საერთაშორისო საზაფხულო სკოლის გახსნა

10 ივლისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სამეცნიერო ფორუმი – ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი “, რომელიც ხორციელდება ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
ფორუმის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის მნიშვნელობის აქცენტირება, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ.
ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლა გათვალისწინებულია ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებული უცხოელი და ქართველი მკვლევარებისთვის.
აღნიშნული ფორუმი 20 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.