ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში. იგი 1958 წლის 30 ივნისს პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავსა თუ კერძო კოლექციაში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური: მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ნივთები და სხვ.

აქ დაცული უნიკალური კოლექცია მრავალ დარგსა და სფეროს მოიცავს: ისტორია, გეოგრაფია, მოგზაურობა, სამართალი, ლექსიკონები, სამკურნალო წიგნები, მხატვრული ლიტერატურა, ბიბლიური ტექსტები, აგიოგრაფია, საეკლესიო სამართალი, ფილოსოფია, ასტროლოგია, მათემატიკა, სამხედრო და სხვა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილია:

V-XIX საუკუნეების 10.000-მდე ქართული (მათ შორის 4.000-მდე უმნიშვნელოვანესი პალიმფსესტური ფურცელიც)

და 4.000-მდე უცხოური (არაბული, სპარსული, თუქული, რუსული, სომხური, ბერძნული, ფრანგული, გერმანული, ლათინური, ებრაული, პოლონური, ინგლისური, ჩეხური, სირიული, ეთიოპიური, მონღოლური და სხვ.) ხელნაწერი;

X-XIX საუკუნეების 40.000-მდე ქართული და 5.000-მდე უცხოენოვანიისტორიული დოკუმენტი, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სპარსული და თურქული დოკუმენტები, მათ შორის კი შაჰის ფირმანები, ოქმები…

ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვათა არქივები. აქვეა დაცული გრიგოლ წერეთლის სრულიად უნიკალური პაპირუსთა კოლექციაც.

საქართველოსა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ქართულ და უცხოენოვან ხელნაწერთა და ისტორიულ დოკუმენტთა ფოტოასლები და მიკროფირები. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ათონის ივირონის მონასტრის, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრისა და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ქართულ ხელნაწერთა ფოტოპირები.

ცენტრს მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა გააჩნია, სადაც რარიტეტული და უახლესი ქართული და უცხოური გამოცემების გვერდით ინახება ძველნაბეჭდი წიგნების ძვირფასი კოლექცია, მათ შორის პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629) და ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი სახარება (1709), დავითნი (1711), შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” პირველი გამოცემა (1712) და სხვ. ბიბლიოთეკის ძირითად ფონდებში დაცულია ჰუმანიტარული მიმართულების 60.000-მდე ქართული თუ უცხოენოვანი წიგნი.

ცენტრში ფუნქციონირებს კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, ილია აბულაძის, ნიკო ბერძენიშვილის, ელენე მეტრეველის, შალვა ამირანაშვილის მემორიალური კაბინეტები. აქვეა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების, ჟურნალ “ბედი ქართლისას” დამაარსებლების კალისტრატე და ნინო სალიების სახელობის კაბინეტი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიმართულებას სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა წარმოადგენს. ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საქართველოსა და უცხოეთის საცავებში დაცული ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და პირადი არქივების აღწერა, სისტემატიზაცია, შესწავლა, პუბლიკაცია და მონაცემთა ბაზების შექმნა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან.

ცენტრში ფუნქციონირებს რესტავრაცია-კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიები.

ამჟამად კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორია ისტორიის დოქტორი, პროფესორი ზაალ აბაშიძე.

ისტორია

ისტორია

 

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ძველი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში.

ხელნაწერთა ინსტიტუტი შეიქმნა 1958 წლის 30 ივნისს.

ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ილია აბულაძე (1958-1968).

1962 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტს მიენიჭა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელი.

1968-1989 წლებში ინსტიტუტის დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელენე მეტრეველი, 1989-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ზაზა ალექსიძე, ხოლო 2006-2015 წლებში ხელნაწერთა ინსტიტუტის (შემდეგში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის) დირექტორი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბუბა კუდავა.

2006 წელს გაუქმდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის  სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი. მის ნაცვლად კი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილებით,  ხელნაწერთა ინსტიტუტს ეწოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხოლო 2015 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

ამჟამად კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორია ისტორიის დოქტორი, პროფესორი ზაალ აბაშიძე.