსაკუთრებით კი ხელნაწერი მემკვიდრეობის, შესწავლით დაინტერესებული როგორც უცხოელი მკვლევრებისათვის, ასევე, საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის (მაგისტრანტები, მაგისტრები, დოქტორანტები, ახალგაზრდა მეცნიერები), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია და სხვ.).

სკოლის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის აქცენტირება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის – საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებისა და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა; კორნელი კეკელიძის, ილია აბულაძის მიერ დამკვიდრებული ქართველოლოგიური სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელების ხელშეწყობა.

საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ პროგრამა (ნახვა) უნიკალურია. სასწავლო მოდულების შინაარსი მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ძირითად სფეროს. ცენტრის სტატუსი, მისი ავტორიტეტი და სკოლის თემატიკა განაპირობებს სკოლის მიმართ დიდ ინტერესსა და აპლიკანტთა აქტივობას.

ქვემოთ წარმოდგენილი დიაგრამებით მოცემულია 2011-2016 წლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზაფხულო/სეზონურ სკოლებში მონაწილეთა სტატისტიკა ქვეყნებისა და უნივერსიტეტების მიხედვით.

დიაგრამა №1. უცხოელი მონაწილეები ქვეყნების მიხედვით

დიაგრამა 2. ქართველი მონაწილეები საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების მიხედვით

ლექციების ანოტაცია

დავით შენგელია - ქართული სასულიერო მწერლობა

დავით შენგელია

ფილოლოგიის დოქტორი

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების

მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

 

ქართული სასულიერო მწერლობა

 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადრექრისტიანული, ბიზანტიური კულტურის კვლევა წარმოუდგენელია იმ ძველი ქრისტიანი ერების კულტურისა და მწერლობის კვლევის გარეშე, რომლებიც ქრისტიანობის ადრეულ ჯერზევე ჩაებნენ ბიზანიტიის კულტურულ ცხოვრებაში და, სხვა ძველ ქრისტიან ერებთან ერთად (კოპტები, სირიელები, სომხები, ეთიოპები, ლათინები, სლავები…), ხალხთა ამ ჯგუფში ქართველებიც უდავოდ შედიან. ძველი ქართული სასულიერო მწერლობის შესახებ საკმაოდ დიდძალი სამეცნიერო ლიტერატურაა დაგროვებული და ყველას ჩამოთვლა სრულიად შეუძლებელია, მაგრამ მაინც უნდა დავასახელოთ ფუძემდებულური მონოგრაფიები: კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია; კ. კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან; ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები; „ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან”; სიმონ და თინა ყაუხჩიშვილები, გეორგიკა – ბერძენი ავტორები საქართველოს შესახებ. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ მონოგრაფიათა სერია „ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან”, ვინაიდან მონოგრაფიათა ამ სერიაზე მუშაობდა ავტორთა კოლექტივი, რომლებიც შეეცადნენ სისტემურად მოეყარათ თავი ყველა იმ სამეცნიერო ლიტერატურისათვის, რომელიც შეიქმნა კ. კეკელიძის კვლევების შემდეგ დღემდე და ეს მონოგრაფიები დაეხმარება მკითხველს სრულად გაეცნონ ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ამა თუ იმ საკითხის შესახებ არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას. ჩვენი ლექცია ძველი ქართული სასულიერო მწერლობის შესახებ შეეხება ბერძნულ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობათა უადრეს საფეხურს, წმინდა საბა განწმენდილის ანდერძს, ხანმეტობასა და ხანმეტ ტექსტებს, ჰაემეტობას, “მრავალთავებს”, უადრეს ძველქართულ ოროგინალურ თხზულებებს, ათონურ, ანტიოქურ და გელათურ ელინოფილურ მთარგმნელობით სკოლებს სკოლებს.

დალი ჩიტუნაშვილი - ქართული დამწერლობის წარმოშობა, განვითარების ეტაპები

დალი ჩიტუნაშვილი

ფილოლოგიის დოქტორი

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

ხელნაწერთმცოდნეობის სამეცნიერო-სასწავლო პროგრამების დეპარტამენტის

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

 

 

ქართული დამწერლობის წარმოშობა, განვითარების ეტაპები

ქართული დამწერლობა წარმოადგენს ფონემურ ანბანს, რომელშიც ყოველ ფონემას გრაფიკულად გამოხატავს შესაბამისი გრაფემა.

ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ გვაქვს წყაროთა ორი ჯგუფი: ქართული და სომხური.

ქართული წყაროების ცნობით, იგი შეიქმნა 3-ე საუკუნის დასაწყისში ქ.წ. ზოგი წყარო უფრო ზუსტ თარიღსაც ასახელებს – 284 წ. ქ.წ.

სომხური წყაროების ერთი ჯგუფის მიხედვით, ქართული ანბანი შექმნილია 429 წლის ახლოს სომეხი ბერის მაშტოცის მიერ.

მეცნიერებაში ქართული ანბანის შექმნისა და მისი წარმომავლობის შესახებ არსებობს ბევრი ერთმანეთის გამომრიცხავი შეხედულება. ქართველოლოგიაში დღეს უფრო გავრცელებულია ორი: 2. სემიტური (კერძოდ ფინიკიური) ანბანიდან წარმომავლობა, თუმცა ანბანის რიგი მიყვება არქაულ ბერძნულს (ქ.წ. 6-მდე). 2. ბერძნული ანბანიდან წარმომავლობა როგორც ანბანის რიგის, ისე გრაფემათა ფორმის თვალსაზრისით (ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების შემდეგ – 4-ე ს. ქ.შ.).

უეჭველად დათარიღებული ქართული დამწერლობის ძეგლები დადასტურებულია 5 ს-დან. არის ისეთი წარწერები (ნეკრესის), რომლებსაც მათი აღმომჩენი ქ.შ. 1-3-ე სს-ებით ათარიღებს. ბევრი მეცნიერი ამ დათარიღებას არ იზიარებს.

ქართული ანბანური დამწერლობა შემონახულია სამი ფორმით: მრგვლოვანი ასომთავრული, კუთხოვანი ნუსხური და მხედრული. პირველი ორი ძირითადად საეკლესიო წიგნების დასაწერად გამოიყენებოდა (ამიტომ მათ ხუცურსაც უწოდებდნენ), ხოლო მესამე – საეროსი. ტრადიციული დათარიღებით ისინი ქრონოლოგიურად ასე განლაგდებიან: ასომთავრული 5-9, ნუსხური 9-11, მხედრული 11ს.-დან დღემდე. ახალი მონაცემებით ამ სქემაში შესატანია ცვლილება, რადგან მხედრული დამწერლობის თარიღიანი ნიმუში დადასტურებულია უკვე 9-ე საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ ქართული დამწერლობის სახეობები ერთმანეთის განვითარებას წარმოადგენენ.

ძველი ქართული ანბანი იმავე დროს რიცხვებსაც გადმოსცემდა. მასში სულ 38 გრაფემა იყო, მეცხრამეტე საუკუნეში ფუნქციადაკარგული ხუთი გრაფემა ამოიღეს და დარჩა 33.

ქართული დამწერლობა ემსახურებოდა ქართულ სახელმწიფო ენას, ხოლო მცირე ხნით აფხაზურსა და ოსურ ენებსაც.

დალი ჩიტუნაშვილი - ქართული ხელნაწერი კოლექციები უცხოეთის სიძველეთსაცავებში

დალი ჩიტუნაშვილი

ფილოლოგიის დოქტორი

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

ხელნაწერთმცოდნეობის სამეცნიერო-სასწავლო პროგრამების დეპარტამენტის

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

 

ქართული ხელნაწერი კოლექციები უცხოეთის სიძველეთსაცავებში

ქართულ ხელნაწერთა ყველაზე დიდი კოლექცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება, თუმცა უცხოეთის სიძველეთსაცავებში მრავლად არის დაცული ქართული ხელნაწერები.  ყველაზე მსხვილი ცენტრები, სადაც ქართული სიძველეები, კერძოდ კი ხელნაწერი წიგნები ინახება არის: ათონის ივირონის მონასტერი, სინას მთა და იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. აქ ქართული მასალის არსებობას თავის მიზეზი აქვს, თითოეული ეს ცენტრი საუკუნეთა განმავლობაში ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, რაც თავისთავად გულისხმობდა მდიდარი ხელნაწერი მემკვირეობის შექმნასა და დაცვას.

მაგრამ ამ სამი მნიშვნელოვანი ცენტრის გარდა ქართული ხელნაწერები მიმოფანტულია მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებში საფრანგეთში (პარიზის ნაციონალური ბიბლითეკა), დიდ ბრიტანეთში (ბოდლესა და კემბრიჯის ბიბლიოთეკები, ბრიტანეთის მუზეუმი), ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრიაში (ავტრიის ნაციონალური ბიბლიოთეკა), გრაცის ბიბლიოთეკებში. პოსტ საბჭოთა სივრცეში ყველაზე მდიდარი ქართული ხელნაწერი მემკვირეობის რაოდენობით არის რუსეთის საცავები (მოსკოვისა და პეტერბურგის).

მოხსენებაში საუბარი იქნება ზემოთჩამოთვლი ქვეყნებში ქართულ ხელნაწერთა კოლექციებზე, მათი გაჩენის მიზეზებზე, კოლექციათა მნიშვნელობასა და შესწავლის მდგომარეობაზე.

დარეჯან გოგაშვილი - ქართული ხელნაწერი წიგნის საწერი მასალა და საშუალებები

დარეჯან გოგაშვილი

ფილოლოგიის დოქტორი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის  კოლექციების მართვისა

და რესტავრაცია-კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

 

 

ქართული ხელნაწერი წიგნის საწერი მასალა და საშუალებები

სამწიგნობრო ხელოვნებაში გამოყენებულ საწერ მასალას პაპირუსის, ცხოველის _ ძირითადად ცხვრის, თხისა ან ხბოს ტყავისა და ქაღალდისაგან ამზადებდნენ. პაპირუსი საქართველოში საწერ მასალად გამოყენებული არ ყოფილა. დღეისათვის ცნობილია მასზე შესრულებული მხოლოდ ორი ქართული ხელნაწერი და ორივე პალესტინური წარმოშობისაა (საგალობელთა კრებული, ე. წ. „ჭილ-ეტრატის იადგარი” და ფსალმუნი).Eეტრატზე (ტყვი) შესრულებული უძველესი ქართული ხელნაწერები – ხანმეტი პალიმფსესტები V-VIII საუკუნეებით თარიღდება. საქართველოში გადაწერილი უძველესი ქართული ხელნაწერები ქაღალდზე XI საუკუნისაა.

ლექციაში განხილულია პაპირუსის, ერტატის და ქაღალდის რაობა, დამზადების ისტორია და გამოყენება,Mტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესები. სრული სახითაა აღდგენილი კოდექსის შემადგენელი რვეულების დამზადების წესი. ყურადებაა გამახვილებული ეტრატისა და მის საწერ მასალად მომზადების ნაირგვარ მომენტებზე, განმარტებულია ცალკეული გამონათქვამები („შექმნაÁ ეტრატისაÁ“, „შეკაზმვა“, „ოქროს ღერი“, „წიგნი ტყავისაÁ“ და სხვა). განხილულია ხამი ქაღალდის დამზადების ტექნოლოგია, გახამების და გალესვის პროცესის ამსახველი წყაროები და შესაბამისი ტერმინები („სახამებლის წასმა“, „ნიშასტაგი“, ქაღალდი გაულესავი“, „ქაღალდი ერთებრი“, „სალესავი ფიცარი“, „გორანგო“, „ეშვი“, „გაეშვება“ და სხვა),Gგანხილულია ბიზანტიურ, სომხურ და აღმოსავლურ მონაცემებთან მიმართებაში.

ისეთ საწერ მასალაზე, როგორიც იყო პაპირუსი, ეტრატი და ქაღალდი, ტექსტი კალმითა და საწერ-საღებავით იწერებოდა. ხელნაწერის ძირითადი ტექსტი, მუქი ფერის შავი ან ყავისფერი მენლით არის შესრულებული. ლექციაში განხილულია მელნის სახეობები – რკინა-გალური და კარბონული. მოცემულია მათი დამზადებისა და შედგენილობის შესახებ ქართულ წერილობით ძეგლებში არსებული მონაცემები და შესაბამისი ტერმინოლოგია („მელანი“, „შავი,“ „შემგბარი’’, „წამალი“, ,,მური’’, „გუნდა“, „არჯასპი//ძაღა//შავი კუპაროსი“ „სამყე“ და სხვა), ყურადღებაა გამახვილებული პალიმფსესტური ტექსტების მელნის შედგენილობაზე.

მდიდრულად შემკული ხელნაწერი წიგნის შექმნისას თითქმის ყოველთვის გამოიყენებოდა ოქრო. ოქროსაგან ამზადებდნენ ფურცლოვან ოქროს და საწერ-საღებავს, რითაც წერდნენ საზედაო ასოებს, სათაურებსა და დასაწყისებს, რიგ შემთხვევაში, ტექსტის გარკვეულ ნაწილს, ძირითადად კი გამოიყენებოდა წიგნის დეკორატიულ მხატვრობაში ფონის შესაქმნელად, მრავალი ორნამენტული დეტალის დასამუშავებლად და სხვა. ლექციაში განხილულია ოქრომელნის დამზადებისა და გამოყენების წესები და შესაბამისი ლექსიკა: „ოქრომელანი“, „ოქროს მელანი“, „ოქრო“, ,,ოქროს წყალი“, „ოქროფურცელი//ოქროპეტალო“, „ქანდა“, „ვარაყი//ოქროს ვარაყი“, „გალესვა//გაეშვება“ და სხვა.

ფურცლოვანი ოქროსა და ოქრომელნის გარდა, როგორც მინიატიურულ მხატვრობაში, ასევე ცალკეული განსაზღვრული ადგილების გამოსაყოფად გამოიყენებოდა ფერადი საწერ-საღებავები (წითელი, ლურჯი, მწვანე). ლექციაში საუბარია მათი დამზადების და გამოყენების წესებზე. ყურადღებაა გამახვილებული სახელწოდებებზე – „წითელი“, „ზანდუკი“, „კინაბარი“, „სინგური“, „სურინჯი“, „სანდარაკი“, „ზირნიხი“, წერნაქი//წარნაქი“. მოცემულია ლათინური, ევროპული, რუსული და აღმოსავლური შესაყტვისი ტერმინები.

დარეჯან კლდიაშვილი - საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ისტორიული დოკუმენტები: კალიგრაფია და მოხატულობა

დარეჯან კლდიაშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

 

საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ისტორიული დოკუმენტები:

კალიგრაფია და მოხატულობა

 

საქართველოს სიძველთსაცავები, ჟამთა სვლისა და განადგურების მიუხედავად, ინახავს რამდენიმე ათეულ ათას XI-XIX საუკუნეების ქართულ და უცხოენოვან დოკუმენტს. ქართული და აღმოსავლური დოკუმენტების დედნების მდიდარი კოლექციები თავმოყრილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (Ad, Hd, Sd, Qd; Ard; Pd; Turd) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველი საისტორიო დოკუმენტების ფონდებში (ფ.1448; ფ.1452; ფ.1452). საისტორიო საბუთების ნაწილი ასევე ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამხარეთმცოდნეო მუზეუმებში: ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხეში, თელავში; აგრეთვე საზღვარგარეთ – იერუსალიმის, ათონის და სინას მონასტრებში, თურქეთის, რუსეთის, ბულგარეთის სიძველეთსაცავებში.

 

ქართული საბუთები

ქართულმა ისტორიულმა დოკუმენტებმა ხანგრძლივი დროის მანძილზე აღბეჭდეს როგორც საქართველოს, ისე მისი მეზობელი ხალხების ისტორიული გეზის თანმდევი პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული ცვლილებები. ამ ურთიერთობების შესაბამისად, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ქართული დოკუმენტების პარალელურად ადგილობრივ იურისდიქციაში ადგილს იმკვიდრებს როგორც ორენოვანი, ისე ბერძნული, სპარსული, არაბული, ოსმალური და რუსული დოკუმენტები.

ბიზანტიურ და პოსტბიზანტიურ პერიოდში ისტორიული დოკუმენტის შინაარსობრივი, სტრუქტურული და გარეგნული მხარე და მხატვრული გაფორმება მართლმადიდებლურ-ქრისტიანული დიპლომატიკური და კულტურული ტენდენციების ამსახველი იყო. ადრეული ხანის XI-XIII საუკუნეების ქართული დოკუმენტის გარეგნულ მხარეს მასალა, ფორმა, კალიგრაფია და დეკორატიული ხელრთვები განსაზღვრავდა. ქართული საბუთების მინიატიურებით შემკობა XIV-XV საუკუნეებიდან იწყება და უკავშირდება მათ გაფორმებას ისტორიულ პირთა პორტრეტებით და ქრისტიანული სიუჟეტებით. ბიზანტიის დაცემისა და სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანურ გარემოცვაში მოხვედრის შემდგომ ეს ტრადიცია ქართულ დოკუმენტებს განსხვავებულ პოლიტიკურ და კულტურულ გარემოში თვითმყოფად და დამოუკიდებელ სახეს უნარჩუნებდა და განასხვავებდა მას ისლამური დოკუმენტის მხატვრული გაფორმების პრინციპებისაგან.

XIV საუკუნიდან XIX საუკუნის დამდეგამდე პერიოდის მოხატულ დოკუმენტებს შორის მნიშვნელოვანია ქართველ მეფეთა, კათალიკოს-პატრიარქთა, საეკლესიო და საერო პირთა პორტრეტული გამოსახულებებით შემკული საბუთები. XIV-XVI საუკუნეების სასისხლო და შეწირულების აქტებზე გამოსახული არიან: ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII (ერთიანი საქართველოს მეფე, 1446-66; კახეთის მეფე, 1466-76), იმერეთის მეფეები ალექსანდრე II (1484-1510) და ბაგრატ III (1510-65), ქსნის ერისთავი შალვა ქვენიფნეველი (1470), ერისთავი ვამეყ შაბურისძე და მისი თანამეცხედრე დულარდუხტი (1494), კათალიკოს-პატრიარქი დოროთეოს III (1584-95); საქტიტორო გამოსახულებების სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევა XVII-XVIII საუკუნეების ქართლის, კახეთის, იმერეთის მეფეების და სასულიერო პირების მიერ გაცემული შეწირულების და წყალობის აქტები, რომლებშიც წარმოდგენილი არიან: კახეთის მეფეთა საქტიტორო რიგი, ლევანი (1518-74), ალექსანდრე II (1574-1605), დავით ბატონიშვილი (I, კახეთის მეფე, 1601-02), თეიმურაზ I (კახეთი, 1606-48; ქართლ-კახეთი, 1625-32), ბატონიშვილი თეიმურაზი (II, კახეთის გამგებელი 1709-15; მეფე 1733-44; ქართლის მეფე, 1744-62), დავით II იმამყული-ხანი (კახეთის ჯანიშინი, 1703-09; მეფე, 1709-22), ერეკლე I ნაზარალი-ხანი (ქართლის მეფე, 1688-1703), კონსტანტინე II მაჰმადყული-ხანი (კახეთის მეფე, 1722-32),  არჩილ II (კახეთის მეფე, 1664-75; იმერეთის მეფე, 1661-63, 1678-79, 1690-91, 1695-96), კათალიკოსი დომენტი III (1660-75), შაჰნავაზ-ხანი (ქართლის ჯანიშინი, 1717-23), გიორგი ბატონიშვილი (1712), რუსეთის იმპერატორი პეტრე I დიდი და იმპერატრიცა ეკატერინე I (1725),  გიორგი XII (ქართლ-კახეთის მეფე, 1798-1800), სოლომონ II  (იმერეთის მეფე, 1789-1810).

XVI-XVIII საუკუნეებში, სეფიანთა ირანისა და ოსმალეთის მიერ საქართველოს ცალკეული მხარეების ინკორპორაციის პირობებში, ყოფასა და კულტურის ყველა სფეროში მოძალებული ისლამური კულტურის ზემოქმედება და გავლენები აღიბეჭდა როგორც ქართული საერო ხელნაწერი წიგნების, ისე დოკუმენტების მაირანიზებელი ტენდენციებით განმსჭვალული ქართული და ქართულ-სპარსული ორენოვანი საბუთების  მოხატულობაში.

XVIII საუკუნიდან, ახალი პოლიტიკური ვითარების კვალად, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევის შედეგად ქართული ხელოვნება დასავლეთ ევროპისა და რუსული კულტურის გავლენის არეალში მოექცა; შეიცვალა ქართული დოკუმენტების მხატვრული გაფორმების ხასიათიც. ევროპული და რუსული სამინიატურო ხელოვნების შესაბამისად იმ პერიოდში ფართოდ ვრცელდება გეომეტრიული, მცენარეული, ანტროპომორფული და ზოომორფული მოტივებით გაფორმებული, ინიციალებით და საგერბო გამოსახულებებით შემკული საბუთები

 

სპარსული საბუთები

კოლექცია წარმოდგენილია როგორც ირანის სამეფო (სეფიანთა, ავშართა, ზენდების, ყაჯართა დინასტიის) კარიდან  გამოსული, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს ქრისტიანი და გამაჰმადიანებული  მეფეების, ერევნის და დაღესტნის ნახევრად დამოუკიდებელი სახანოების ბეგლარბეგების და მელიქების მიერ XVI-XIX საუკუნეებში გაცემული, მდიდრულად გაფორმებული ფირმანების და ჰოქმების, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების, ნასყიდობის, მზითვის, გვარიშვილობის დამამტკიცებელი და სხვა სახის საბუთებით.

 

საქართველოში დაცული სპარსული დოკუმენტების უმრავლესობა სეფიანთა ხანის მდიდრულად დეკორირებული ფირმანებია, რომლებიც გაცემულია ისფაჰანში შაჰ აბას I-ის (1587-29), შაჰ სეფის (1629-42), შაჰ აბას II-ის (1642-66), შაჰ სულეიმან I-ის ( 1666-94),  შაჰ სულთან-ჰუსეინის (1694-1722) და შაჰ თამაზ II-ის (1722-32) მიერ. მათ შორის განსაკუთრებულად მდიდრული და ფერადოვანია შაჰ სულთან-ჰუსეინის ფირმანები. ბრწყინვალებით, ფერთა სიუხვით და დახვეწილობით მათ მხოლოდ ყაჯართა პერიოდის მოხატული დოკუმენტები შეედრება.

სპარსული საბუთის ტექსტი პატარაა; მას, ჩვეულებრივ, ორმხრივ სტილიზებული მცენარეული მოტივებით გაფორმებული ორნამენტული ჩარჩო შემოფარგლავს, ტექსტის არე კი ჩარჩოს ორნამენტის შესაბამისი ფერადოვანი ყვავილოვანი მოტივებითაა მოფენილი. ხშირ შემთხვევაში, დეკორატიული ჩარჩოს ცენტრში, ტექსტის ზემოთ, დასმულია დეკორატიულ მოჩარჩოებაში ჩასმული ბეჭედი, რომელსაც, კალიგრაფიასთან ერთად, განსაკუთრებული მხატვრული ფუნქცია ენიჭება. სპარსული მოხატული საბუთებისათვის ასევე იყენებდნენ ირანული წარმოების მზა მხატვრულ ჩარჩოებს და ქაღალდს, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა იმ პერიოდის ისლამური ხელნაწერების გასაფორმებლად.

 

ოსმალური საბუთები

კოლექცია ქრონოლოგიურად XVI-XIX საუკუნეების დოკუმენტებითაა წარმოდგენილი. მათი ადრესატები არიან ოსმალეთის მიერ დაპყრობილი და მათზე დამოკიდებული რეგიონების _ ჩილდირის ვილაიეთის (ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ნაწილი) არისტოკრატია და მოლაშქრეები; აგრეთვე, აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლის სამეფოს თავადები და აზნაურები, ზოგადად, ოსმალურ სამხედრო ლენურ სისტემას დაქვემდებარებული მოსახლეობა.

 

ოსმალური დოკუმენტების კოლექციიდან მაღალმხატვრულობით და კალიგრაფიულობით გამოირჩევა სულთან მურად III-ის (1574-95), მეჰმედ IV-ის (1648-87),Mმუსტაფა II-ის (1695-1703), აჰმედ III-ის (1703-30), მაჰმუდ I-ის (1730-54), მუსტაფა III-ის (1757-74), აბდულჰამიდ I-ის (1774-89), სელიმ III-ის (1789-1807) და აბდულჰამიდ II-ის (1876-1909) მიერ გაცემული ბერათები, რომელთა შექმნის ადგილი, როგორც წესი, `ღვთივდაცული კონსტანტინოპოლია~; ამ საბუთებს განსაკუთრებულ ბრწყინვალე იერს ანიჭებს კალიგრაფია და საბუთების გამცემი სულთნის ოქროთი, შავი და წითელი მელნით შესრულებული თუღრა, აგრეთვე ფერადი საღებავებით შექმნილი ცალკეული დეკორატიული ელემენტები.

 

მოხატული დოკუმენტების ვებ-გვერდი შესაძლებელია იხილოთ საიტზე _ www.illuminateddocument.ge

თამარ აბულაძე - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები

თამარ აბულაძე

ფილოლოგიის დოქტორი

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები

სკოლის ლექცია თემაზე – „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები“ – შეეხება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი კოლექციების შესახებ მიმოხილვით საუბარს. საუბარი შეეხება კოლექციებს (ხელნაწერი წიგნები, ისტორიული საბუთები, საარქივო მასალა…), მათ შედგენილობებს, რაოდენობებს, მნიშვნელობას, ქრონოლოგიურ ჩარჩოებს, წარმომავლობით საკითხებს და სხვა.

ქართული ხელნაწერი კოლექციები: A, H, S, Q – მათი წარმომავლობა და კოლექციად ჩამოყალიბება: ლექციის დროს საუბარი შეეხება იმ საზოგადოებების საქმიანობას, რომლებიც საქართველოში იქმნებოდა და ეროვნულ – ქართულ საქმეს აკეთებდა:

  1. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება – მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფოერბრიობა რამდენიმე ათას წელს ითვლის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წერის კულტურა და დამწერლობა ასევე ათასწლოვანი ისტორიისაა, მიზანმიმართული რუსიფიკაციის პერიოდში აუცილებელი გახდა ქართული ენის, ასევე დამწერლობის გადარჩენა, ეს გახდა იმდროინდელი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი საზრუნავი და ამ მიზნით იქმნებოდა საზოგადოებები. ასეთი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ლექციის დროს ამ საზოგადოების ღვაწლის და კოლექციის შეგროვების თვალსაზრისით მათი მნიშვნელობის შესახებ იქნება საუბარი.
  2. ასევე, კოლექციის შეგროვების თვალსაზრისით იქნება წარმოჩენილი საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობა და ღვაწლი.
  3. ხაზგასმით აღინიშნება კოლექციის მიმართებაში რელიგიური ფაქტორი – საეკლესიო მუზეუმის კოლექცია – A ფონდი.
  4. საუბარი იქნება ასევე, ახალ – Q ფონდზე – როგორ ივსება დღეს კოლექციები, როგორ ხდება მათი მოზიდვა.

ცალკე იქნება საუბარი საარქივო ფონდებზე, მათ წარმომავლობაზე, ფონდების შევსებაზე.

მოკლედ შევეხებით საფონდო საქმის წარმოების საკითხებს, კონკრეტულად საკითხს, თუ როგორ ხდება საფონდო აღნიშვნების – ლიტერების – მინიჭება (მაგ. A, S, H, კერძო კოლექციებზე აღნიშვნები, სახელობითი ფონდები და კაბინეტები (მაგალითად S-სალიების საბიბლიოთეკო ფონდი) და სხვა), რაც ერთეულის თუ კოლექციის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის დაცვის მექანიზმია, ასევე შევეხებით მოკლედ საკითხს შემომწირველთა საგანგებო და საპატიო ნუსხების შესახებ.

სკოლის მონაწილეებს მივაწვდით ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უცხოური ფონდების შესახებ (სომხური, არაბული, სპარსული, ებრაული, რუსული და სხვა).

სკოლის მონაწილეებს მივაწვდით ინფორმაციას ქართული ხელნაწერების შესახებ, რომლებიც დაცულია უცხოეთში და ამ ხელნაწერთა ფოტოასლები ინახება ჩვენთან.

თამარ ოთხმეზური - შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნის ისტორიიდან: ლიტურგიკული კრებულებიდან – სასწავლო-სამეცნიერო ხასიათის ხელნაწერებამდე (XI-XII სს.)

თამარ ოთხმეზური

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი

 

შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნის ისტორიიდან: ლიტურგიკული კრებულებიდან – სასწავლო-სამეცნიერო ხასიათის ხელნაწერებამდე (XI-XII სს.)

 

ქართული მწიგნობრობა და ხელნაწერი წიგნის კულტურა მუდამ მჭიდრო კავშირში იყო შუა საუკუნეების ბერძნულ მწიგნობრულ სამყაროსთან. ქართველ მწიგნობართა საქმიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ბიზანტიის სამონასტრო სკრიპტორიუმებისა თუ ბიბლიოთეკების ის მდიდარი მულტიკულტურული გარემო, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა.

მე-10-მე-11 საუკუნეების მიჯნა ახალი ეპოქის დასაწყისად არის მიჩნეული ძველი ქართული აზროვნების ისტორიაში. ეს არის ქართველ ინტელექტუალთა მიზანმიმართული სწრაფვა ბიზანტიური კულტურისა და აზროვნებისაკენ, რაც განაპირობა, ერთი მხრივ, საქართველოს მიერ აღებულმა პოლიტიკურმა გეზმა კონსტანტინოპოლისაკენ, ხოლო მეორე მხრივ, ბიზანტიაში მიმდინარე კულტურულმა და ინტელექტუალურმა პროცესებმა. კრიტიკული აზროვნების განვითარება, საენციკლოპედიო და სალექსიკონო ხასიათის შრომების გაჩენა, განსაკუთრებული ინტერესი კლასიკური რიტორიკის, გრამატიკისა და ფილოსოფიის მიმართ, რაც ამ პერიოდის ბიზანტიის ინტელექტუალური ცხოვრების მთავარი მახასიათებელი იყო, განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ქართველი მწიგნობრებისათვის. ამ პროცესების ზეგავლენით ქართული მთარგმნელობითი ტრადიცია, რომელიც მანამდე უმთავრესად ლიტურგიკული დანიშნულების კრებულების ქართულად გადმოტანაზე იყო ორიენტირებული, გამდიდრდა ეგზეგეტური, კომენტარული, სქოლასტური ხასიათის ძეგლებით. მე-11 საუკუნის ბოლო მეოთხედში გაჩნდა ახალი მიმდინარეობა, ელინოფილიზმი, რომელმაც მოიცვა ქართველ მწიგნობართა საქმიანობის ყველა სფერო, მათ შორის – ხელნაწერი წიგნის შექმნის კულტურა.

ქართული ხელნაწერის ელინიზაციის პროცესის შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული ქართველ მწიგნობართა, განსაკუთრებით შავი მთის ცნობილი მთარგმნელის, ეფრემ მცირის ანდერძ-მინაწერებში (იოანე დამასკელის „დიალექტიკასა“ და „გარდამოცემაზე“, ასევე, სამოციქულოსა და ფსალმუნთა განმარტებებზე დართული წინასიტყვაობები და სხვ.). ამ წყაროებზე დაყდნობით, ასევე მე-11-მე-12 საუკუნეების ქართული ხელნაწერების შედგენილობის ანალიზისა და ბერძნულ ხელნაწერებთან მიმართებით კვლევის მიხედვით, შესაძლებელია იმ თეორიული კონცეფციების რეკონსტრუქცია, რომლებსაც ეფუძნებოდა ამ პერიოდის ქართულ ხელნაწერ წიგნებზე მუშაობა.

მე-11-მე-12 საუკუნეების ქართულ ხელნაწერში ბერძნულის ანალოგიით შეტანილი ისეთი სტრუქტურული კომპონენტები, როგორებიცაა, მაგალითად, მარგინალური შენიშვნები და ნიშნები, ლექსიკონი, სარჩევი (ზანდუკი) და სხვ., საძიებო საშუალებებია, რომლებმაც, სათარგმნი მასალის რეპერტუარის ცვლილებასთან ერთად, გამოკვეთა ქართული ხელნაწერის წიგნის სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულება; შესაბამისად, შეიცვალა დამოკიდებულება შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნისა და, ზოგადად, კითხვის მიმართ; ხელნაწერი წიგნი უკვე აქტიურად გამოიყენებოდა არა მარტო ლიტურგიკულ პრაქტიკასა თუ სამონასტრო სენაკში მედიტაციური კითხვისათვის, არამედ სამეცნიერო, სასწავლო მიზნებისათვის. ამ პროცესებმა კი, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ქართულ მწიგნობრულ ტრადიციაში ახალი ტიპის –„სწავლისმოყვარე“, „გულისხმისმყოფელი“, „გამომეძიებელი“ – მკითხველის გაჩენას.

ია ახვლედიანი - სპეკალები და სპეკალთა იმიტაციები ქართული ხელნაწერების ჭედურ ყდებზე

ია ახვლედიანი

გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი

ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ექსპერტ-გემოლოგი.

 

სპეკალები და სპეკალთა იმიტაციები ქართული ხელნაწერების ჭედურ ყდებზე

ხელნაწერთა, განსაკუთრებით კი ლიტურგიკული დანიშნილების სახარებათა, ჩასმა ოქრო-ვერცხლისაგან დამზადებულ ჭედურ ყდებში და გაწყობა ძვირფასი ქვებით – სპეკალებით, ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა. პირველი წერილობითი ცნობა მოთვალული ყდების შესახებ დაკავშირებულია ნეტარი იერონიმეს სახელთან (384 წ.). მე-6 საუკუნიდან თვლებით შემკული ყდების გამოსახულებას ვხედავთ მოზაიკასა და სხვა გამოსახულებებზე, ასეთია მე-6 საუკუნის ქრისტე პანტოკრატორის ენკაუსტიკური ხატი წმ.ეკეტერინეს მონასტრიდან და იუსტინიანე I-ის ცნობილი მოზაიკა სან- ვიტალეს ბაზილიკიდან როვენაში (იტალია). თვლებით შემკული ყდებია გამოსახილი მათე და მარკოზ მახარებლების მინიატურაზე მარტვილის სახარებიდან (1050 წ.) და მინანქრის მედალიონებზე, რომელიც ხახულის ხატს ამკობს.

სპეკალებისა დანიშნულება არ იყო მხოლოდ სიმდიდრის დემონსტრირება. ძვირფასი ქვების ქრისტიანულ სიმბოლოებს საფუძვლად დაედო მათი ხსენება ბიბლიაში და თეოლოგიური კომენტარი კესარიის არქიეპისკოპოს ანდრეას (V საუკუნის ბოლო) ტრაქტატში „აპოკალიფსის განმარტებანი“, აგრეთვე წმინდა ეპიფანე კვიპროსელის (IV საუკუნის ბოლო) ტრაქტატში 12 ქვის შესახებ მღვდელმთავარი აარონის სამკერდულზე. ეკლესიისათვის სპეკალები სულიერ თვისებებს განასახიერებს  ამით აიხსნება ძვირფასი ქვების სიმრავლე სახარების ყდებზე და სხვა საეკლესიო რელიქვიებზე.

აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა (ოქტომბერი, 2014წ. –  მაისი, 2015წ.) პროექტი „უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)“, რომელიც ითვალისწინებდა ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერების ჭედური ყდების ყოველმხრივ შესწავლას მათი შემდგომი რესტავრაციის, კონსერვაციის, დაცვისა და პროპაგანდის მიზნით. პროექტის ნაწილი იყო მოთვალული ჭედური ყდების გემოლოგიური კვლევა.

ამრიგად, მონაცემები XI-XIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერთა ჭედური ყდების  მორთულობაში გამოყენებული სპეკალების შესახებ, ემყარებს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 18 ჭედური ყდის გემოლოგიური შესწავლის შედეგებს. კვლევის პროცესში  იდენტიფიკაცია  ჩაუტარდა  919 თვალს.

ჭედურ ყდებზე სპეკალები ჩასმულია მეტალის ყრუ ბუდეში. თვლების ზურგის მხარე მიუწვდომელია დათვალიერებისათვის. როგორც ქვების ჩასმა, ასევე მათი ურთიერთგანლაგება და ზედაპირის მდგომარეობა გამორიცხავს რეფრაქტომეტრის გამოყენებას. გამორიცხულია აგრეთვე მუშაობა ხელსაწყოებით, რომელთაც სჭირდებათ გამჭოლი დაპოლარებული სინათლე. ამიტომ ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს გარეგან იერსა და ჩანართებს. ეფექტურია ხელის სპექტროსკოპისა და  თერმული ინერციის ტესტერის გამოყენება კომბინაციაში პროფესიულ UV ფლუორესცენტურ ნათურასთან,  წითელი სპეკალების – რუბინის, შპინელისა და გრანატის (ალმანდინია) ერთმანეთისაგან გასარჩევად, აგრეთვე მინების გამოსავლენად.

მოჭედილ ყდებზე ბუნებრივ სპეკალებს შორის  დადგენილია ამეთვისტო (1 შემთხვევა), ვარდისფერი შპინელი, რუბინი (წითელი იაგუნდი), ცისფერი საფირონი (2 შემთხვევა), ვარდისფერი საფირონები,  წითელი გრანატი, ალმანდინი (ალმანდინი დადგენილია სპექტრის საფუძველზე და შემოწმებულია XRF ხელის ანალიზატორის გამოყენებით). ეს არის ტიპიური ალმანდინი სპესარტინის მოლეკულის უმნიშვნელო მინარევით  Mn), მარჯანი, იასამნისფერი და იისფერი საფირონები ფერის ცვლის ეფექტით, ვარსკვლავიანი საფირონები და რუბინები, ფირუზი, სარდიონი, ცისფერი ქალცედონი, ზურმუხტი და ზურმუხტისებრი შეფერილობის მწვანე ბივრილები, ქრიზოლითი, მთის ბროლი, იოლითი (მანამდე იყო აღწერილი, როგორც ლურჯი საფირონი). ქვების უმეტესობს ჰქონდა ტიპიური ადვილად საცნობი ჩანართები. ჩანართების საფუძველზე საფირონების  წყაროდ დასახელდა კუნძული ცეილონი, რუბინების წყაროდ ცეილონი და ბირმა. ზურმუხტებისა და მწვანე ბივრილების  – კოლუმბია.

ბევრი თვალი აღმოჩნდა  სპეკალთა ცილი  –  ფერადი მინა ან უფერო მინა ( ზოგჯერ მთის ბროლი)  ფერადი „სარჩულით“.  გასული საუკუნეების თვალთახედვით ლურჯი მინა ან ლურჯ სარჩულზე დასმული მთის ბროლი წარმოადგენდა საფირონის, ხოლო მწვანე სარჩულზე დასმული – ზურმუხტის  ჩვეულ იმიტაციას, წითელი „სარჩულიანი“  ქვები – რუბინის ცილია.

ფირუზი წარმოდგენილია ყდებზე ყველაზე მრავალრიცხოვანი იმიტაციებით. ფირუზის იმიტაცია ხდება გაუმჭვირვალე ცისფერი მინით, კერამიკული მასებით, შეცხობის პროდუქტებით. 1872 წელს ეკატერინე ჭავჭავაძემ მოაჭედინა სახარება და შეამკო თვლებით, რომელიც ერთი შეხედვით გავს ფირუზს. გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ თვლები მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი ფირუზის იმიტაცია – დაფხვნილი, გამოლექილი და წნევის ქვეშ დაპრესილი მასალა.

XVIII საუკუნეში ევროპელმა მინის მწარმოებლებმა აღმოაჩინეს, რომ ტყვიის ჟანგის დამატება აძლიერებს მინის ელვარებასა და დისპერსიას. ასეთ მინას, რომელსაც  ალმასების შემცვლელებად იყენებდნენ, უწოდეს  „სტრაზი“. ჭედური ყდებზე H1689  (1799 წ.)  და  Q 895 (1826 წ.)  სტრაზებით გაწყობილია ფერწერული მინანქრის მედალიონები.

განსაკუთრებულ  ყურადღებას იმსახურებს მინის სამი თვალი წყაროსთავის სახარებაზე – 2 ლურჯ კაბოშონი ზედა  და 1 მუქი მოყვითალო-მწვანე ფირფიტა ქვედა ფრთაზე. ვინაიდან, თუ თვლები ყდის თანადროულია, ეს ნიშნავს  XII საუკუნეს და „ბიზანტიურ“ ეპოქას მინის ხარშვის ისტორიაში. „ბიზანტიური მინების“  შედგენილობა,  როგორც წესი, განსაკუთრებული კვლევის საგანია.

მარგალიტს  X-XIIს.ს იყენებენ, როგორც საშუალებას ხაზი გაუსვან ქვის ფერადოვნებას, რისთვისაც სპეკალს გარს აკრავენ წვრილი მარგალიტის ასხმების გვირგვინს. XVI-XVII მარგალიტი იმკვიდრებს დამოუკიდებელ  ადგილს  – მას ამაგრებენ სხვა ქვებს შორის პატარა სამჭვალებით ან სვამენ ლითონის ბუდეში.

მარგალიტის შემკულულობა ნაწილობრივ შენარჩუნებულია ბერთას სახარებაზე, ალავერდის ოთხთავზე, დიდი ალბათობით მარგალიტის ასხმების არსებობა იგულისხმება წყაროსთავის სახარებაზე (შემორჩენილია ასმების მისამაგრებელი მარყუჟები, არსებობს წერილობითი ცნობა მარგალიტების დეკორის არსებობის შესახებ).

მაია კარანაძე - ქართული ხელნაწერი წიგნის ყდია

მაია კარანაძე

ფილოლოგიის დოქტორი,

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

ხელოვნების ისტორიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

 

ქართული ხელნაწერი წიგნის ყდია

ქართული ხელნაწერი წიგნის ყდის ისტორიას ჩვენი მწიგნობრობის სათავეებთან მივყევართ. V-VIII სს. დათარიღებულ ხანმეტ პალიმფსესტებს შემორჩენილი აქვს რვეულებრივი პაგინაციის კვალი, რაც იმზე მეტყველებს, რომ V ს-ში წიგნი აკინძული და ყდაში ჩასმულია.

ტყავის გაფორმებასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობას გვაწვდის კახეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრები. შუა ბრინჯაოს ხანაში განვითარებული ყოფილა ტყავის ტვიფრული დამუშავება. ნაპოვნია ტყავის სამკუთხა, ამოტვიფრული დროშები. სავარაუდოდ, V ს-ში ტყავის ყდა შესაძლებელია ყოფილიყო ამოტვიფრული.

ეკლესია-მონასტრებში იღწვოდნენ `მმოსველები~, `მმკაზველები~ და `შემმკვრელები~. ტემინებში იგულისხმება ხელნაწერის ყდაში ჩასმის სრული  პროცესი. ყდის გამკეთებლად ზოგჯერ გადამწერიც გვევლინა.

ქართული ხელნაწერი წიგნის შემქმნელთ ახლო კონტაქტები ჰქონდათ ბიზანტიურ, სომხურ, აღმოსავლურ, ევროპულ, რუსულ და სხვა მწიგნობრულ კერებთან.

X საუკუნის სინაზე მოღვაწე ქართველი ბერებისთვის წიგნის შემოსვის ორი პროცესი _ აკინძვა და ხის ძაფების მიმაგრება ერთ მთლიან და კომბინირებულ სამუშაოს შეადგენდა, რომესაც ბერტ ვან რეჟემორტერმა `ქართული კერვა~ უწოდა.

მასალის სისტემატიზაციის შედეგად გამოიყო ქართული ხელნაწერის წიგნის ყდის განვითარების სავარაუდო სამი ეტაპი: ადრეული, გარდამავალი, გვიანდელი.

ადრეული  (X-XVI სს.) პერიოდის ყდებისთვის დამახასიათებელია: სწორად მოთლილი მასიური ხის დაფები, მოჭრილი ხელნაწერის ფურცლების პირზე. გლუვი ყუა, რაც `გრეკაჟის~ ტექნიკით მიიღება (V-ის ფორმის ჩაჭრა ყუაზე). დეკორში გამოიყენება როგორც `ხაზოვანი~ და `წნული~ ორნამენტები, ისე `საბორდიურე~ და `შემავსებელი ~ტვიფრები.

გარდამავალი (XVII ს.) ყდების  ხის დაფები უცვლელია, ყუაზე ჩნდება შეკერვის რელიეფური ადგილები. Dდეკორში ცვლილებები არ შეიმჩნება.

XI ს-დან  მოყოლებული XIX ს-ის ჩათვლით ხელნაწერი წიგნის შექმნაში საერო არისტოკრატიის ჩართვამ  ხელი შეუწყო  მდიდრულად შემკული ჭედური ყდების შექმნას. XII ს-ში მოღვაწეობენ ცნობილი ოქრომჭედლები _ ბეშქენ და ბექა ოპიზრები. XIV ს-ში ჩნდება ტყავითა და ჭედური დეტალების კომბინაციით შექმნილი ყდები.

XVIII ს. დასაწყისი საქართველოს კულტურული ცხოვრების ის პერიოდა, როდესაც ხელნაწერი წიგნის გვერდით გაჩნდა ნაბეჭდი წიგნი (1709 წ. სახარება). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში სტამბა შემოდის რუმონეთიდან.

გვიანდელი (XVIII_XIX სს.) ქართული წიგნის ყდის გარეგნული მხარე გამოხატულად იცვლება. ირიბად მოთლილი ხის დაფები გადმოდის და ფარავს წიგნის მთლიან კორპუსს, ყუა რელიეფურია. დეკორში ჩნდება სიუჟეტური, ფოთლოვან-ყვავილოვანი და გეომეტრიული ნახატის შემცველი ტვიფრები. ყდა განიცდის  ევროპულ გავლენას.

მზექალა შანიძე - ქართული ენა

მზექალა შანიძე

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

 

 

ქართული ენა

 

ლექციაში წარმოდგენილია ქართული ენის ზოგადი მიმოხილვა – ქართული ენის წარმოშობისა და ისტორიის საკითხები, მისი მიმართება სხვა ენებთან, ქართველური ენები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის შესასწავლად; ნაჩვენებია ქართულის ყველაზე უფრო დამახასიათებელი  ნიშნები – ფონემატური სტრუქტურა, ძირითადი გრამატიკული კატეგორიები და მათი სტრუქტურა, მოთხრობითი ბრუნვა; ზმნის მრავალპირიანობა, დროთა სისტემა და სხვ.

მზექალა შანიძე - ქართული ხელნაწერი და ტექსტის დადგენის პრობლემა

მზექალა შანიძე

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

 

 

ქართული ხელნაწერი და ტექსტის დადგენის პრობლემა

 

ლექციაში განხილულია ტექსტოლოგიური პრობლემები, რომლებიც ხვდება მკვლევარს ქართულ ხელნაწერზე მუშაობისას მათი ტექსტის გამართვის, და გამოსაცემად მომზადების დროს. ამ მუშაობისას გასათვალისწინებელია მრავალი სპეციფიკური ფაქტორი: სალიტერატურო ქართული ენის განვითარების თავისებურებანი, ტექსტის რაობა და ხასიათი, ხელნაწერთა რაოდენობა, მათი მდგომარეობა და სხვ. ყოველი ცალკეული თხზულების ტექსტზე მუშაობა მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას ტექსტოლოგიის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

ლექციაში დასახელებულია კონკრეტული მაგალითები სხვადასხვა ტექსტებზე მუშაობისა, აღნიშნულია ის განსაკუთრებული სიძნელეები, რომლებიც ახლავს ზოგიერთ ტექსტზე მუშაობას. ქართულ სინამდვილეში ასეთია „ვეფხისტყაოსანი“, „ქართლის ცხოვრება“, ბიბლიური ტექსტები, XVIII ს. ფსევდო არქაული ენით დაწერილი თხზულებები.

მზია სურგულაძე - დროისა და სივრცის აღქმა შუა საუკუნეების საქართველოში ისტორიული დოკუმენტების მიხედვით

მზია სურგულაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი

 

 

დროისა და სივრცის აღქმა შუა საუკუნეების საქართველოში ისტორიული დოკუმენტების მიხედვით

 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება 60 ატასსზე მეტი ისტორიული დოკუმენტი. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია  ქართულენოვანი დოკუმენტები, ასევე ინახება    სპარსული და ოსმალური დოკუმენტების  ფონდები და  ევროპულ და რუსულ  ენებზე დაცული მცირერიცხოვანი კოლექციები, რომლებშიც ასახულია არა მხოლოდ   ჩვენი ქვეყნის, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების  პოლიტიკური მდგომარეობა და მათი  მნიშვნელობა საერთაშოორისო პოლიტიკის კონტექსტში.

ისტორიულ დოკუმენტებს შორის ვხვდებით დიპლომატიურ მიმოწერას, მეფეთა, დიდმოხელეების,  საეკლესიო იერარქების მიერ სხვადასხვა ვითარებაში გაცემულ ბრძანებებს,  განკარგულებებს, კერძო გარიგებებს და სასამართლო აქტებს.  არც ერთი სხვა ისტორიული წყარო არ არის საზოგადოების განვითარების და სახელმწიფოს შინაგანი მოწყობის შესახებ ისეთი მდიდარი ინფორმაციის შემცველი, როგორც  დოკუმენტური წყაროები.

ისტორიული საბუთები ასახვენ შუა საუკუნეეების საქართველოს პოლიტიკურ წყობას და საზოგადოების სამართლებრივ შეგნებას, ქრისტიანულ იდეოლოგიას და ფასეულობათა სისტემას.

ისტორიული საბუთების ტექსტი – მისი აღნაგობა, სტერეოტიპული  ფრაზეოლოგია, ფორმულები,  ტექსტის განსაკუთრებულ სტრუქტურას ქმნის, რითაც იგი განსხვავდება ნებისმიერი სხვა ტიპის წერილობითი წყაროსაგან. ამიტომ ისტორიული საბუთების ტექსტის წასაკითხად, მისი მდიდარი ინფორმაციული ღირებულების გამოსავლენად მეცნიერები მიმართავენ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ.

ნანა თარგამაძე - ქართული ნაბეჭდი წიგნი (XVII-XVIII სს.)

ნანა თარგამაძე

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილების უფროსი

 

ქართული ნაბეჭდი წიგნი (XVII-XVIII სს.)

 

1629 წელს რომში დაიბეჭდა პირველი წიგნები ქართული ნაბეჭდი ტექსტებით: ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ქართული ანბანი ლოცვებითურთ და `ლიტანია ლაურეტანა~ – ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ლოცვა.

ხსენებული წიგნები კათოლიკური `სარწმუნოების პროპაგანდის~ მიერ არის გამოცემული. ამ პერიოდში (XVII ს. დასაწყისი) რომის კათოლიკე მისიონერები ქართული ენის შესწავლით იყვნენ დაინტერესებულნი. ქართულ-იტალიური ლექსიკონის ავტორად იტალიურად დაბეჭდილ თავფურცელზე სტეფანე პაოლინის გვერდით ნიკიფორე ირბახი, იგივე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი იხსენიება.

ნიკიფორე ჩოლოყაშვილი _ თეიმურაზ I-ის ელჩი ევროპაში, განათლებული, ენების მცოდნე, `ქართული ანბანისა და ლოცვების~ შემდგენელი, `ლიტანია ლაურეტანას~ მთარგმნელი ლათინურიდან ქართულ ენაზე, პირველი ქართული მხედრული შრიფტის ჩამოსხმის მონაწილეა.

რომში XVII საუკუნის განმავლობაში დაბეჭდილ წიგნთაგან ცნობილია ხუთი სახელწოდების ქართული გამოცემა. მათ შორის მარია-მაჯიოს ქართული ენის გრამატიკა გამოცემულია ორჯერ 1643 და 1670 წწ.

საქართველოშიც იყო მცდელობა ქართული სტამბის დაარსებისა. XVII ს. მიწურულს არჩილ მეორემ (უკვე რუსეთში ემიგრაციაში მყოფმა) ბატონიშვილ ალექსანდრესთან ერთად შეძლო შვედეთში ქართული შრიფტის ჩამოსხმა. 1705 წელს მოსკოვში ქართულად დაიბეჭდა `დავითნი~, რითაც დასაბამი მიეცა რუსეთში ქართული წიგნის ბეჭდვას.

1709 წელს თბილისში დაარსდა ვახტანგ VI სტამბა, რაც განსაკუთრებული მოვლენაა ქართული ეროვნული კულტურის განვითარების ისტორიაში.

ვახტანგის სტამბამ 13 წელი იარსება (1709-1722 წწ.). ეს იყო წარმატებული საქმიანობა, რაც მრავალმა ფაქტორმა განაპირობა: მიხეილ იშტვანოვიჩის (მესტამბე ოსტატის) პროფესიონალიზმმა, ქართველი სტამბის მუშაკების (ნიკოლოზ ორბელიანის, მიქელ დეკანოზის შვილის, გიორგი მხატვრის, გაბრიელ მღვდელის, იოსებ სამებელის) თავდადებულმა, გონივრულმა საქმიანობამ, ტექნიკურად ტექსტის გამართვის დიდმა ოსტატობამ, ჩართული გრავიურების, შრიფტის და საბეჭდი ქაღალდის მაღალმა ხარისხმა.

ვახტანგის სტამბაში დაიბეჭდა ოცი გამოცემა. უნდა ვიფიქროთ, რომ ვახტანგის სტამბის გამოცემებს ჩვენამდე სრულად არ მოუღწევია. 1722 წელს ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებამ ვახტანგ VI აიძულა რუსეთში გახიზნულიყო.

საქართველოში მეოთხედი საუკუნის მანძილზე წიგნის ბეჭდვა შეფერხდა, მაგრამ განაგრძობს განვითარებას მოსკოვში. 1737 წელს გამოდის პირველი წიგნი `დავითნი~. შვიდი წლის მანძილზე ქართველი ემიგრანტები ახერხებენ თერთმეტი დიდტანიანი წიგნის გამოცემას, მათ შორის, 1743 წელს ბიბლიის და არსენი იყალთოელის თარგმნილი თხზულების დაბეჭდვას.

ქართული შრიფტი მოსკოვის სტამბისათვის მზადდებოდა პეტერბურგში სტამბის დიდი მოღვაწის ქრისტეფორე გურამიშვილის ხელმძღვანელობით. მისივე ხელმძღვანელობით პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიასთან ეწყობა სტამბა (1736-1737 წწ.). ამ სტამბაში დაიბეჭდა რუსულ-ქართული ანბანი ლოცვებითურთ, ლათინური ლოცვების ტექსტითა და გერმანული შენიშვნებით. (დაცულია მხოლოდ პეტერბურგში).

მოსკოვის სტამბის წიგნები განიცდიან რუსული სტამბის გავლენას. ორიგინალობა მხოლოდ შერჩა ბაგრატიონთა ღერბის გაფორმებას. მოსკოვის სტამბა მხოლოდ ნუსხურ შრიფტს ხმარობს.

1749 წელს ერეკლე II მეფობისას შეიქმნა ხელსაყრელი პირობები სტამბის აღდგენისათვის. ამ საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულა ანტონ პირველმა. (ერეკლეს სტამბაში დაიბეჭდა 40-მდე წიგნი, რომელიც არსებითად იმეორებდა ვახტანგის სტამბის გამოცემებს).

1749 წელს დაიბეჭდა დავითნი: ერეკლეს სტამბა მოქმედებდა 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე.

1800 წელს ქართული სტამბა მესამედ აღდგა. აღდგენილ სტამბაში მხოლოდ ორი გამოცემა გამოდის: `დაუჯდომელი~ და დავით ბატონიშვილის `ნარკუევი~.

საყურადღებოა, ქართული სტამბის ამუშავება (1796-1801 წწ.) მოზდოკში მცხოვრებ გაიოზ რექტორის ინიციატივითა და ხარჯით. მოზდოკში მოღვაწეობდა სტამბის დიდი ოსტატი რომანოზ რაზმაძე-ზუბაშვილი. დაისტამბა ოთხი გამოცემა, მათ შორის, გაიოზის `ანბანი~, რომელიც სასტამბო ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

იმერეთში 1800 წლიდან მოქმედებას იწყებს პირველი სტამბა.

1799 წელს სოლომონ II სპეციალურად გზავნის მოსკოვს მესტამბე გიორგი პაიჭაძეს. 1800 წელს ქუთაისში დაიბეჭდა პირველი წიგნი – `დავითნი~.

1803 წელს ქუთაისში იწყებს მოღვაწეობას რომანოზ რაზმაძე-ზუბაშვილი. იმერეთის სტამბა 1809-1811 წელს წესში მუშაობს, ხოლო 1815-1817 წწ. საჩხერეში ზურაბ და გრიგოლ წერეთლების კარზე ბეჭდავს წიგნებს.

ნიკოლოზ ალექსიძე - საქართველო და სახმრეთი კავკასია: ერთობა, მრავალფეროვნება და მეხსიერება

ნიკოლოზ ალექსიძე

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო;

მეცნიერი თანამშრომელი, პემბროკის კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი

 

საქართველო და სახმრეთი კავკასია: ერთობა, მრავალფეროვნება და მეხსიერება

 

ქართველოლოგია ხშირად განიხილება როგორც უფრო დიდი დარგის, კავკაციისმცოდნეობის, ნაწილად, რომელიც მოიცავს შუა საუკუნეების ალბანური, სომხური და ქართული ისტორიისა და კულტურის კვლევას. მართლაც, საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის სათანადო გასააზრებლად აუცილებელია მომიჯნავე დისციპლინებისა და პროცესების კარგი ცოდნა, განსაკუთრებით კი სომხეთთან დაკავშირებული საკითხებისა.

ლექცია მოკლედ მიმოიხილავს შუა საუკუნეების ისტორიული და იდენტობის რიტორიკის ფორმირებას სამხრეთ კავკასიაში. რამდენიმე კითხვას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება, რომლებიც ეხება ქართველებსა და სომხებს შორის ეთნიკური, პიოლიტიკური და რელიგიური დისკურსების ფორმირებას საუკუნეების მანძილზე: რა ფუნქციები ჰქონდათ ეთნიკურ და რელიგიური მარკერებს კავკასიაში? ფარავდა თუ არა ისინი ერთმანეთს? რა როლს თამაშობა სომხეთი და სომხები შუა საუკუნეების ქართულ პოლიტიკურ რიტორიკაში და პირიქით – რა ადგილი ეკავათ ქართველებს სომხურ პოლიტიკურ დისკურსში?

წარსულის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება განსაკუთრებით თვალნათელი ხდება ქართველებისა და სომხების საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, რომელიც მოხდა მეშვიდე საუკუნის დასაწყისში. შემდეგი რამდენიმე საუკუნის მანძილზე განვითარებული მწვავე რელიგიური დებატებისა და პოლიტიკური დავის განმავლობაში, ორივე ერის ინტელექტუალები ცდილობდნენ შეექმნათ ‘გამოყენებადი წარსული’ და ჩამოეყალიბებინათ საკუთარი ერების დიდი ნარატივები. ‘საკუთარი თავისა’ და ‘სხვისი’ მუდმივად ხატები იქმნებოდა და ხდებოდა მათი რეპროდუქცია ყოველთვის, როცა საჭირო იყო წარსულის რეპლიკაცია და ხელახალი გამოგონება, როცა ამას მოითხოვდა აწმყოს საჭიროება. პოლიტიკურ სტატუს კვოს სჭირდებოდა ახსნა და გამართლება, რისთვისაც იქმნებოდა ინტეპრეტაციული სქემები. ინტეპრეტაციული სქემები წარსულს ანიჭებდა არა მხოლოდ მნიშვნელობას, არამედ ყოველ ჯერზე გარდაქმნიდა წარსულს იმისათვის, რომ მეტი სიცხადე შეტანილიყო აწმყოში და ამით შენარჩუნებულიყო მემკვიდრეობითობა ბუნდოვან წარსულსა და პრობლემურ აწყმოს შორის.

ნინო ქავთარია - მინიატიურა და დეკორი ქართულ ხელნაწერებში

ნინო ქავთარია

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

ხელოვნების ისტორიის განყოფილების უფროსი

 

მინიატიურა და დეკორი ქართულ ხელნაწერებში

ლექცია ითვალისწინებს ქართული ხელნაწერი წიგნის მხატვრული გაფორმების ხელოვნების შესწავლას, სამინიტიურო სკოლებისა და ცალკეული საეტაპო მნიშვნელობის ძეგლების გაცნობის ფონზე. მისი მიზანია იმ ძირითადი ტენდენციებისა და ცალკეული ძეგლების მიმოხილვა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს წიგნის მხატვრობის განვითარებას. კურსი ეხმარება სტუდენტს, რათა შუა საუკენეების ხელოვნების კონტექსტში გაიაზროს ხელოვნების ამ დარგის განვითარების პროცესი.

სალექციო კურსი მოიცავს წიგნის მხატვრული გაფორმების ძირითადი ტენდენციების ქრონოლოგიურ-თემატური პრინციპით წარმოდგენის მცდელობას, დროის, ადგილის, საზოგადოების კონტექსტში, ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით; წიგნის მხატვრული გაფორმება – კალიგრაფიის, მინიატიურების, ყდის სახით წარმოაჩენს სულიერი კულტურის, რელიგიური მრწამსისა და მხატვრული აზროვნების თვალსაჩინო ნიმუშს, რომელიც ასახავს თანადროული ეპოქის საზოგადოებრივ მოთხოვნებს და მხატვრულ გემოვნებას.

ძირითად კურსში გაანალიზირებული იქნება შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნის გაფორმების ძირითადი მიმართულებები, ის იკონოგრაფიული და სტილისტური თავისებურებანი, რომელთა შესწავლა მოხდება ქართული და ბიზანტიური წიგნის მხატვრობის მთავარი საკითხების წარმოჩენით, აღმოსავლეთ ქრისტიანული (სომხური, სირიული, კოპტური, ეთიოპური) და დასავლეთ ევროპული ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეების მხატვრული ტენდენციებისა და სამინიატიურო სკოლების მხატვრული ტრადიციების გათვალისწინებით.

ნინო ჯიშკარიანი - ქართული შრიფტის განვითარების ისტორია

ნინო ჯიშკარიანი

მხატვარი, გრაფიკოსი

თსს აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის შრიფტისა და ორნამენტის პედაგოგი

ასოციაცია „ქართული შრიფტის“ დამფუძნებელი

 

ქართული შრიფტის განვითარების ისტორია

თვალს თუ გადავავლებთ ქართული სასტამბო შრიფტების ისტორიას, დავინახავთ, რომ შრიფტები, ანუ მოძრავი ასოები, ერთბაშად არ შექმნილა. ამ შრიფტების გარკვეული სახის ჩამოყალიბებაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია დამწერლობის განვითარებამ, რომლის მნიშვნელობაც ჩვენს წინაპრებს კარგად  ჰქონდათ შეგნებული და დიდი სიყვარულითა და ენერგიით ანვითარებდნენ მას თავისი დროის შესაბამისად.  ბეჭდვითი საშუალებების განვითარებასთან ერთად სასტამბო შრიფტი თანდათან განთავისუფლდა ხელნაწერი ასოს გავლენისაგან, ნელნელა გაიყო დამწერლობისა და წიგნის ბეჭდვის განვითარების გზები.

პირველი ქართული სასტამბო შრიფტი გაკეთდა რომში, იმ წერილის ალფაბეტის მიხედვით, რომელიც თეიმურაზ პირველმა გაუგზავნა კათოლიკური ეკლესიის მეთაურს. 1629 წელს ამ შრიფტით აიწყო და დაიბეჭდა სტეფანო პაოლინის „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“ საქართველოში გამოგზავნილი მისიონერებისათვის. ამ შრიფტში არ იყო გათვალისწინებული ქართული ალფაბეტის მოხაზულობისა და პროპორციების თავისებურებანი

.საქართველოში პირველი ქართული სტამბის დაარსება უკავშირდება მეფე ვახტანგ VI-ის სახელს, რომელიც დაარსდა 1709 წელს. ვახტანგის სტამბის შრიფტები, გრაფიკული შესრულებით რომის შრიფტებზე ბევრად უფრო მაღლა იდგა.

ჩვენი პატარა ქვეყნის გეოპოლიტიკური გარემოებების ცვლამ შრიფტის განვითარებასაც დაასვა დაღი.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული პოლიგრაფიის ცენტრი რუსეთისა და ევროპის ქალაქებიდან ისევ და საბოლოოდ თბილისში გადმოდის. იხსნება სტამბები და წიგნის ბეჭდვა ფართო ხასიათს იღებს. ამ პერიოდის მოღვაწეთა შორის იყო პირველი გრავიორი გრიგოლ ტატიშვილი, რომლის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს 1888 წელს გ. ქართველიშვილის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ გაფორმება.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გამოცხადდა სტამბებისა და პოლიგრაფიული სახელოსნოების ნაციონალიზაცია. შეიქმნა სახელმწიფო გამომცემლობა და მასთან ჩამოყალიბდა „პოლიგრაფტრესტი“, რომელსაც დაევალა საშრიფტო მეურნეობისა და პოლიგრაფიულ საქმეთა მოგვარება.1947 წელს შეიქმნა „ქართული შრიფტის  კომიტეტი“. 1950 წლიდან ქართული საშრიფტო მეურნეობა იწყებს აღმავლობას და მდიდრდება ახალ-ახალი სატექსტო და სატიტულო შრიფტებით. იმ დროისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა იყო მთავრობიდან სახელმწიფო შრიფტის ლაბორატორიის სახით, რაც ამ საქმეს ძალიან ჭირდება.

ასპარეზზე ჩნდებიან მხატვრები, რომლებიც ძალღონეს არ იშურებენ ამ საქმის განვითარებისათვის. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ლადო გრიგოლიას შექმნილი  ფუნდამენტური ნაშრომები: „ აკადემიური შრიფტი და მისი 396  ვარიაციათა სისტემა“ (1951-1955 წლებში), „მხატვრული შრიფტები და მათი შექმნის ხერხები,“ შრიფტების ტაბულები მხატვრული, საპლაკატო, პოლიგრაფიული, სასწავლო და სხვ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოლიტიკური სიტუაციისა და მთავრობების ცვლილებების პერიოდში სამწუხაროდ შრიფტზე ზრუნვისათვის სახელმწიფომ ისევ ვეღარ მოიცალა, რის გამოც შრიფტის განვითარების გზა მეტნაკლებად შეფერხდა. პირველი ქართული სასტამბო შრიფტების სრული კატალოგი გამოვიდა 1965 წელს (შემდგენელი  ბენო გორდეზიანი). მას მერე კატალოგი სრული სახით არ დაბეჭდილა, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ კატალოგებს, მაგ. ლადო გრიგოლიას „ქართული შრიფტის ხელოვნების საფუძვლები“(2004 წელს ავტორი ი. დივნოგორცევა-გრიგოლია), ან ალბომი მონოგრაფია „ქართული წიგნის ხელოვნება“, რომელშიც შესულია მე-20 საუკუნის სატიტულო შრიფტები (2013 წ. ავტ. ნ. ჯიშკარიანი).

დღეს ქართული შრიფტის თემა იმედისმომცემად გამოიყურება. 2015 წელს ასოციაცია „ქართული შრიფტის“ თაოსნობით გაკეთდა „შრიფტის გამოფენა“, სადაც ექსპონირებული იყო როგორც ძველი, ასევე თანამედროვე შრიფტების ნიმუშები. გამოფენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა დიდი განძის მფლობელები ვართ ძველი პოლიგრაფიული და ნახატი შრიფტების სახით, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება გაციფრულება და რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით დღეს. ასევე, სულ ცოტა ხნის წინ TBC ბანკის ხელშეწყობით ჩატარდა შრიფტების კონკურსი. ეს გამოცოცხლება შრიფტების მიმართ იმედია დასაბამს მისცემს შრიფტის/ფონტის განვითარებას.