პრასკოვია უვაროვა (1840-1924)

რუსი არქეოლოგი, გრაფ ა. უვაროვის მეუღლე. 1879 წლიდან კავკასიაში მუშაობდა, ჯერ როგორც საველე არქეოლოგიური გათხრების მონაწილე, შემდეგ როგორც გათხრების ხელმძღვანელი. რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთსა და ხევსურეთში შეკრიბა ქრისტიანული ხანის ძეგლები და ნაწილი გამოაქვეყნა. 1902 გამოსცა კავკასიის მუზეუმის არქეოლოგიური მასალის კატალოგი, რომლის შესავალშიც განხილულია არქეოლოგიური კვლევა-ძიების ისტორია კავკასიაში, სიძველეთა დაცვის მდგომარეობა და მნიშვნელობა. 1884 წლიდან იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე და არქეოლოგიურ ყრილობათა ორგანიზატორი.

პრასკოვია უვაროვას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფონდი შედგება რუსეთის სახელმწიფო მუზეუმში დაცული უვაროვას მასალების ფოტოპირებისაგან.

პრასკოვია უვაროვას ფონდი 350 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი (დღიურები);
3) მიმოწერა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი