ბარბარე (1879-1965) და ნინო (1867-1937) ყიფიანები

ბარბარე ყიფიანი: პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალი, საზოგადო მოღვაწე. დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი. დაამთავრა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელი (1899). 1901 წლიდან სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. ბრიუსელის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ქართულ და რუსულ სიტყვიერებაში. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის ექსპონატების შეგროვების, პოპულარიზაციისა და დაცვის საქმეში. მეურვეობდა და შემდეგ მიქელ თარხნიშვილს გადასცა ს. დადიანისა და ა. მიურატის ოჯახის ქონება და მათი არქივი.

ნინო ყიფიანი (ქალიშვილობის გვარი ტატიშვილი): ქართველი მწერალი. მსახიობ კოტე ყიფიანის მეუღლე. პირველი ვრცელი წერილი “ქართველი ქალების მოღვაწეობის მიმოხილვა” 1896 გამოაქვეყნა. იყო “ნაკადულის” მუდმივი თანამშრომელი. ფრანგულიდან თარგმნიდა საბავშვო მოთხრობებს. ეკუთვნის პუბლიცისტური წერილები, მოთხრობები, მოგონებები ქართველი მოღვაწეების შესახებ.

ბარბარე და ნინო ყიფიანების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1965 წლის 19 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 251).

ბარბარე და ნინო ყიფიანების ფონდი 811 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) მიმოწერა;
3) სხვადასხვა.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი