23 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი


აღმოსავლური ხელნაწერების ფონდი

აღმოსავლურ ფონდში ძირითადად თავმოყრილია სპარსული, თურქული და არაბული ხელნაწერები.

ფონდში დაცული ხელნაწერები აღინიშნება სამი ლიტერით K კოლექცია  - მოიცავს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში მცხოვრები ჯაშიდ არდაშირ აფშარ მაჯდ ოს-სალტანეს პირად კოლექციას. L იგივე, ადგილობრივი კოლექცია - მოიცავს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, დაღესტნიდან და საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის რეგიონებიდან შემოსულ ხელნაწერებს. ამავე ლიტერით აღინიშნება ის ხელნაწერები, რომელთა შეძენა ხდება კერძო პირებისაგან. L კოლექცია მზარდია. ArAC იგივე შუააზიური კოლექცია  - მოიცავს დავით ჩხენკელისა და გიორგი წერეთელის მიერ სამარყანდში, ბუხარასა და შუა აზიის სხვა კულტურულ ცენტრებში მოგზაურობის დროს შეგროვილ ხელნაწერებს, რომლებიც 1935 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს.

 

 

არაბული ხელნაწერების კოლექცია

 

არაბულენოვანი ხელნაწერების კოლექციაში თავმოყრილია ათასზე მეტი ერთეული ხელნაწერი (ლიტერები - ArK, ArL, ArAC). მათი ქრონოლოგია მოიცავს XIV-XIX საუკუნეებს. კოლექციაში წარმოდგენილი ხელნაწერები მოიცავენ ტრადიციულ სასწავლო-სქოლასტიკურ და ზოგიერთ სხვა დარგს: გრამატიკას, ლოგიკას, რიტორიკას, მისტიკას, გეომეტრიას, მედიცინასა და სხვ. მათგან, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იბნ სინას "მედიცინის კანონის" შემცველი ხელნაწერი (ArK9), რომელიც პალეოგრაფიულად XIV საუკუნით თარიღდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი ძეგლია ისმაილ ალ-ჯავჰარის განმარტებითი ლექსიკონის ორი ტომი (ArK1 და ArK2). კოლექციაში მრავლად არის წარმოდგენილი ცნობილი დაღესტნელი მწერლებისა და სწავლულების შრომათა კრებულები (ArL576, ArL460), გრამატიკის, დოგმატიკისა და ლექსიკოგრაფიის შემცველი ხელნაწერები (ArAC349, ArAC588, ArAC589) და სხვ.

 

 

თურქულენოვანი ხელნაწერების (TurL, TurK, TurAC) ფონდი

 

თურქულენოვანი ხელნაწერების ფონდში თავმოყრილია რამდენიმე ასეული თურქულენოვანი - ოსმალური, აზერბაიჯანული, თურქმენული და უზბეკური ხელნაწერი. ფონდში წარმოდგენილია უზბეკი პოეტისა და მოაზროვნის ალიშერ ნავოის (1441-1501 წწ.) თხზულებათა შემცველი ხელნაწერები, მათ შორის, 1519 წელს გადაწერილი ცნობილი მუნშაათი და 1526 წელს გადაწერილი პოემა "ფარჰადი და შირინი", აზერბაიჯანელი პოეტის ფუზულის (1494-1556 წწ.) ჰადიკად-ულაუ’ადას უძველესი, 1583, 1586 და 1596 წლებში გადაწერილი ნუსხები, ოსმალო მოხელეების მიერ 1595 წელს ჩატარებული სამხრეთ საქართველოს აღწერის დავთარი და სხვ. ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ძველი უიღურული დამწერლობით შესრულებული ერთი მონღოლური ხელნაწერი, სადაც წარმოდგენილია ბუდიზმის მიმდევარი მაღალი რანგის მონღ ოლი სასულიერო პირის გენეალოგიური ისტორია.

 

 

სპარსული ხელნაწერების (PL, PK და PAC) კოლექცია

 

 

 

სპარსული ხელნაწერების L კოლექციაში თავმოყრილია რამდენიმე ასეული ხელნაწერი. მათი ქრონილოგია მოიცავს XV - XIX საუკუნეებს.

 

კოლექციაში, ძირითადად, წარმოდგენილია საერო ლიტერატურის ძეგლები, როგორც პროზაული, ისე პოეტური ნაწარმოებები. აქვე ინახება ისტორიული, საღმრთისმეტყველო, ასტრონომიული და სამკურნალო ხასიათის ძთხზულებების შემცველი ხელნაწერებიც. კოლექციაში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აზერბაიჯანელი ჰუმანისტის ნიზამი განჯელის (1141-1203/09 წწ.) პოეტური კრებულის 1428 წელს გადაწერილი ნუსხა (PAC458), XV საუკუნეში გადაწერილი ასტრონომიული ტრაქტატი (PL612), 1698 წელს გადაწერილი "ქალაქ ჰერათის ისტორია" (PK35/69) და სხვ.

 

 

სომხური ხელნაწერების (Arm) ფონდი

 

სომხური ხელნაწერების კოლექციაში თავმოყრილია სამასამდე ხელნაწერი. ხელნაწერი ნიმუშების უმეტესობა შესრულებულია ეტრატზე, როგორც ძველი სომხური (გრაბარი), ასევე ახალი სომხური (აშხარაბარი) დამწერლობით. ხელნაწერები თარიღდება XV-XIX საუკუნეებით. ფონდში, ძირითადად, წარმოდგენილია სასულიერო ხასიათის ძეგლები: ჰაგოგრაფიული, აპოკრიფული, ასკეტიკური, ჰომილეტიკური, და დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათის თხზულებები, აგრეთვე, ისტორიული, სამედიცინო, ასტრონომიული, გრამატიკულ და სხვ. შინაარსის როგორც ნათარგმნი, ისე ორიგინალური ნაშრომები. ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია IX-X საუკუნეებში გადაწერილი გრიგოლ ნოსელის "განმარტება ქება-ქებათას" ფრაგმენტი (Arm135), 1382 წელს გადაწერილი იადგარი (Arm173), XIV საუკუნეში გადაწერილი საგალობლების კრებული (Arm216) და სხვ. არანკლებ საინტერესოა ფონდში წარმოდგენილი სომხური ორიგინალური მწერლობის ნიმუშები: X საუკუნის პოეტის გრიგოლ ნარეკელის "სიტყვები"Arm4), XI საუკუნის ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) თხზულების XVIII საუკუნის ნუსხა (Arm7), ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის (1794-1797 წწ.) მიერ თბილისის აოხრების მოკლე ისტორიის XIX საუკუნის ნუსხა (Arm98, Arm22) და სხვ.

 

 

ებრაული ხელნაწერების (Hebr) ფონდი

 

ებრაული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილია სრულად ან ფრაგმენტულად მოღწეული ხელნაწერები. ნიმუშების უმრავლესობა ნაწერია ეტრატზე. ხელნაწერები თარიღდება X-XIX საუკუნეებით.

 

ფონდში, ძირითადად, წარმოდგენილია ბიბლიური წიგნები, აგრეთვე, სხვა სახის მასალა: თორები (Hebr. 5, Hebr. 11), ესთერის წიგნის განმარტებები (Hebr. 24), ლოცვები (Hebr. 12) და სხვა. ფონდში დაცული მასალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია X-XI საუკუნეების ე. წ. ლაილაშის ბიბლია, რომელიც ძირითად ნუსხად უნდა დაედოს წმიდა წერილის ებრაული ტექსტის ახალი გამოცემას. ხელნაწერი ნიმუშების გარდა, კოლექციაში წარმოდგენილია XVI საუკუნის ეტრატზე ნაბეჭდი წიგნებიც: ფსალმუნი კომენტარებით (Hebr. 4) და ორი ბიბლია (Hebr. 18 და 19).

 

 

სირიული ხელნაწერების (Syr) ფონდი

 

სირიულ ფონდში თავმოყრილია საკმაოდ გვიანდელ პერიოდის ხელნაწერები. ერთეულები XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება. ფონდში დაცულ ერთ-ერთ ხელნაწერში (Syr 1) წარმოდგენილია სირიული შრიფტით გადმოცემული არაბული ლიტურგიკული ხასიათის ტექსტები. დანარჩენი ორი ხელნაწერი (Syr 2 და Syr 3) შეიცავს ლოცვებს. ამ უკანასკნელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია XVIII-XIX საუკუნეების მხატვრულად გაფორმებული ხელნაწერი (Syr 2), რომელიც შემკულია მახარებლებისა და სხვა წმიდანების მინიატურებით.

 

 

ეთიოპური ხელნაწერების (Eth) ფონდი

 

ეთიოპური ხელნაწერების ფონდში წარმოდგენილია ერთადერთი ხელნაწერი. იგი თარიღდება X საუკუნით. ხელნაწერი შესრულებულია ეტრატზე და შეიცავს ფსალმუნთა ტექსტს.

 

 

 

 

 

 

 

 

 


IV საერთაშორისო კონფერენცია - კულტურათაშორისი დიალოგი, იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება
International conference - Art and Cross-Cultural Dialogue: Identity and Cultural Diversity
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”