ალექსანდრე (1901-1981) და ივანე (1894-1979) ნიკურაძეები

ალექსანდრე ნიკურაძე: მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა მყარი სხეულების ფიზიკაში და ენერგეტიკაში. მის მიერ წარმოებულ კვლევა-ძიებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა, რომლებიც გამოყენებულ იქნა არა მარტო სპეციალურ ინდუსტრიაში, არამედ მუშაობის შედეგად აღმოჩენილი კანონები შევიდა ფიზიკის სახელმძღვანელოებში. არანაკლები ღვაწლი მიუძღვის ისტორიის დარგშიც. იყო კონტინენტალური ევროპის კვლევა-ძიების ინსტიტუტის დირექტორი, სადაც გამოსცა რიგი ნაშრომები. დიდ ადგილს უთმობდა საქართველოს ისტორიის შესწავლას.

 

ივანე ნიკურაძე: მეცნიერი ჰიდრომექანიკის დარგში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1917). სამეცნიერო მუშაობისათვის მივლინებული იყო საზღვარგარეთ (1919). 1943-1945 ბრესლაუს უნივერსიტეტისა და უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის პროფესორი. 1945 წლიდან აახენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის დამსახურებული პროფესორი. გამოიკვლია სითხის ლამინარული და ტურბულენტური დინება. რეინოლდსის რიცხვის დიდი მნიშვნელობისთვის მიიღო ჰიდროდიმიკური წინაღობის კოეფიციენტის ემპირიული ფორმულა, რომელსაც მისი სახელი უწოდეს.

 

ალექსანდრე და ივანე ნიკურაძეების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა ოჯახმა, გ. შარაძის ხელით, 1989 წლის 27 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 653).

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი