ქრისტეფორე რაჭველიშვილი (1894-1937)

ქართველი ისტორიკოსი და ფილოლოგი. 1913 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. იმავე წელს სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ სტუდენტთა მანიფესტაციაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და დააპატიმრეს. შემდეგ გაგზავნეს თავისუფალ გადასახლებაში. 1917 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ქრისტეფორე რაჭველიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელგამში, ჟურნალ “ლიტერატურული მემკვიდრეობა”-ს რედაქციაში, “ქართული სიტყვიერების საუნჯე”-ს კოლეგიის წევრად, ენობრივი ნორმების დამდგენ სახელმწიფო კომისიაში. იგი “რაჭველის” ფსევდონიმით სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებში: “ცნობის ფურცელი” და “სახალხო საქმე”.

ქრისტეფორე რაჭველიშვილი ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა: “საქართველოს ფეოდალიზმის ისტორია” (თბ., 1927), “ქართული სტამბის წიგნი” (თბ., 1934), “ილია ჭავჭავაძე” (თბ., 1937) და სხვ.

ქრისტეფორე რაჭველიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ვაჟმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა ბაადურ რაჭველიშვილმა 2009 წლის 4 მარტს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი