გამოცემები

სათაური: პუნქტუაცია ქართულ ხელნაწერებში

ავტორი: ლამარა ქაჯაია

რედაქტორი: დალი ჩიტუნაშვილი

გამოცემის თარიღი: 2018

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 199

ISBN: 978-9941-9539-8-9

აღწერა

ხელნაწერის კოდიკოლოგიური შესწავლა, მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კვლევა ყოველთვის იყო და დღესაც აქტუალურია მთელს მსოფლიოში. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გაძლიერდა ინტერესი ხელნაწერთა კოდიგოლოგიის ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა სასვენი და განკვეთილობის ნიშნები, ხელნაწერთა განკანონება, ხელნაწერის წიგნების კინძვისა და შემოსვის ტექნოლოგიები. ამ ინტერესით იყო გამოწვეული ცნობილი ქართველი მეცნიერის, ხელნაწერთმცოდნის ლამარა ქაჯაიას მიერ სადისერტაციო თემის – “პუნქტუაცია V-XII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში” შერჩევაც. ამ ნაშრომით დაიცვა მან საკანდიდატო დისერტაცია 1969 წელს. სამწუხაროდ, მის სიცოცხლეში ნაშრომის წიგნად გამოცემა ვერ მოხერხდა და ავტორი მხოლოდ რამდენიმე სტატიის დაბეჭდვით შემოიფარგლა.

წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს ლამარა ქაჯაიას სადისერტაციო ნაშრომს. წიგნში განხილულია V-XII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში არსებული პუნქტუაცია და მისი განვითარების ეტაპები. მასალა დალაგებულია ქრონოლოგიური თანამიმდევრობით, ერთგულების დიდი მოცულობის გამო, განხილულია, უმეტესწილად, თარიღიანი ძეგლები.

სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით ხელნაწერთა ძველი კატალოგების გვერდით მიეთითა თანამედროვე აღწერილობები, ასევე ტექსტის უკეთ აღსაქმელად შემცირდა მოყვანილი მაგალითების რაოდენობა.

გამოცემები

სათაური: ძველი აღთქმის მინიატურები ქართულ ხელნაწერებში XI-XVIII საუკუნეები

ავტორი: შესავალი ტექსტი ელენე მაჭავარიანი; ალბომი შეადგინეს, გამოსაცემად მოამზადეს და ბიბლიის შესატყვისი მუხლები დაურთეს: მაია კარანაძე, ვლადიმერ კეკელია, ელენე მაჭავარიანი

რედაქტორი: ნესტან ჩხიკვაძე

გამოცემის თარიღი: 2018

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 263

ISBN: 978-9941-9452-3-6

აღწერა

გამოცემაში თავმოყრილია  ძველი აღთქმის 252 მიანიატურა, რომლებითაც შემკულია  XI-XVIII საუკუნეებში შექმნილი  17 ქართული ხელნაწერი წიგნი. უდიდესი ნაწილი ძველი აღთქმის მინიატურებისა  XV-XVII  საუკუნეებით დათარიღებული ფსალმუნების ილუსტრაციას ემსახურება. ამ გამოცემის ღირსებად გვესახება ავტორთა ჩანაფიქრი, ხაზი გაუსვან ქართული ხელნაწერი წიგნის, როგორც კოდექსის, ილუსტრირების პრინციპებს, შინაარსობრივი და მხატრულ დეკორატიული ასპექტების ერთიანობას.

გამოცემაში სრულიად არის თავმოყრილი და ქრონოლოგიური თვალსაზრისით განთავსებული კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული ძველი აღთქმის სიუჟეტებისა თუ სახე-სიმბოლოების  XI-XVIII  საუკუნეებში შექმნილი ყველა გამოსახულება.