სათაური: იოსებ ფლავიუსი

მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი

ავტორი: ნინო მელიქიშვილი

რედაქტორი: მზექალა შანიძე

გამოცემის თარიღი: 2014 წელი

გვერდების რაოდენობა: 378 გვერდი

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

აღწერა: ნაშრომით – იოსებ ფლავიოსი, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი, III – დასრულდა ახ. წ. I საუკუნის ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიოსის მიერ ბერძნულ ენაზე დაწერილი, 20 წიგნის შემცველი თხზულების – „მოთხრობანი იუდაებრივისა

ძუელსიტყუაობისანი“ – ქართული თარგმანის პუბლიკაცია. I-XV წიგნები ქართულ ენაზე ბერძნული დედნიდან უკვე XII საუკუნეში ითარგმნა. თარგმანმა ჩვენამდე XIII საუკუნის ხელნაწერით მოაღწია. ეს ნაწილი სამეცნიერო აპარატითურთ 1987-1988 წწ-ში გამოქვეყნდა ორ ტომად.

უკანასკნელი ხუთი წიგნის გამოცემით (XVI-XX წიგნები) შეივსო ხარვეზი, რომელიც დღემდე არსებობდა ამ კუთხით. თხზულების ეს ნაწილი ქართულად XIX საუკუნეში იქნა გადმოღებული ლათინურიდან მომდინარე რუსული თარგმანიდან სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის ინიციატივით მისი კარის მღვდლის, დავით ინანიშვილის მიერ. ფლავიოსის ნაშრომი ძირითადად XI-XX წიგნების ფარგლებში იძენს უძველესი ისტორიული წყაროს მნიშვნელობას, რადგან ეფუძნება ანტიკური პერიოდის ბევრ ისეთ ავტორს, რომელთა ნაშრომებმა დღევანდლამდე ვერ მოაღწია. გარდა ამისა, იოსებ ფლავიოსი არის ის პირველი, მაცხოვრის თითქმის თანამედროვე ავტორი, რომელიც გარკვეულ კონტექსტში საუბრობს იესო ქრისტეზე, იოანე ნათლისმცემელსა და უფლის ხორციელ ძმაზე, იაკობზე (XVIII წიგნი), რაც, რა თქმა უნდა, ზრდის ნაშრომის ამ ნაწილის ღირებულებას.

პუბლიკაციაში ტექსტს უძღვის მიმოხილვითი ხასიათის გამოკვლევა, რომელშიც საუბარია იოსებ ფლავიოსის თხზულების შექმნის მიზეზსა და მიზანზე, ქართული თარგმანის ტექსტის ისტორიასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ტექსტს დართული აქვს ლექსიკონი, თხზულებაში დადასტურებულ საკუთარ სახელთა საძიებელი და იოსებ ფლავიოსის ნაშრომისადმი მიძღვნილი როგორც ქართული, ასევე უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია.