25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


ზამთრის სკოლა



სეზონური ზამთრის სკოლა „ქართული ხელნაწერი“

 

სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ატარებს ქართველოლოგიის სეზონურ (ზამთრის) სკოლას „ქართული ხელნაწერი“ 2015 წლის 11-19 დეკემბერს. სკოლის მიზანია საქართველოს რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული მიმართულების წარმომადგენლების - სტუდენტების (მაგისტრანტები, დოქტორანტები) და ახალგაზრდა მეცნიერების (მაგისტრები და დოქტორები) - სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წახალისება მეცნიერებათა იმ დარგებში, რომელიც შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს.
სეზონური ზამთრის სკოლა „ქართული ხელნაწერი“ ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

აკადემიური პროგრამა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2015 წლის ქართველოლოგიის სეზონური სკოლის „ქართული ხელნაწერი“ აკადემიური პროგრამა მოიცავს ექვს სასწავლო მოდულს:
1. ქართული ხელნაწერი
2. ქართული დამწერლობა
3. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
4. ქართული ისტორიული დოკუმენტები
5. ქართული ნაბეჭდი წიგნი
6 ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები

მოდულების ფარგლებში განხორციელდება 19 ლექცია, მათ შორის ორი გასვლითი, გამოფენა, ორი ვორქშოპი, სამი ინტერაქტიული პროგრამა, ორი დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის უნიკალური კოლექციების დათვალიერება.

 

მოდული 1. ქართული ხელნაწერი.

პირველი მოდულის სასწავლო კურსები ითვალისწინებს შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდებას სააქართველოს ისტორიაზე (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ძველ ქართულ სამწიგნობრო ცენტრებზე, წარმოდგენის შექმნას ქართული ხელნაწერის საწერი მასალისა და საშუალებების, მინიატიურისა და დეკორის, ხელნაწერი წიგნის ყდის, ყდების შემამკობელი ძვირფასი ქვების შესახებ. კურსი ასევე მოიცავს შემდეგ საკითხებს: ძველი ქართული სასულიერო და საერო მწერლობის ისტორიის მიმოხილვა, ქართული ხელნაწერი კოლექციები მსოფლიოში.
მოცემული მოდულის ფარგლებში აღსანიშნავია ლექცია სპეკალებისა და მათი იმიტაციების შესახებ ქართული ხელნაწერების ჭედურ ყდებზე, რომელიც ხაზს უსვამს ქართული ხელნაწერების ინტერდისიპლინური - ფილოლოგიური, ხელოვნებათმცოდნეობითი, მინერალოგიურ- გემოლოგიური - კვლევების აქტუალობას და პერსპექტიულობას.
მოდულის ფარგლებში მსმენელებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერი წიგნების კოლექციები. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია V-XIX საუკუნეების 10 000-მდე ქართული ხელნაწერი წიგნი, მათ შორის 4570 პალიმფსესტური ფურცელი და 4 000-მდე უცხოური (არაბული, სპარსული, თურქული, მონღოლური, ეთიოპიური, სომხური, ბერძნული, ფრანგული, გერმანული, ებრაული და სხვ.) ხელნაწერი.

 

მოდული 2. ქართული დამწერლობა.

ეს მოდული ითვალისწინებს მსჯელობას შემდეგ საკითხებზე: ქართული დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების ეტაპები, დამწერლობის ტიპები (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული); ქართული ეპიგრაფიკა, წელთააღრიცხვის სისტემები ძველ საქართველოში.

 

მოდული 3. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

მოდული ითვალისწინებს სეზონური სკოლის ორგანიზატორის - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის - გაცნობას. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოდგენილი იქნება, როგორც უნიკალური ინსტიტუცია, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს ქართული დამწერლობის ძველი ნიმუშების უდიდეს საცავს, ძველი და ახალი ნაბეჭდი წიგნების ბიბლიოთეკას და ხელნაწერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კვლევით ცენტრს საქართველოში. მსმენელები გაეცნობიან ქართულ და უცხოენოვან ხელნაწერ კოლექციებს, საარქივო ფონდებს.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დიგიტალიზაციის თანამედროვე ლაბორატორია, სადაც ხორციელდება ხელნაწერების, მინიატიურების, საარქივო მასალის, ისტორიული დოკუმენტების ციფრული ასლების გადაღება, კომპიუტერულ ფორმატში გადაყვანა, მათი დაცვის, ფიქსაციისა და სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანის მიზნით, ასევე, გაეცნონ რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის საქმიანობას.
მოდულის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი ვორქშოფი, რომელიც სწორედ რესტავრაციის ლაბორატორიის ბაზაზე განხორციელდება: დესტრუქტურებული ფურცლის რესტავრაცია და შუა საუკუნეების ქაღალდის შექმნა. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკულად ჩაერთონ რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესში - დაზიანებული ფურცლის აღდგენის სიმულაციაში, ასევე, პრაქტიკულად გაეცნონ ქაღალდის შექმნის ძველ ტექნოლოგიებს.
მოდული ითვალისწინებს ინტერაქტიულ პროგრამას: როგორ ვიცავთ ხელნაწერ კულტურულ მემკვიდრეობას? აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია ისტორიის მასწავლებელთა ევროპული ასოციაციის „ევროკლიო“ პროექტის „გაზიარებული ისტორია, კულტურათაშორისი დიალოგი“ ფარგლებში

 

მოდული 4. ქართული ისტორიული დოკუმენტები.

კურსი აანალიზებს სივრცისა და დროის აღქმას შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიული დოკუმენტების ტიპებსა და აგებულებას, შემადგენელ სტრუქტურულ ელემენტებს. ყურადღება გამახვილდება ისტორიული დოკუმენტების კალიგრაფიულ და მხატვრულ თავისებურებებზე.
მოდულის ფარგლებში მსმენელებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიული დოკუმენტების კოლექციები.
მოდული ითვალისწინებს ინტერაქტიულ პროგრამას: ისტორიული დოკუმენტების ტიპები და აგებულება. აღნიშნულ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს მონაწილეთა ჯგუფურ მუშაობას საგანგებოდ შემუშავებული სამუშაო ფურცლების საფუძველზე, მაგალითები (ასლების სახით) აღებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიული დოკუმენტების მდიდარი კოლექციებიდან, რომელიც ითვლის X-XIX სს. 40 000 ქართულ და 5 000 უცხოენოვან დოკუმენტს.

 

მოდული 5. ქართული ნაბეჭდი წიგნი.

კურსი მოიცავს ინფორმაციას, როგორც ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნის, ისე ახალი ქართული ნაბეჭდი წიგნის შესახებ. მსმენელები მიიღებენ ცოდნას ქართული შრიფტის შექმნასა და განვითარებაზე, შეექმნებათ წარმოდგენა თანამედროვე ქართულ შრიფტზე და მის გამოყენებაზე კომპიუტერულ სისტემებში.
მოდულის ფარგლებში მსმენელებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათ გამოცემათა კოლექციები.

 

მოდული 6. ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები

მოდული საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი მეცნიერები. კურსში გაკეთებულია აქცენტი საარქივო მასალაზე, როგორც საქართველოს მულტიკულტურული ისტორიული გარემოს ამსახველ წყაროზე.

აღნიშნული მოდულის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო ფონდები, სადაც დაცულია ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მწერლების, პოეტების, მხატვრების, პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეების, ქართველი ემიგრანტების, სასულიერო პირების, აგრეთვე, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო და სინოდის კანცელარიის არქივები.

ინტერაქტიულ პროგრამაში „რას გვიყვება პირადი არქივი პიროვნებისა და ეპოქის შესახებ?“ ყურადღება გამახვილებულია საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის ისეთ ასპექტებზე, როგორიც არის პირადი წერილების, მემუარების, დოკუმენტების ემოციური გავლენა, დოკუმენტური წყაროების მნიშვნელობა პერსონიფიცირებასა და იმის ილუსტრირებაში თუ რა გავლენას ახდენს ესა თუ ის მოვლენა, თარიღი, პიროვნება ადამიანების ბედზე.

 

ლექციების ანოტაციები

 


ლექცია სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage