ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965)

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). დაამთავრა თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (1926). 1939 აირჩიეს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1948-1965 იყო ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი; 1951-1957 მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისისა და თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1946-1956 იყო თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების, შემდგომ განვითარებაში. ძირითადად იკვლევდა ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების საკითხებს. გამოაქვეყნა მრავალი ისტორიული დოკუმენტი. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება. იყო საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს თანაავტორი (1947).

ნიკო ბერძენიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა ნინო ბერძენიშვილმა 1974 წლის 31 მაისს (შემოსულობათა წიგნი # 428); ნაწილი შემოვიდა 1984 წლის 26 სექტემბერს (შემოსულობათა წიგნი # 590).

ნიკო ბერძენიშვილის ფონდი 3734 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) ფოტოები;
5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი