მიხეილ თამარაშვილი (მიქელ თამარათი) (1858-1911)

ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. დაწყებითი განათლება ახალციხის სამრევლო სკოლაში მიიღო. 1878 წლიდან კონსტანტინოპოლის ქართულ კათოლიკურ სასწავლებელში სწავლობდა, 1881-1883 კი ესპანეთის სასულიერო სემინარიაში. 1888 დაამთავრა პარიზის წმ. ლაზარეს დიდი სასულიერო სასწავლებელი. 1894 დაამთავრა რომის სასულიერო აკადემია და მოიპოვა ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება. მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მოიძია საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. აქვეყნებდა წერილებს ფრანგულ და იტალიურ პერიოდიკაში. მის ნაშრომს “საქართველოს ეკლესიის ისტორია” ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. სიცილიაში აღმოაჩინა ქრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი. დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში ელჩობის შესახებ მასალების მოძიებაში.

მიხეილ თამარაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივის ნაწილი შემოვიდა 1958 წლის 17 დეკემბერს (შემოსულობათა წიგნი # 10).

მიხეილ თამარაშვილის ფონდი 4280 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) ფოტოები;
5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი