ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭოს დელეგაციის ვიზიტი

2019 წლის 4-8 აგვისტოს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭოს დელეგაცია მისი თავმჯდომარის, პროფესორ არვინდ პ.ჯამქედჰარის მეთაურობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პროფესორი კუმარ რატნამი (სწავლული მდივანი), დოქტორი რაჯეშ კუმარი (დირექტორი გამომცემლობის და ბიბლიოთეკის დარგში), დოქტორი ომ ჯიი უპადჰიაი (დოქტორი კვლევების დარგში) და დოქტორი ნუპურ სინგჰი (თავმჯდომარის თანაშემწე).

დელეგაცია ეწვია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და შეხვდა ცენტრის დირექტორს ზაზა აბაშიძეს. საუბრისას შეეხნენ ხელნაწერთა კვლევის და ისტორიის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. უფრო ადრე ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე მიმართულებით ერთობლივი კონფერენციის და სემინარების ჩატარება, მეცნიერთა ურთიერთგაცვლა. საქართველოში ვიზიტამდე ინდოეთის ისტორიულ კვლევათა საბჭომ, რომელიც ინდოეთში მთავარი ორგანიზაციაა ისტორიული, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური კვლევების სფეროში, გამოითხოვა მასალები ინდოეთის არქივებიდან და გაირკვა, რომ წინასწარი მონაცემებით ინდოეთის ეროვნულ არქივში დაცულია საინტერესო დოკუმენტები XX საუკუნის დასაწყისის და პირველი რესპუბლიკის დროინდელ საქართველოზე.

დელეგაციის მეთაურმა, პროფესორმა ჯამქედჰარმა აღუთქვა ბატონ ზ. აბაშიძეს, რომ ქართული ან საქართველოზე არსებული მასალის მოძიება ინდოეთის არქივებში გაგრძელდება და ინფორმაცია შედეგებზე გამოიგზავნება ხელნაწერთა ცენტრში. საქართველოში ყოფნისას ინდოელი სტუმრები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სადაც შეხვედრა ჰქონდათ მუზეუმის დირექტორ, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძესთან და მუზეუმის დირექციის წარმომადგენლებთან. იმავე დღეს (5 აგვისტოს) დელეგაცია ეწვია დმანისის არქეოლოგიურ ექსპედიციას.

6 აგვისტოს ინდოელმა სტუმრებმა დაათვალიერეს მცხეთა და ეწვივნენ არქეოლოგიურ ექსპედიციას გრაკლიანში, სადაც იქაურ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე მათ ესაუბრა ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. 7 აგვისტოს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვიზიტის შემდეგ დელეგაციის წევრები შეხვდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორს ზვიად გაბისონიას და მის მოადგილეს ჯაბა სამუშიას. სტუმრებს მუდმივად თან ახლდნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები – ვ. კვანტალიანი და თ. ჟღენტი. ეს მეტად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი ვიზიტი განხორციელდა ინდოეთში საქართველოს საელჩოს და პირადად ელჩ არჩილ ძულიაშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით.