თედო ჟორდანია (1854-1916)

ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1875) და მოსკოვის სასულიერო აკადემია (1889). იყო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების”, საეკლესიო-საარქეოლოგიო საბჭოს, საეკლესიო სიძველეთა საცავის მზრუნველი კომიტეტისა და “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” წევრი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას შეკრიბა დიდძალი მასალა – ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვ., კრიტიკულად შეისწავლა და გამოაქვეყნა შეგროვებული მასალა. მასვე ეკუთვნის საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა. იკვლევდა ჰაგიოგრაფიულ და ჰიმნოგრაფიულ ძეგლებს და სხვ.

თედო ჟორდანიას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1960 წლის 12 ოქტომბერს (შემოსულობათა წიგნი # 85).

თედო ჟორდანიას ფონდი 824 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი