ივანე ჯავახიშვილი (1876-1940)

ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939). დაამთავრა თბილისის გიმნაზია (1895) და პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება. 1907 დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია. იმავე წელს ჩამოაყალიბა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრე. ამავე წლიდან იყო “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” წევრი. მისი მეთაურობითა და ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით დაარსდა ქართული უნივერსიტეტი (1918). იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი (1918-1919), რექტორი (1919-1926), “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების” თავმჯდომარე (1921-1930), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი (1931 წლიდან), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის განყოფილების გამგე და კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი (1936 წლიდან), რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი (1937 წლიდან). მან ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. არ დარჩენილა ისტორიისა და ფილოლოგიის არც ერთი დარგი, რომელშიც მას ფუძემდებლური ნაშრომები არ დაეტოვებინა. დაწერა კაპიტალური ნაშრომი `ქართველი ერის ისტორია~, საგანგებოდ გამოიკვლია საქართველოს ეკონომიკური ისტორია, ქართული სამართლის ისტორია. დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის უძველესი აგებულებისა და ნათესაობის საკითხების დამუშავებას და სხვ.

ივანე ჯავახიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი ცენტრს გადასცა ისტორიის ინსტიტუტმა 1987 წლის 1 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 619).

ივანე ჯავახიშვილის ფონდი 2284 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) ფოტოები;
5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი