მუდმივმოქმედი გამოფენა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოქმედებს ოთხი მუდმივმოქმედი საგანმანათლებლო პროგრამა:

გამოფენა “ქართული ხელნაწერი წიგნი”

პროგრამა “ხელნაწერი წიგნის შექმნა”

პროგრამა “წიგნთან მოპყრობის მარტივი წესები”

პროგრამა “ჩემი შექმნილი წიგნი”

გამოფენა „ქართული ხელნაწერი წიგნი“ -მუდმივმოქმედი გამოფენა „ქართული ხელნაწერი წიგნი“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი ექსპოზიციაა. გამოფენაზე მოსულ ვიზიტორს შესაძლებლობა ეძლევა მულაჟების მეშვეობით იმოგზაუროს ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის სამყაროში: VII საუკუნიდან XVIII საუკუნის ჩათვლით. ექსპოზიცია იწყება ჩვენამდე სრული სახით მოღწეული პირველი ქართული ხელნაწერი წიგნით (VII ს.), მასზე წარმოდგენილია განსხვავებული თემატიკის ხელნაწერები: ბიბლიური წიგნები, საერო ლიტერატურა, ასტროლოგია, ფილოსოფია. საინტერესოა ხელნაწერთა შექმნისა და დაცულობის გეოგრაფიული არეალიც: პალესტინა, სინის მთა, ტაო-კლარჯეთი, კონსტანტინოპოლის რომანას მონასტერი და, განსაკუთრებით საყურადღებო – აფხაზეთი და შიდა ქართლი. გამოფენის გამორჩეული ექსპონატებია: მეფე თამარის მიერ საგანგებოდ დაკვეთილი სახარება, აფხაზეთში, მოქვის მონასტერში გადაწერილი და ოქროთი შემკული მოქვის ოთხთავი და მეფეების – სოლომონ I-ისა და გიორგი XI-ის დაკვეთით გადაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ ნუსხები.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი 36 ექსპონატიდან 10 მათგანი ორიგინალია და დამთვალიერებელს ეძლევა უნიკალური შანსი იხილოს საუკუნეების წინ შექმნილი ხელნაწერი მემკვიდრეობის გამორჩეული ნიმუშები.

სამიზნე აუდიტორია:

ნესბისმიერი მსურველი

ხელნაწერი წიგნის შექმნა – ვიზიტორები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ეცნობიან გამორჩეულ ქართულ ხელნაწერებს: თამარ მეფის კუთვნილი წიგნი, „ვეფხისტყაოსანი“, ოქროთი გაფორმებული ხელნაწერები და სხვ. შემდეგ კი ნახავენ ანიმაციას „ხელნაწერი წიგნის შექმნა“. ანიმაცია თვალსაჩინოს ხდის ამ ასაკის დამთვალიერებლისთვის მათთვის გაუგებარ პროცესს, როგორ იქმნებოდა წიგნი წარსულში.

პროექტის სამიზნე აუდიტორია

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვები (5-6 წლიანთა კატეგორია);
  • სკოლის დაწყებითი საფეხური.

წიგნთან მოპყრობის მარტივი წესები – ამ სახელწოდების ანიმაციური თამაში შექმნილია იუნესკოს მიერ წიგნებთან და ხელნაწერებთან მოპყრობის წესების საფუძველზე. კომპიუტერული პროგრამა აგებულია რამდენიმე შესაძლო ილუსტრაციიდან კითხვაზე სწორი პასუხის არჩევის პრინციპით. გასდევს მუსიკალური და ხმოვანი ფონი.

პროექტის სამიზნე აუდიტორია

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვები (5-6 წლიანთა კატეგორია);
  • სკოლის დაწყებითი საფეხური.

ჩემი შექმნილი წიგნი – პრაქტიკული ჩართვა, როდესაც პატარები შეძლებენ თვითონ შექმნან მათთვის ნაცნობი ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“: გააფერადონ, დაალაგონ სიუჟეტი (სკოლის დაწყებითი საფეხურის შესაბამის კლასებში – დაასათაურონ სიუჟეტები) და აკინძონ. ბოლოს დააწერონ ამ წიგნის „ავტორი“, ანუ საკუთარი სახელი და გვარი და წაიღონ სახლში მათი შექმნილი პირველი „წიგნი“.

პროექტის სამიზნე აუდიტორია

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვები (5-6 წლიანთა კატეგორია);
  • სკოლის დაწყებითი საფეხური.

სამუშაო დღეები:

ორშაბათი – 11:00 -17:00

სამშაბათი  – 11:00 -17:00

ოთხშაბათი  – 11:00 -17:00

ხუთშაბათი  – 11:00 -17:00

პარასკევი  – 11:00 -17:00

გამოფენის სანახავად საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია, მიჰყევით მითითებულ ბმულს ან დარეკეთ ნომერზე:

032 2 47 42 42