ირაკლი აბაშიძე (1909-1992)

ქართველი პოეტი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული “ვეფხისტყაოსნის” აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963 წლიდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი (1966 წლიდან). დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1931). იყო ჟურნალების – “ჩვენი თაობა” და “მნათობი” რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1953-1967).

ირაკლი აბაშიძის პირველი ლექსები 1928 წელს დაიბეჭდა. II მსოფლიო ომის დროს მან შექმნა ცნობილი ლექსი “კაპიტანი ბუხაიძე”. 50-60-იან წლებში ირაკლი აბაშიძემ იმოგზაურა ინდოეთში; 1960 წელს მონაწილეობდა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციაში. ამ მოგზაურობათა შემოქმედებითი შედეგი იყო ლექსების წიგნი “რუსთაველის ნაკვალევზე”, რომელიც აერთიანებს ციკლებს “მწველ ინდოეთში” და “პალესტინა, პალესტინა!” (1966 წელს მიენიჭა რუსთაველის სახელობის პრემია).

ირაკლი აბაშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ქალიშვილმა, ქართული ენციკლოპედიის წამყვანმა რედაქტორმა ირინე აბაშიძემ 2009 წლის 19 თებერვალს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი