მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი (1852-1941)

საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის ქალთა კურსები (1870). 1882 აირჩიეს სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრად. იყო მასწავლებელ ქალთა საზოგადოების გამგეობის წევრი, სამუსიკო სკოლის კომიტეტის წევრი. 1894 წელს გამოსცა მამის – ვახტანგ ორბელიანის ლექსების სრული კრებული. დიდ დახმარებას უწევდა საბავშვო ჟურნალებს – “ჯეჯილსა” და “ნაკადულს”, აგრეთვე, ქალთა საზოგადოება “განათლება”-ს. იყო თსუ-ის დაარსების ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი. 1918 აირჩიეს უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებული დამხმარე საზოგადოების წევრად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ და მთარგმნელობით საქმიანობას.

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1980 წლის 5 ნოემბერს (შემოსულობათა წიგნი # 550).

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ფონდი 1123 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი