კორნელი კეკელიძე (1879-1962)

ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და კიევის სასულიერო აკადემია (1904). ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” და “საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების” მუშაობაში. 1916 თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. აქვს მრავალი ნაშრომი ქართულ ფილოლოგიასა და ისტორიაში. განუზომელია მისი ღვაწლი ტექსტოლოგიაში; გამოავლინა, შეაგროვა და აღწერა მრავალი ხელნაწერი.

კორნელი კეკელიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1972 წლის 2 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 381); ნაწილი შემოსწირა ალ. ბარამიძემ 1977 წლის 20 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 492).

კორნელი კეკელიძის ფონდი 949 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი: ა) გამოკვლევები, ბ) ამონაწერები, გ) რეცენზიები;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა (მათ შორის, ქართული ხელნაწერი ტექსტები).

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი