ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953)

ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია (1883) და პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი (1887). მუშაობდა ბერძნული და ლათინური ენების პედაგოგად. XIX ს-ის 90-იან წლებში დაიწყო ქართულ სიძველეთა შეკრება და მათი მეცნიერული დამუშავება. დააარსა `საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება~ (1907). მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში და იყო მისი ერთ-ერთი პირველი პროფესორი. 1921-1945 წლები საფრანგეთში, ემიგრაციაში, გაატარა. მისი თავდაუზოგავი მცდელობით შენარჩუნდა და სრულად დაბრუნდა საქართველოდან გახიზნული სამუზეუმო განძეულობა. ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მუშაობას; აქვეყნებდა გამოკვლევებს საქართველოს ისტორიასა და წყაროთმცოდნეობაში. ჩაბმული იყო ფართო არქეოლოგიურ საქმიანობაში. მისი ხელმძღვანელობით მოეწყო მრავალი ექსპედიცია. დიდ ყურადღებას აქცევდა ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეკრებასა და გამოცემას.

ექვთიმე თაყაიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივის ნაწილი შემოსწირა კალისტრატე სალიამ (## 2298-2300) 1972 წლის 12 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 383); არქივის ძირითადი ნაწილი შემოვიდა 1972 წლის 12 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 384); 1981 წლის 26 მაისს (შემოსულობათა წიგნი # 557).

ექვთიმე თაყაიშვილის ფონდი 2326 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) ფოტოები;
5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი