სათაური: რუსთაველის ეპოქა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია

ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე

რედაქტორი:  ზაზა აბაშიძე

გამოცემის თარიღი: 2017 წელი

გვერდების რაოდენობა: 95 გვერდი

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

აღწერა:

საქართველოს ისტორიის თითქმის საუკუნენახევრიან პერიოდს _ XI საუკუნის 90-იანი წლებიდან XIII საუკუნის 30-იან წლებამდე სამართლიანად მიიჩნევენ ჩვენი ქვეყნის განვითარების „ოქროს ხანად“. ხშირად ისტორიოგრაფიაში ამ ეპოქას ხან დავით აღმაშენებლის, ხან კი მეფე თამარის ეპოქად მოიხსენიებენ, მაგრამ, საბოლოოდ ჩვენი ისტორიის ამ მონაკვეთს, მაინც „რუსთაველის ეპოქის“ სახელი დაუმკვიდრდა. ეს სახელწოდება არა თუ აკნინებს დიდი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების და წმინდანების დავით IV აღმაშენებლის და თამარის უდიდეს ღვაწლს ქვეყნის განვითარების, წინსვლისა და გაძლიერების საქმეში, არამედ ხაზს უსვამს ქართველთა განსაკუთრებულ თაყვანისცემას შოთა რუსთაველის და მისი გენიალური „ვეფხისტყაოსნისადმი“.

საქართველოს ისტორიის აღნიშნულ პერიოდს ბევრი ისტორიკოსი შეხებია თავის ნაშრომებში და დღეისათვის ქართული ისტორიოგრაფია მდიდარია ამ ეპოქისადმი მიძღვნილი ლიტერატურით, მათ შორის, სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისა.

წინამდებარე წიგნის ავტორი, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ახალგაზრდობისთვის შექმნა ამ ეპოქის ამსახველი საკითხავი წიგნი, რომელიც ერთი წლით ადრე (1965 წ.) შოთა მესხიას ავტორობით გამოსულ „დიდგორის ბრძოლასთან“ ერთად, მალევე იქცა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად.

აღნიშნული წიგნის გამოცემიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, 1986 წელს, ვარძიის 800 წლისთავთან დაკავშირებით, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა მ. ლორთქიფანიძის ნარკვევი „ვარძიის ეპოქა“, რომელიც „რუსთაველის ეპოქის“ ერთგვარი რეზიუმეა, სხვაგვარი აქცენტებით და ახალი შტრიხებით.  ეს ნარკვევი თითქოს არ ეხება ქართველთა ისტორიის „ოქროს ხანას“, ანუ „რუსთაველის ეპოქას“, მაგრამ როგორც საქართველოს ისტორიის თითქმის ყველა ეტაპის მომცველი, შეიცავს ძალიან საინტერესო მოსაზრებებს და დაკვირვებებს ქართველთა ისტორიულ წარსულზე, იმაზე თუ რამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ, პრაქტიკულად, მუდმივი ბრძოლის პირობებში. თუმცა, ცხადია, ამ ნარკვევშიც ვერ აცდებოდა ავტორი იმ დიდ ეპოქას, რომელსაც წინა ნაშრომებში განიხილავს, რაც უფლებას გვაძლევს, ოც-ოცი წლის ინტერვალით დაწერილი ეს სამი ნაშრომი ერთად გამოვცეთ.

წინამდებარე წიგნი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერიის რიგით მეორე გამოცემაა და ეძღვნება ავტორის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლისთავს.