დიმიტრი დუმბაძე (1869-1932)

მასწავლებელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია (1891). ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; იყო ქართული გიმნაზიის (ამჟამინდელი თსუ) მშენებლობის კომიტეტის საქმეთა მმართველი და შენობის ზედამხედველი. 1913-1927 “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების”, ხოლო შემდეგ “წიგნის გამომცემელ ქართველთა საზოგადოების” სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. 1918 დააარსა ჟურნალისტების საზოგადოება, ქართული ენისა და საქმის წარმოების პრაქტიკული კურსები.

დიმიტრი დუმბაძის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1960 წლის 22 ნოემბერს (შემოსულობათა წიგნი # 90).

დიმიტრი დუმბაძის ფონდი 935 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი