ბერძნული ხელნაწერების (Gr) ფონდი

ბერძნული ხელნაწერების კოლექციაში თავმოყრილია 51 ხელნაწერი. ხელნაწერი ნიმუშები დაწერილია ეტრატსა და ქაღალდზე, როგორც ძველ, ისე ახალ ბერძნულ ენებზე. ხელნაწერები თარიღდება IX-XVIII საუკუნეებით.

ფონდში, ძირითადად, წარმოდგენილია სასულიერო მწერლობის ძეგლები: საღვთისმეტყველო თხზულებები, ფსალმუნები, საგალობლები, სჯულის კანონები და სხვ., აგრეთვე, სამკურნალო ხასიათის წიგნები. ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია IX საუკუნეში გადაწერილი ე. წ. კორიდეთის სახარება, რომლის აშიებზე მინაწერების სახით შესრულებული იურიდიული აქტები უძვირფასეს წერილობით წყაროს წარმოადგენს სამხრეთ საქართველოს ისტორიისათვის. არანაკლებ საინტერესოა XI საუკუნეში გადაწერილი ბასილი დიდის თხზულებათა კრებული, რომელიც ულამაზესი საზედაო ასოებითა და თავსამკაულებით არის მორთული და სხვ.