25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


ქართული ხელნაწერების ფონდი


ქართული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილია ათასობით ხელნაწერი. მათ შორის არის რამდენიმე ათასი პალიმფსესტური ფურცელიც. ხელნაწერები თარიღდება V-XIX საუკუნეებით.

ფონდში წარმოდგენილია საეკლესიო მწერლობის როგორც ორიგინალური, ასევე ნათარგმნი ძეგლები.

ორიგინალური ნიმუშებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შედარებით უფრო გვიანდელი ხელნაწერებით მოღწეული უძველესი ქართული მარტიროლოგიური თხზულებები: "შუშანიკის წამება", "ევსტათე მცხეთელის წამება", "აბო თბილელის წამება" და სხვ.

ნათარგმნი ძეგლებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დიდი ბიზანტიელი ღმრთისმეტყველების: გრიგოლ ნაზიანზელის, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, იოანე სინელის, გრიგოლ ნოსელის, მაქსიმე აღმსარებელის და სხვათა თხზულებების თარგმანები, შესრულებული ცნობილი ქართველი მწიგნობრების: ექვთიმე მთაწმიდლის, გიორგი მთაწმიდლის, ეფრემ მცირის, არსენი იყალთოელისა და სხვათა მიერ.

ფონდში საეკლესიო მწერლობის ძეგლების გარდა, დაცულია საერო ლიტერატურის უძვირფასესი ნიმუშები, მათ შორის, სახელოვანი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ნუსხები.

ფონდში ინახება ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის თხზულებათა შემცველი ხელნაწერებიც.

ქართული ხელნაწერების ფონდი დაყოფილია ოთხ - A,  H,  Q და S ფონდად.

 

 

ქართული ხელნაწერების A ფონდი

 

A ფონდი  -  ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა კოლექცია. საეკლესიო მუზეუმი დაარსდა 1889 წელს, ქალაქ თბილისში, ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფოსის დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი ივსებოდა შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე. 

 

A ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: ზატიკი, სვანური მრავალთავი, ალავერდის ოთხთავი,  გელათის ოთხთავი, ვანის ოთხთავი, ექვთიმე მთაწმინდელის სვინაქსარი, ასტრონომიული ტრაქტატი, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულება.

 

 

ქართული ხელნაწერების H ფონდი

 

H ფონდი  - ყოფილი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ქართულ ხელნაწერთა კოლექცია. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება დაარსდა 1907 წელს, ქალაქ თბილისში, ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და სიძველეთმცოდნის, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით. საზოგადოების ხელნაწერთა ფონდი ივსებოდა შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე. 

 

H ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: დავითნი, ჯრუჭის I ოთხთავი, ბიჭვინთის ოთხთავი, შიომღვიმის ოთხთავი, თავაქარშვილისეული "ვეფხისტყაოსანი".

 

 

ქართული ხელნაწერების Q ფონდი

 

 

 

Q ფონდი -  ახალი კოლექცია ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ერთადერთი მზარდი ფონდი. ფონდი შეიქმნა 1919 წელს, ქალაქ თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფარგლებში. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი ივსებოდა შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე, აგრეთვე, ცნობილი ქართველი მეცნიერების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გამოვლენილი ხელნაწერების ნაციონალიზაციის გზით. 

 

H ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: მოქვის სახარება, ტბეთის ოთხთავი, წყაროსთავისა და ბერთის სახარებები.

 

 

ქართული ხელნაწერების S ფონდი

 

S ფონდი  -  ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქართულ ხელნაწერთა კოლექცია. 
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაარსდა 1879 წელს, ქალაქ თბილისში, სახელოვანი ქართველი საზოგადო მოღვაწეების: ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა ინიციატივით. 1888 წლიდან საზოგადოებამ ქართველი პუბლიცისტის იონა მეონარგიას წინადადებით დაიწყო ხელნაწერების მოძიება და შეგროვება. თავდაპირველად ხელნაწერთა ფონდი ივსებოდა კერძო შემოწირულობათა ხარჯზე, მოგვიანებით კი დაიწყო ხელნაწერების შეძენაც. 

 

S ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია:"ვისრამიანი".

 

 

 

 

 

 

 


ლექცია სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage