სერგი ჯიქია – 120

დღეს, 24 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიკოს სერგი ჯიქიას დაბედებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გაიხსნა გამოფენა. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, სერგი ჯიქიას მოწაფე ცისანა აბულაძე, რომელმაც ისაუბრა სერგი ჯიქიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. კონფერენციის გახსნაზე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა, უნივერსიტეტის პროფესორმა თამაზ გამყრელიძემ. გამოფენა მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის დროებითი გამოფენების მენეჯერის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მანანა ლილუაშვილისა და გამოფენების მენეჯერის ნინო ილურიძის მიერ. გამოფენაზე წარმოდგენილია სერგი ჯიქიას მემორიალური ნივთები, ექსპონატები, რარიტეტული და ფოტოდოკუმენტური მასალა, რომლებიც დაცულია: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივში, აღმოსავლეთმცოდენობის ინსტიტუტში, თსუ-ის მუზეუმის ფონდებსა და სერგი ჯიქიას შთამომავალთა ოჯახებში. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოფენაზე წარმოადგინა ორი თურქული ფირმანი და ერთი წერილი სერგი ჯიქიასადმი მიწერილი ელენე მეტრეველის მიერ. გამოფენა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.