საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი

2018 წლის 11 დეკემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკის პროგრამით გათვალისწინებული მორიგი ლექცია საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის. ცენტრის არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, დოქტ. აპოლონ თაბუაშვილმა სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე „ქართველ მეფეთა მიერ გაცემული დოკუმენტები როგორც ისტორიული წყარო“. მოხსენება ეხებოდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ურთიერთობას, კრწანისის ბრძოლას და სხვ. ლექტორმა სტუდენტებს გააცნო რამდენიმე, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ისტორიული დოკუმენტი, დაკავშირებული ზემოხსენებულ თემატიკასთან, რამაც სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. სასწავლო პრაქტიკა ხორციელდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.